სოსო ცინცაძე – “გახარია ივანიშვილის ჩრდილში ყოფნას არ დათანხმდება”

სოსო ცინცაძე - "გახარია ივანიშვილის ჩრდილში ყოფნას არ დათანხმდება"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს იმაზე, შეცვლის თუ არა მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია.
– უსუფაშვილმა თქვა, პრემიერი არის გახარია და არა ბახტაძეო. როგორ ფიქრობთ, გახარიას პრემიერ-მინისტრობა გადაწყვეტილია?
– პერსონიფიცირების პრობლემაა. ვინ უფრო კარგად არის ქვეყნის არაფორმალურ ლიდერთან. ამერიკის მაგალითი მახსენდება: პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩეველი იყო ბჟეზინსკი უშიშროების საკითხებში, მაგრამ მთელი ამერიკა ფიქრობდა, რომ ის იყო სახელმწიფო მდივანი, რადგან ამერიკის საგარეო პოლიტიკას ის განაგებდა. კარტერს მისი სჯეროდა, ის უფრო ახლოს იყო კარტერთან. ისტორიაში ასეთი ფაქტები ბევრია.
გახარია ქვეყნის რეალურ პირველ პირთან უფრო ახლოს არის და მეტი ნდობა აქვს, მაგრამ იქ ბჟეზინსკიმ საქმით დაამტკიცა, რომ ძლიერი დიპლომატი იყო.
დაამტკიცა თუ არა გახარიამ, რომ ძლიერი პროფესიონალია, ვერ გეტყვით, თუმცა, “ქართული ოცნების” ხელისუფლების ფონზე, გახარიას აღმოაჩნდა პოლიტიკოსის ნიშან-თვისებები, პოლიტიკოსის ალღო. სხვებზე ბევრად დამაჯერებლად გამოიყურება. რაც მთავარია, ის ნამდვილად არის ძლიერი პიროვნება. ის შეცდომას აღიარებს. მას შეუძლია უკანდახევა. ეს მხოლოდ ძლიერს შეუძლია. სუსტს ეს არ შეუძლია.
თავად დავით უსუფაშვილი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ძლიერი პოლიტიკოსია, ძლიერი თეორეტიკოსია, როგორც პროფესიონალი, ძალზე ძლიერია, მაგრამ პიროვნულად არ არის ძლიერი. პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად არის პოლიტიკოსი ძლიერი.
– გახარია ყოფილი პრემიერებისგან განსხვავებული პრემიერი იქნება?
– ნამდვილად იქნება, მაგრამ რამდენად იქნება უკეთესი? ეს არის აქ მთავარი კითხვა. რამდენად იქნება ის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები.
ვინ იღებს დღეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას?! თუ გახარიას პოლიტიკური ნება ეყოფა, მაშინ მან უნდა თქვას, რომ ადამიანების ყოფა უნდა შემსუბუქდეს და მის სიტყვას საქმე უნდა მოჰყვეს. მაგალითად, საწვავზე აქციზი გააუქმოს, რაც გარკვეულწილად გამოიწვევს ცხოვრების ოდნავ მაინც გაიაფებას. კიდევ, წამლებზე ფასები დაიწიოს. ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს გახარიამ, რომ ეფექტი გამოჩნდეს, რომელიც ყველა ოჯახში შეაღწევს და ყველა ადამიანს შეეხება და არა მხოლოდ ერთეულებს.
ფულზე, რომელიც ბიუჯეტს დააკლდება, უნდა თქვას, რომ ამ სახსრებს გამონახავს ანუ შეავსებს. ერთი სიტყვით, “ქამრების მოჭერის” პოლიტიკა რეალობად უნდა აქციოს. არაეფექტური ხარჯებისგან თავი უნდა შეიკავოს ახალმა პრემიერმა.
დღევანდელი პრემიერი ამის გამკეთებელი არ არის, ამას პოლიტიკური ნება და ძლიერი ხელი სჭირდება. საფრანგეთში იყო ასეთი მინისტრი, არისტიდ ბრიანი, რომელიც ხან ეკონომიკის მინისტრი იყო, ხან განათლების და ხანაც – თავდაცვის, 15-ჯერ იყო მინისტრი. ის უნივერსალი კი არ იყო, ის იყო ძლიერი პიროვნება და საფრანგეთს მაშინ სჭირდებოდა სწორედ ასეთი ფიგურა.
– თუ გახარია პრემიერი გახდა, რამდენად შეძლებს ივანიშვილის დარწმუნებას?
– სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული გახარიას ეფექტურობა. დარწმუნების უნარი უნდა ჰქონდეს.
– შეძლებს ის ივანიშვილისგან ცოტათი მაინც დისტანცირებას?
– რთული სათქმელია. თუ დაარწმუნებს ბიძინა ივანიშვილს და ამის ეფექტი აღმოაჩნდება, მაშინ კარგი პრემიერი იქნება. მე არ მგონია, რომ გახარია პრემიერის რანგში ივანიშვილის ჩრდილში ყოფნას აპირებდეს.
– მაშინ შეიძლება კვირიკაშვილის ბედი გაიზიაროს.
– ამაშია საქმე! ეს მან ისე უნდა შეძლოს, რომ კვირიკაშვილის ბედი არ გაიზიაროს. აი, რამდენად მოახერხებს, ამაში გამოჩნდება მისი სიძლიერე.
რა, არ იცის, რომ ნომინალური ფიგურაა, ნომინალური პრემიერია, რომ არაფერს წყვეტს? ადამიანურად ეს არავის სიამოვნებს, მაგრამ ამას ვიღაც ეგუება და ვიღაც არა. მე არ მგონია, რომ გახარია ნომინალურ პრემიერობას დათანხმდეს, მეტიც, შეეგუოს.
გახარია ისეთ თვისებებს ავლენს, რაც არ ახასიათებდა არც კვირიკაშვილს და არც ღარიბაშვილს. მაგალითად, მან აღიარა, რომ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული სერიოზული გამოწვევაა.
თან ის კომუნიკაბელური ადამიანია. შეუძლია ჟურნალისტებთან ურთიერთობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო პირისთვის.
– კვირიკაშვილს პრესასთან ურთიერთობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით გახარიაზე.
– დიახ. პოლიტიკოსი, რომელიც ჟურნალისტის კითხვას გაურბის, ვითომ ვერ გაიგო, ამას ხალხი ხედავს, ის იმ დროს ხალხს გაურბის. გახარიას სტილი ეს არ არის, მას შეუძლია, ჟურნალისტს გაუჩერდეს.
გახარია ძალიან ელასტიურია, მაგრამ სადაც საჭიროა, ძალიან მკვეთრიც არის. ერთი სიტყვით, მას აქვს ის თვისებები, რომლებიც სჭირდება პოლიტიკოსს, ლიდერს, მაგრამ რამდენად შეძლებს მის გამოყენებას, როგორი პრემიერი იქნება, ეს მხოლოდ საქმეში გამოჩნდება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა