თორნიკე შარაშენიძე – “სააკაშვილის გაძლიერება ნაცმოძრაობის გაძლიერებას ნიშნავს”

თორნიკე შარაშენიძე - "სააკაშვილის გაძლიერება ნაცმოძრაობის გაძლიერებას ნიშნავს"“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს
– სააკაშვილს ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. რას შეცვლის ეს პროცესი და რისი მოლოდინი აქვს ნაცმოძრაობას?
– ნაცმოძრაობა ძირითადად მაინც დგას მიშას რეიტინგზე. ამ ადამიანს ძალიან ბევრი ხმა მოაქვს ნაცმოძრაობისთვის. არ მგონია, რომ ისინი ცდილობდნენ მიშასგან დისტანცირებას, უბრალოდ, არ ეთანხმებოდნენ რაღაცეებში. დღეს მიშას გაძლიერება ავტომატურად ნიშნავს ნაცმოძრაობის გაძლიერებას.
ეს ყველაფერი მაშინვე იწვევს ისტერიკას და დემორალიზაციას “ქართული ოცნების”. ერთი ვაი უშველებელი ატყდა.
– რისი ეშინია “ოცნებას”?
– ერთის მხრივ “ოცნებას” ხომ აწყობს, რომ სააკაშვილი ბუათი დააშინოს ამომრჩეველი, ჩვენ ხომ ცუდები ვართ, მაგრამ ის უარესია. თუმცა მათ ეს აწყობთ იმ სიტუაციაში, როცა სააკაშვილი იქნება შეზღუდული. თუ ახლა მიშამ აიშვა უკრაინაში, იმ თვალსაზრისით, რომ მას გაეხსნა პოლიტიკური კარიერის გაგრძელების საშუალება უკრაინაში და რესურსები მოიზიდა, ასეთი მიშა აღარ აწყობთ.
სწორედ ეს არის მათი ვაი უშველებელის მიზეზი, რასაც მეც და სხვებიც ვუყურებთ “ოცნების” მხრიდან.
– უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ სააკაშვილი მოღალატეა. შეუთანხმებლობაა მის პერსონასთან დაკავშირებით?
– ჯერ ზელენსკი ხომ ვერ აკონტროლებს ყველაფერს. რას ქვია მოღალატეა?! თუ მოღალატეა, გაასამართლოს სასამართლომ და გამოუტანოს განაჩენი.
ის სასამართლო უფრო ობიექტურია, ვიდრე ჩვენი. ასე რომ, გენპროკურორის განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, ნაჩქარევია. არ შეიძლება ადამიანი მოღალატედ გამოაცხადო და ასეთი მძიმე ბრალდება წაუყენო.
– ანუ ზელენსკის საკუთარ გუნდშიც ჰყავს მოწინააღმდეგეები?
– რასაკვირველია. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თუ წარმატებას მიაღწია, უფრო გაიმყარებს გავლენებს და პოზიციებს, ვნახოთ, რა იქნება.
– რამდენად გაძლიერდება ის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?
– არ ვიცი, უკრაინა ისეთი ქვეყანაა, რომ ძნელია, პროგნოზი გააკეთო. ბოლო 4-5 წელია, რაც ვუყურებ. ამ ქვეყანამ ვერ გაამართლა იმედები, ვერ შეძლო კორუფციის დამარცხება, ვერ შეძლო მობილიზაცია. რამდენად შეძლებს ამას ზელენსკი, ვერ გეტყვით. ღმერთმა ხელი მოუმართოს.
– ზელენსკის სჭირდება სააკაშვილი და ამიტომ აბრუნებსო. რაში სჭირდება? გავლენები აქვს ისევ დასავლეთში სააკაშვილს?
– სააკაშვილს რაღაც გავლენები კი აქვს, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი დღეს უკრაინისთვის. იქ სააკაშვილს შეიძლება გააკეთებინონ, როგორც კარგი გაგებით, ისე ცუდი გაგებით შავი საქმე.
– შავ საქმეში რა იგულისხმება?
– შესაძლოა, მას ჩააბარონ ანტიკორუფციული ბიურო და უთხრან, დაიჭირე კორუმპირებული უკრაინელები. უკრაინელი რომ დანიშნონ ამ თანამდებობაზე, ბევრი უკრაინელი ამის გაკეთებას მოერიდება. იქ იმდენად გადაბმულია კლანები ერთმანეთზე, რომ ერთმანეთის დაჭერას მოერიდებიან.
– სააკაშვილის ხელით გააკეთებენ ამას?
– დიახ. ეს ადამიანი ამას არ ერიდება, ყველამ კარგად ვიცით. არც საქართველოში ერიდებოდა და არც იქ მოერიდება. აი, ეს შეიძლება გააკეთებინონ.
– როგორი იქნება სააკაშვილის გეგმები საქართველოსთან?
– მას ასეთი წარმოდგენა აქვს, რომ თუ გაძლიერდება უკრაინაში, მაშინ აქაც შეძლებს სიტუაციის შეცვლას. ხოლო თუ არ გაძლიერდა, იგივე გაგრძელდება. იგი უკრაინას უყურებს, როგორც ტრამპლინს საქართველოში დაბრუნებისთვის.
– “ოცნებასაც” ამის ხომ არ ეშინია?
– კი, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რა დღეშიც არიან.
– ახლოვდება 2020 წლის არჩევნებიც, უფრო აქტიური იქნება სააკაშვილი?
– დიახ, რა თქმა უნდა, ასე იქნება. 2020-ისთვის “ოცნება” რომ არ იქნება კარგ ფორმაში ამას ყველა ვუყურებთ. ეს ეტყობა ლარის კურს და ბევრ სხვა რამესაც.
– ამ ფონზე მაინც დარწმუნებულია ხელისუფლება, რომ გაიმარჯვებს. მესამედაც უნდა მოვიდეთო, ასეთი განცხადებებიც მოვისმინეთ.
– რა თქმა უნდა. მათ განზრახული აქვთ ხელისუფლებაში დარჩენა. მათ უმრავლესობას მეტი ხომ არაფერი შეუძლიათ, გარდა იმისა, რომ პარლამენტში ისხდნენ და ფული აკეთონ. გაგიგიათ, “ოცნების” უმრავლესობას რამე შეექმნას და გაეკეთებინოს? ან წარმატებისთვის მიეღწიოს რამე სფეროში? ასე რომ, ერთადერთი უნდა იცხოვრონ ამითი. ისხდნენ პარლამენტში და ფული აკეთონ. პარლამენტის გარეთ მათი უმრავლესობა არის ნოლი. როგორც იყვნენ 2012 წლამდე.
– თუ სააკაშვილის ფაქტორი დაემატება ნაცმოძრაობას, ეს კიდევ უფრო ხომ არ დააფრთხობს ამორჩეველს და ხელ-ფეხს გაუხსნის ოცნებას”?
– “ოცნებასაც” სწორედ ამის იმედი აქვს. ისინი ელოდებიან, რომ ამომრჩეველი იქნება პასიური და დარჩება სახლში. ხოლო არჩევნების დღეს გარეკავენ თავიანთ მომხრეებს, ზოგს მოსყიდვით, ზოგს დაშინებით, ზოგსაც ხვეწნით და ასე მოიგებენ არჩევნებს.
მაგრამ თუ კატასტროფულ ნიშნულზე ჩამოეშვა “ოცნების” რეიტინგი, მერე შესაძლოა ისე გადაუსწროს გაერთიანებული ოპოზიციის რეიტინგმა, რომ ვერ უშველოს ადმინისტრაციულმა რესურსმა.
დღეს “ოცნება” აპათიის დანერგვას ცდილობს მოსახლეობაში და უიმედობის, რომ მაინც არაფერი არ შეიცვლება და ჯობია, სახლში დარჩეთ არჩევნების დღეს. აი, ეს არის მათთვის ყველაზე მომგებიანი.
ძალიან კარგი ტესტი იქნება მთაწმინდის არჩევნები. თუ არ მივიდა ხალხი არჩევნებზე, ძალიან დიდი შანსია, რომ ადმინისტრაციული რესურსით ისევ გაათრიონ თავიანთი ახალი საამაყო კანდიდატი – კახაძე. თუ აქტივობა გაიზრდება, მაშინ კახაძეს შანსი აღარ ექნება.
კახაძე ხან ვის პარტიაში იყო, ხან ვის პარტიაში და დღეს ივანიშვილის მზეს იფიცებს. ხომ აქვს საზღვარი ყველაფერს?! თუ ოპოზიციის კანდიდატი მოიგებს, ეს სერიოზული სიგნალი იქნება. მთაწმინდიდან თუ დაიწყება “ოცნების” პოზიციების რღვევა, ეს მისთვის ძალიან ცუდი იქნება.
– ანუ შესაძლოა, 2020-მდე ყველაფერი შეიცვალოს?
– სააკაშვილის უკრაინასი დაბრუნებით შესაძლოა, ყველაფერი იმაზე სწრაფად შეიცვალოს, ვიდრე ამას ვინმე ელის.
– შესაძლოა, საპროტესტო ტალღის აგორებას მისცეს ბიძგი სააკაშვილმა?
– ტალღის აგორებას, სხვა ყველაფერთან ერთად, სჭირდება ფინანსური რესურსი. ნაცმოძრაობას დღეს ეს რესურსი არ აქვს. მიშას გაძლიერება უკრაინაში აჩენს ამის შანსს.
– დააფინანსებს იქიდან?
– რა თქმა უნდა, რატომაც არა?!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა