ზაალ კასრეიშვილი – “ირანი ცხინვალის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, მაგრამ ჩვენ ვალს დაგვადებს”

ზაალ კასრეიშვილი - "ირანი ცხინვალის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, მაგრამ ჩვენ ვალს დაგვადებს"აღიარებს თუ არა ირანი ცხინვალის დამოუკიდებლობას? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
– ცხინვალის ხელისუფლებამ ირანს მისი დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვა. ანატოლი ბიბილოვმა ისიც კი თქვა, ჩვენ და ირანელები ნათესავები ვართო.
– ეგ სიმართლე უთქვია. მართლა ერთი ჯიში აქვთ. ირანში არის ტომი, რომელსაც არა ჩვენი ოსების – ალანების, არამედ ცხინვალში მაცხოვრებელი ოსების იდენტური ენა აქვს.
ვიღაცას ძალიან თუ უნდა აღიარება, რაღა ქართულ მიწაზე ითხოვენ ამას. წავიდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში. იქ აღიარებულებიც იქნებიან და თავიანთი ენაც ექნებათ. ირანის ხელისუფლებისთვის შორიდან არაფრის თხოვნა არ დასჭირდებათ, დააბინავებენ და ადგილზე მოუვლიან.
მოვლას რაც შეეხება, ქართველებმა ოსებს რომ მოვუარეთ, დედამიწის ზურგზე ეგრე არავის არავისთვის არ მოუვლია. გვერდზე იყო ჩრდილოეთ ოსეთი, მაგრამ ოსური თეატრი და სასწავლებლები მარტო საქართველოს ტერიტორიაზე იყო.
აქ მათ ენაც შევუნარჩუნეთ და ტრადიციებიც. ჩრდილოეთში მცხოვრები ოსები გარუსებულები იყვნენ და ბოლომდე ასეთებად დარჩნენ.
– ისე ეს რუსეთში მცხოვრები და გარუსებული ოსები ბევრად უფრო ქართულად აზროვნებენ, ვიდრე ზოგიერთი ქართველი და საქართველოში შემოფარებული ოსები.
– ისინი დღემდე ქართველების გულშემატკივრები არიან, ისინი საქართველოს შეამდგენლობაში შემოსვლაზე ოცნებობდნენ.
ყველამ ვიცით ულამაზესი ოსური ცეკვა “სიმდი”, რომელიც ბაგრატიონის, ჯავრიშვილის და ილიკო სუხიშვილის გაკეთებულია.
ამის გამო ჩვენი ძმები – ვაინახები ხუმრობით გვსაყვედურობდნენ, ერთი კაი ვაინახური ცეკვაც გააკეთეთ, მარტო ოსებს რომ გადაყევითო.
– სერიოზული თემიდან ცეკვა-თამაშზე გადავედით, ირანის ამბავს დავუბრუნდეთ – აღიარებს თეირანი ოსების დამოუკიდებლობას?
– სასაცილოა, როცა ცხინვალი ვიღაცას დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვს.  დამოუკიდებლად ამის განცხადებას ვერ გაბედავდნენ. ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების შეკვეთა.
მოსკოვი ამას რამდენიმე მიზნით უკვეთავს. პირველი უნდათ, რომ საქართველოს პოზიციები შეასუსტონ. მეორე მიზეზი აშშ-ირანის დაძაბულობას უკავშირდება. ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამწვავდება. კრემლს სურს, რომ ამის ნიადაგზე თბილისი ირანთან დააპირისპიროს.
ირანი ცხინვალის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, მაგრამ საქართველოს სამომავლოდ ვალს დაადებს.
– რა ვალი უნდა დაგვადონ, მაგათი დიდი წვლილია იმაში, რომ საუკუნეების წინ რუსეთის ხაფანგში ამოვყავით თავი.
– გვეტყვიან, სამხრეთ ოსეთი არ ვაღიარეთ და თქვენ კიდევ ჩვენ საწინააღმდეგო სანქციებს შეუერთდითო. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევახსენოთ ირანს, რომ ირანი არ არის მონოეთნიკური სახელმწიფო. ის შედგება ფერეიდნელებისგან, აზერბაიჯანელებისგან, ქურთებისგან, თურქმანებისა და ნამდვილი სპარსელებისგან. ნამდვილი სპარსელები მთელს ირანში მოსახლეობის მხოლოდ 37%-ს შეადგენენ
ფერეიდნელები ვახსენე და ერთ საინტერესო შეთავაზებას გავაკეთებ. ოსები ხომ ამბობენ, ირანელების ნათესავები ვართო. ცუდი არ იქნება, თუ ცხინვალელ ოსებს გადავასახლებთ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში, ხოლო ფერეიდნელებს თავის მიწაზე – საქართველოში დავაბრუნებთ.
ცნობისათვის, როცა ფერეიდანში მოხდა გადასახლება, ყველაზე მეტი ქართველი კახეთიდან და შიდა ქართლიდან გაიყვანეს.
– საინტერესო რამე თქვით, მაგრამ ამას ალბათ განხორციელება არ უწერია.
– ეგ არავინ იცის. შეიძლება დადგეს დრო და ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც მე გითხარით. მთავარი ისაა, რომ ამ იდეის გამო ცივილური სამყარო ვერ გვისაყვედურებს – ფერეიდნელები საქართველოდან ძალით გადაასახლეს, ცხინვალელი ოსები კი ირანულ წარმომავლობაზე საუბრობენ. რა არის იმაში ცუდი, თუ ყველა ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდება.
დანარჩენი დროის ამბავია. თავის დროზე საბჭოთა კავშირის დაშლაც არავის წარმოედგინა. ამ მოსაზრებაზე სიცილით კვდებოდნენ, ხოლო მათ, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესს აჩქარებდა, ციხეებში ყრიდნენ.
მინდა თქვენი მკითხველი დავამშვიდო, რომ ქართველებს რამდენიმე სერიოზული ბერკეტი აქვთ, რომლითაც რუსეთის პოლიტიკურ ხელისუფლებას საკმაოდ მძიმედ დაუბრუნებენ ხურდას.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა