„ან ტრომბია ან გული, გადაბრუნებული იყო და ხროტინებდაო” – რა გახდა ხაშურელი კაპრალის, მამუკა ხარაზიშვილის, გარდაცვალების მიზეზი

„ან ტრომბია ან გული, გადაბრუნებული იყო და ხროტინებდაო” - რა გახდა ხაშურელი კაპრალის, მამუკა ხარაზიშვილის, გარდაცვალების მიზეზივაზიანის სამხედრო ბაზაზე დაღუპული კაპრალის ცხედარი რუსთავში ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ცხედარს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა. ცოტა ხანში დაღუპული კაპრალის ცხედარს ხაშურში გადაასვენებენ.

ტრაგიკული შემთხვევა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დღეს დილით მოხდა. 30 წლის კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ჯარისკაცმა, რომელიც პოლიგონზე გეგმიურ წვრთნას გადიოდა, დღეს გამთენიისას შეუძლოდ გახდა, ის ლაზარეთში გადაიყვანეს, თუმცა კაპრალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამხედრო პოლიციაში ამბობენ, რომ როდესაც კაპრალი შეუძლოდ გახდა, მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, შემდეგ სასწრაფო დახმარებით ლაზარეთში გადაიყვანეს და ასევე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადაც გამოძახეს, თუმცა მისი გარდაცვალება დაფიქსირდა. ირაკლი ბაზერაშვილის თქმით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩატარდა, რომლის შედეგი საზოგადოებას ეცნობება.

რუსთავის პროზექტურასთან ექსპერტიზის დასრულებას ელოდებიან მამუკა ხარაზიშვილის ოჯახის წევრები და სამხედროები. “კურიერის” ჟურნალისტი დაღუპული კაპრალის მამას ესაუბრა.

„პირნათლად ასრულებდა თავის ვალდებულებას. ჯარშიც კარგი სახელი ჰქონდა, სოფელშიც და მეგობრებში. არაფერი პრობლემა არ ჰქონია,“ – აცხადებს გარდაცვლილის მამა, დიმიტრი ხარაზიშვილი.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, ჯარისკაცი ავღანეთშიც იმყოფებოდა, რის შემდეგაც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იყო, სადაც გეგმიურ სწავლებას გადიოდა.

„არაფერი პრობლემა არ ჰქონია. ავღანეთში მოიხადა, ტყვიაც მოხვდა, დაიჭრა, მაგრამ იქ არ მომკვდარა და აქ რა პრობლემა უნდა ჰქონოდა,“ – აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.

გარდაცვლილის ნათესავები და მეზობლები ჯარისკაცზე რაიმე სახის ზეწოლას და ან ფიზიკურ ძალადობას გამორიცხავენ.

„ან ტრომბია ან გული, თავად ისე ჯანმრთელი ბავშვი იყო. გადაბრუნებული იყო და ხროტინებდაო. რომ გადმოვაბრუნეთო, პულსიც აღარ ესინჯებოდაო. ძალადობა, დაშინება ან ცემა – ასეთი რამ არა,“ – განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა.

რუსთავი 2