სოხუმი – “ასლან ბჟანია მოწამლეს”

სოხუმი - "ასლან ბჟანია მოწამლეს"“ახალი თაობა” წერდა ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, დეპუტატ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის საეჭვოდ გართულებაზე. ბჟანია უცნაურად და მოულოდნელად დაუძლურდა. ცოტა ხანში იგი დეფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატად უნდა დაესახელებინათ.
აფხაზეთში ლიდერების მოცილების საშიში ტრადიციიდან გამომდინარე, აქტიური ოპოზიციონერის გზიდან ხელოვნურად ჩამოცილება გაუგონარი მოვლენა არ უნდა იყოს. მოსკოვის კლინიკაში მოთავსება არაფრის გარანტიას არ იძლევა. პირიქით. სერგეი ბაღაფში თავისი პრეზიდენტობისას სწორედ მოსკოვის საავადმყოფოში წარმატებულად გამოცხადებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. პრემიერი გენადი გაგულია შარშან უცნაურ ვითარებაში, ავტოავარიაში დაიღუპა.
ოპოზიციური ლიდერის, ასლან ბჟანიას მოწამვლის ვერსიაზე სოხუმში ღიად ალაპარაკდნენ.
პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ მთელი რიგი პარტიებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლები, დეპუტატები. ისინი არ ეთანხმებიან მოსკოვის კლინიკაში დასმულ დიაგნოზს. რუსეთის დედაქალაქში ამტკიცებენ, რომ ბჟანიას ვირუსული პნევმონია სჭირს. ყველაზე საოცარი ისაა, რომ ბჟანიასთან ერთად შეუძლოდ გახდა მისი დაცვის ორივე წევრი. ორივე მოსკოვში გამოიკვლიეს. ერთ მათგანს ზუსტად იგივე სიმპტომები აღმოაჩნდა, რაც ბჟანიას.
შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ადრე თუ გვიან სიმართლეს დაადგენენ და შესაბამის მტკიცებულებებს წარმოადგენენ. დღეს ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი დაცვის წევრები კლინიკიდან უკვე გაეწერნენ.
ასლან ბჟანიამ შეუძლოდ გახდომის შემდეგ მეტყველების უნარიც დაკარგა. იგი თანამოაზრეებს წერილობით ეკონტაქტებოდა. ექიმმა ინსულტი გამორიცხა. ოპოზიციონერი სოჭში გამოსაკვლევად გადაიყვანეს. სოჭში მედიკოსებმა არ გამორიცხეს, რომ პაციენტის მძიმე მდგომარეობა გარედან ჩარევის შედეგია, თუმცა გადაჭრით ეს ვერ განაცხადეს. მდგომარეობის გაუარესების გამო ბჟანია მოსკოვში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით, ოპოზიციონერი ისევ მოსკოვში იმყოფება, აფხაზეთის ოპოზიციურ ძალთა საბჭო კი მას პრეზიდენტობის კანდიდატად ასახელებს და აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.
– ჩვენ, ისევე როგორც აფხაზეთის მთელ საზოგადოებას, გვაკვირვებს ის ფაქტი, რომ ცხოვრების ჯანმრთელი წესის მიმდევარი ასლან ბჟანია, რომელიც ყოველდღე ვარჯიშობს, ერთ საათში სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე აღმოჩნდა, – აცხადებს ორგანიზაცია “ეროვნული მოძრაობა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად” ლიდერი თეიმურაზ ხიშბა.
პარტია “ამცახარა” პირდაპირ ამბობს, რომ ასლან ბჟანია მოწამლულია და ამის დამადასტურებელი მასალები იქნება.
დეპუტატი დიმიტრი დბარი ქუჩის აქციებს აანონსებს:
– თუ რაიმე შეაფერხებს ასლან ბჟანიას დაბრუნებას აფხაზეთში ან თუ ვინმე ეცდება, დააბოლოვოს ის, რაც ვერ დაამთავრა, ოპოზიცია იტოვებს უფლებას, მოაწყოს საპროტესტო მიტინგები. არჩევნებისთვის მზადების პარალელურად ვემზადებით მიტინგებისთვის, რადგან ვხედავთ, როგორ უარესდება სიტუაცია ქვეყანაში.
აქტიური ოპოზიციონერი დეპუტატი ასლან ბჟანია წლების განმავლობაში დეფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ერთ-ერთი მთავარი ოპონენტია. მას შემუშავებული აქვს მართვის სისტემის, სასამართლოსა და პოლიციის რეფორმის პროგრამები.
ასლან ბჟანიას ნათქვამი აქვს, რომ მოსაგვარებელია აფხაზეთში მცხოვრები ქართველების პრობლემები.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა