“თამამი სელფი გამომიგზავნე და ყველაფერი ჩვენ შორის დარჩება” – ბათუმელი სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

"თამამი სელფი გამომიგზავნე და ყველაფერი ჩვენ შორის დარჩება" - ბათუმელი სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებსbatumelebi.netgazeti.ge – ის ინფორმაციით, სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორეკურსელი, 19 წლის სტუდენტის
თამთა მ. [სახელი შეცვლილია] თქმით, მას სამართლის ერთ-ერთი ლექტორი სექსუალურად ავიწროებს. სტუდენტი ამბობს, რომ მას ამის დამადასტურებელი მიმოწერა და ფოტოსურათები აქვს.

თამთას თქმით, სექსუალური ხასიათის მესიჯები მან ლექტორისგან პირველად 15 დღის წინ მიიღო. ჯერ იყო მოკითხვა – „როგორ ხარ“. მერე – „გყავს თუ არა ძმა, მამა“. შემდეგ გაჩნდა მოთხოვნა – „თამამი სელფი გამომიგზავნე“. მიმოწერაში სტუდენტი ყოველ ჯერზე სთხოვს ლექტორს, შეწყვიტოს ამის მოთხოვნა.

ლექტორი სტუდენტისგან ითხოვდა ისეთი ფოტოები გაეგზავნა „თითქოს ზღვაზე იყო საბანაოდ“.

მიმოწერას თან ახლავს ფოტოსურათებიც. ერთ ფოტოზე ლექტორი მაისურითაა, მეორე ფოტო კი წელსქვემოთაა გადაღებული და ერექციას ასახავს. ამ კადრზე კაცს შარვალი აცვია და მისი სახე არ ჩანს.

თამთა ამბობს, რომ ეს ლექტორი მას მუნიციპალურ სამართალს ასწავლის.

„პირველ კურსზე რომ ჩავაბარეთ, მაღალკურსელებმა გვითხრეს ამ და სხვა ლექტორზეც, ფრთხილად იყავით, ლექტორები სტუდენტებს წერენო. გამომწვევად, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით არ იაროთო“, – ამბობს თამთა.

ის დეტალურად იხსენებს, როდის და რა სახის შეტყობინებები მიიღო ლექტორისგან.

19 წლის გოგონა საკუთარი ვინაობის გასაჯაროებას არ თანხმდება, მაგრამ თანახმაა, მისი და ლექტორის მიმოწერა გავასაჯაროვოთ.

„თავიდან სოციალურ ქსელში მომწერა. უბრალოდ მკითხულობდა, როგორ ვიყავი და მეც თავაზიანად ვპასუხობდი. მერე საკუთარი ფოტო გამომიგზავნა და ჩემი სელფიც მთხოვა, მკითხა, შევძლებდი თუ არა „თამამი სელფები“ გამეგზავნა მისთვის – ,,თითქოს ზღვაზე ვიყავი“, რაზეც ჩემგან უარი მიიღო, მაგრამ მაინც აგრძელებდა თხოვნას, რომ ,,მომეხსნა კომპლექსები“ და „არ შემშინებოდა“, რადგან ,,ყველაფერი ჩვენ შორის დარჩებოდა“ და ყველაფერი ,,ჩვენ გვეცოდინება მხოლოდ”. ცდილობდა, ფოტოების გაგზავნაზე დავეყოლიებინე. მეგონა, გაჩერდებოდა და მაქსიმალურად ზრდილობიანად, მშვიდად მივუთითებდი, რომ ასეთი საქციელი შეუფერებელია ლექტორისთვის. ბოლოს ისიც კი მივწერე, რომ უსინდისოდ იქცეოდა. მაგრამ არ წყვეტდა მიმოწერას“, – ყვება თამთა.

ლექტორის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებით სტუდენტმა სამართალდამცავებს უკვე მიმართა, მერე კი ყველაფერი კურსელებს უამბო.

ნიუპოსტი