”აიპლიუსის” მაღაზიაში მძარცველმა კონსულტანტი მძევლად აიყვანა – დამნაშავე დაკავებულია

”აიპლიუსის” მაღაზიაში მძარცველმა კონსულტანტი მძევლად აიყვანა - დამნაშავე დაკავებულიათბილისში, პეკინის ქუჩაზე, “აიპლიუსის” მაღაზიაში მძარცველი შეიჭრა.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” “აიპლიუსის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, პირს, რომელსაც დაყაჩაღება უნდოდა, ხელში დანა ეჭირა.

“დანა ეჭირა ხელში, ერთი პირი შემოვიდა და სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდა”, – განაცხადა “აიპლიუსის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

მისივე თქმით, სამართალდამცველები ადგილზე დროულად მივიდნენ.

აღნიშნული პირი დაკავებულია.

როგორც “აიპლიუსის” კომუნიკაციის მენეჯერმა გოგა თირქიამ განაცხადა, მძარცველმა მძევლად აიყვანა “აიპლიუსის” ერთ-ერთი თანამშრომელი და თანხას და ტექნიკას ითხოვდა.

„რამდენიმე წუთის წინ მძარცველი შემოიჭრა ჩვენთან, ცივი იარაღი ჰქონდა, მძევლად აიყვანა ჩვენი ერთი კონსულტანტი, ითხოვდა თანხას და ტექნიკას. ადგილზე მოვიდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც დაიკავეს ეს პირი. მიმდინარეობა გამოძიება და შემოწმება ექსპერტების მიერ”, – განაცხადა გოგა თირქიამ.

მისი თქმით, ამ დროისთვის იკითხება დაკავებული და ყველა ის თანამშრომელი, ვინც ამ ინციდენტს ესწრებოდა.

რაც შეეხება ზარალს, მისი თქმით, დაზიანებულია ტექნიკა: აიპადები, აიფონები და მაკები, თუმცა ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ ცნობილი არ არის.

მისივე ინფორმაციით, მძევლად აყვანილ გოგონას ფიზიკური დაზიანებები არ აქვს, თუმცა ფსიქოლოგიურ სტესშია.

გოგა თირქია აცხადებს, რომ თანამშრომლებს მძარცველი მაღაზიაში ადრე არაერთხელ უნახავთ და ის მომხმარებელი ეგონათ.

ერთ-ერთი თვითმხილველი კი აცხადებს, რომ მძარცველი მაღაზიაში ტექნიკას ლეწავდა.

“ფულს და ტელეფონს ითხოვდა, ყველაფერს ლეწავდა”, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

იპნ