სანდრო ბრეგაძე – “ივანიშვილს მოსთხოვეს, ხელისუფლება ბოკერიას გუნდს გადააბაროს – გიგი წერეთელი პრემიერის პოსტზე განიხილება”

სანდრო ბრეგაძე - "ივანიშვილს მოსთხოვეს, ხელისუფლება ბოკერიას გუნდს გადააბაროს - გიგი წერეთელი პრემიერის პოსტზე განიხილება"რაზე გაურიგდა ივანიშვილი ბოკერიას? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება.
სანდრო ბრეგაძე:

– გიგა ბოკერია თავიდან ბოლომდე არის ხელისუფლების მიერ მართული. ბოკერია ბევრად უფრო ახლობელია ბიძინა ივანიშვილისთვის, ვიდრე ნებისმიერი რომელიმე სხვა პოლიტიკური მოღვაწე.
ივანიშვილი სწორედ გიგა ბოკერიასთან ერთად გაითამაშებს იმ სცენარს, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში უნდა მოიყვანოს კოალიციური მთავრობა.
სცენარის მიხედვით, ამ მთავრობაში პირველი პირი იქნება ბოკერიას ფრთის წარმომადგენელი. მაღალ თანამდებობებს მიიღებენ “ოცნების” წევრებიც.
ეს ძალიან მზაკვრული გეგმაა. ამ მზაკვრობის შესახებ პირველად რამდენიმე თვის წინ განვაცხადე. მაშინ საქართველოში ჩამოსული იყო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი. მან ივანიშვილს პირდაპირ დაუდო სქემა, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების გადაბარება.
– ამის შესახებ თქვენ “ახალ თაობასთან” ინტერვიუშიც ისაუბრეთ. მაშინ ამ ინტერვიუს დიდი ამბები მოჰყვა. “ოცნების” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები ამ ინფორმაციას სისულელეს უწოდებდნენ.
– სხვანაირი რეაქცია მათგან მოსალოდნელი არც იყო. პირდაპირ ხომ არ იტყოდნენ, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაიწყო. ამის გაჟღერება მათ ინტერესებში არ შედის.
– იმავე ინტერვიუში განაცხადეთ, რომ აშშ ქართულ პოლიტიკაში ირაკლი ალასანიას დაბრუნებას გეგმავს. ალასანია საქართველოში დაბრუნდა. არჩევნებზე გამოჩნდა, სადაც თავის ყოფილ თანაპარტიელს, შალვა შავგულიძეს მისცა ხმა.
– ჩათვალეთ, რომ მან პოლიტიკაში დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯები გადადგა. განცხადებებს ჰაერზე არასდროს ვაკეთებ, არც ნოსტრადამუსი ვარ, რომ რამე ხილვა მქონდეს. როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მყავს სერიოზული ნაცნობების წრე და მათგან ვიგებ ინფორმაციებს.
დიახ, მე მაქვს უნიკალური ინფორმაციები, რომლებზეც წვდომა საქართველოში ბევრს უბრალოდ ვერ ექნება.
სწორედ მათგან ვიცი, რომ ირაკლი ალასანია განიხილება იმ კოალიციის ერთ-ერთ ლიდერად, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ უნდა შეიქმნას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის შეიძლება ქვეყნის პირველი პირი – პრემიერიც კი გახდეს.
მომავალი კოალიცია პრემიერის პოსტზე, ალასანიას გარდა, გიგი წერეთლის კანდიდატურასაც განიხილავს. ორივე მათგანს დასავლეთი კარგად იცნობს. გიგი წერეთელი არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. ალასანია კი გაეროში საქართველოს ელჩი და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო.
– რა ნიშნით მოხდა ამ ადამიანების შერჩევა პრემიერის პოსტზე?
– პირველ რიგში იმით, რომ მათ დასავლეთში იცნობენ. არც ერთს და არც მეორეს სისხლში ხელი გასვრილი არა აქვთ. რაც შეეხება გიგა ბოკერიას, ის ნამდვილი საფრთხობელაა. მის მიმართ ხალხს იმდენად დიდი სიძულვილი აქვს, რომ ორ ხმასაც კი ვერ აიღებს არჩევნებზე.
– ბოკერიას ჩამოაშორებენ “ევროპულ საქართველოს”?
– არა. ის გადაინაცვლებს ჩრდილში, მაგრამ იმ კოალიციის მოტორი იქნება. მას შემდეგ, რაც ამ გუნდისთვის ხელისუფლების გადაბარება მოხდება, ბოკერია ღიად გამოვა ასპარეზზე და სერიოზულ თანამდებობასაც დაიკავებს.
– “ოცნება” ამ ყველაფერს ასე მარტივად დათანხმდა? ცოტა არ იყოს, ძნელი დასაჯერებელია.
– მმართველი პარტიის ლიდერებს ღიად და გასაგებად უთხრეს – თუ გინდათ მშვიდობიანად წახვიდეთ, თუ გინდათ ციხეში არ მოხვდეთ და მოპარული ფულები შეინარჩუნოთ, მაშინ ამ კოალიციას უნდა გადააბაროთ ძალაუფლება.
– რა მოხდება, თუ გადაბარებას არ დათანხმდებიან?
– მაშინ იქნება რევოლუცია. ამასთან დაკავშირებით ივანიშვილი უკვე გააფრთხილეს.
“ოცნებას” რევოლუცია და ციხეში წასვლა არ უნდა. ამიტომ ისინი გადაბარებას დათანხმდნენ. ამაზე მთაწმინდის ოლქში ჩატარებული არჩევნებიც კარგად მეტყველებს. აქ “ოცნებამ” “ევროპულ საქართველოს” არჩევნები ფაქტიურად აჩუქა.
19 მაისს საქართველოში შუალედური არჩევნები არ ჩატარებულა. ეს იყო მასობრივი გაყალბება. სახელები და გვარები ვიცი იმ ადამიანების, ვინც ეს არჩევნები გააყალბა.
ეს გამყალბებლები ჯერ კიდევ შევადნაძის დროიდან მოდიან. ისინი გაყალბების საოცარ ტექნოლოგიებს ფლობენ. თავის საქმეში ისინი ნამდვილი აკადემიკოსები არიან. ასეთი მასშტაბური გაყალბებისთვის სახელისუფლებო რესურსია საჭირო. 19 მაისს ადმინისტრაციული რესურსის სრული მობილიზაცია მოხდა და არჩევნებიც გაყალბდა.
შედეგად ჩვენ მივიღეთ კმაყოფილი “ქართული ოცნება”, რომელიც რჩება ხელისუფლებაში. მივიღეთ ასევე კმაყოფილი ნაციონალური მოძრაობა.
– ეგენი რატომღა დარჩნენ კმაყოფილები?
– მათ კიდევ ერთხელ გაიმყარეს პოზიციები – ისინი დარჩნენ მთავარ ოპოზიციურ ძალად. ასევე კმაყოფილები არიან გიგა ბოკერია და მისი “ევროპული საქართველო”. მათ აჩვენეს, რომ პოლიტიკურ სივრცეში მესამე ადგილზე არიან.
ამათ ფონზე ვნახეთ პირში ჩალაგამოვლებული ამომრჩეველი და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ისე გაკრიფა, როგორც 2012 წელს.
სანამ ნაციონალური მოძრაობა მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება, მანამ “ქართულ ოცნებას” საფრთხე არ ემუქრება. ეს უნდა იცოდეს ყველამ – ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებები ერთმანეთს ასაზრდოებენ.
“ოცნებას” საფრთხე არ ემუქრება, სანამ “ევროპული საქართველო” იქნება, უბრალოდ, ბოკერიას გუნდი ივანიშვილის გუნდს კულტურულად და წყნარად ჩაანაცვლებს.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნება კოალიცია, სადაც ერთად იქნებიან გოგორიშვილი, ბოკერია, თალაკვაძე, მდინარაძე, კობახიძე. ისინი ერთი გუნდი და ერთ ფესვზე აღმოცენებული ყლორტები არიან.
მე არც იმ სპექტაკლის მჯერა, რასაც ნაციონალები დგამენ. სანდრა რულოვსი არ არის ჟანა დარკი და ის ვერანაირ რევოლუციას ვერ მოაწყობს. ეს არის სპექტაკლი, რომელსაც ჰყავს სცენარისტი.
– ვინ არის სცენარის ავტორი?
– სცენარის ავტორი ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ბნელ და დიდ კაბინეტში ზის, საიდანაც ნაცებს და ქოცებს მარიონეტებივით მართავს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა