საფრანგეთის შს მინისტრი – თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან ერთგვარი ანომალიაა

საქართველოში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა უკანონო მიგრაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნებმა ერთად უნდა იბრძოლონ ამ პრობლემის წინააღმდეგ. კასტანერის თქმით, საქართველოში არ არის ომი და მიიჩნევა მშვიდობიან ქვეყანად, შესაბამისად “არ არის ნორმალური” ერთ-ერთი პირველი იყოს თავშესაფრის მოთხოვნის თვალსაზრისით.

“საქართველო არის დინამიური ქვეყანა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ერთგვარი ანომალიაა და ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა ამ მიმართულებით. საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია რეალურად მიიღოს ყველა ვისაც სჭირდება დაცვა”, — განაცხადა კასტანერმა.

მისი თქმით, ზოგიერთი მიგრანტი საფრანგეთში სამკურნალოდ ჩადის მიუხედავად იმისა, რომ იმავე მკურნალობის მიღება საქართველოშიც შეუძლია. მისივე თქმით, ამიერიდან საფრანგეთი მხოლოდ იმათ მიიღებს, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება. კასტანერმა აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად რეგულარულად მუშაობენ უკანონო მიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაზე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი