ანზორ აბრალავა – “საპარლამენტო არჩევნებზე შევარდნაძის სცენარის გამეორება იგეგმება”

ანზორ აბრალავა - "საპარლამენტო არჩევნებზე შევარდნაძის სცენარის გამეორება იგეგმება"“ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას.
– თქვენი შვილი, გრიგოლ აბრალავა, რომელიც საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად იყო დაკავებული ნორვეგიაში, ხანგრძლივი შემოწმების შემდეგ გამოუშვეს. როგორი ინფორმაცია გაქვთ, უცხოელების მიმართ იქ კონტროლი გაძლიერებულია?
– ნორვეგიაში ძლიერი ზედამხედველობა ხორციელდება უცხოელებზე. მოგეხსენებათ, რაც მოხდა ნორვეგიაში რამდენიმე წლის წინ. ბრეივიკი ამ ქვეყნის მოქალაქე იყო. კონტროლი გამკაცრებულია ჩასულებზეც. ჩემი შვილი და მისი მეგობრები გადამოწმების პროცედურებს გადიოდნენ. ეს პროცესი დიდხანს, 3 თვე გაგრძელდა. არც ერთ მათგანს არაფერი დაუშავებია. ეს შემოწმებამ და ძიებამ დაადასტურა. რა და რატომ მოხდა, გაირკვევა. როგორც ჩანს, აღმოჩნდნენ აქაური წარმოშობის “კეთილისმყოფელები”, რომლებმაც ამ ბიჭებს ცილი დასწამეს. ყველაფერი გამოაშკარავდება.
– უცხოეთში წასული საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა არასახარბიელო მდგომარეობაშია, თუმცა არც საქართველოში დარჩენილების მდგომარეობაა ადვილად ასატანი. გაღატაკებულ მოსახლეობას დღითიდღე ემატება პრობლემები.
– სიდუხჭირეში მყოფ ხალხს მუდმივად დაზაფრულ სიტუაციაში ამყოფებენ, ხან ახალი რევოლუციით აშინებენ, ხან შევარდნაძის პოლიტიკური თამაშების გადმოტანას სთავაზობენ.
– შევარდნაძის პოლიტიკური თამაშების გადმოტანაში რას გულისხმობთ?
– საპარლამენტო არჩევნებზე იგეგმება შევარდნაძის სცენარის გამეორება. ყველას გახსოვთ პარლამენტი, სადაც ლამის ყველა პარტია იყო შესული. იგივე ილუზია იქმნება. პარლამენტში მოხვედრის საყოველთაო მოლოდინს აჩენენ, მაგრამ პარლამენტში ისევ ისინი მოხვდებიან, ვინც აქამდე არის და იყო პოლიტიკაში.
– 3%-იანი საარჩევნო ბარიერი აჩენს ილუზიებს?
– ბარიერს მნიშვნელობა არ აქვს. როგორ შედეგსაც უნდათ, ისეთს დადებენ.
– გადაწყვეტილება, რომლითაც შევარდნაძემ “იმელის” პარლამენტში უამრავი პარტია შეიყვანა, ბევრმა პოზიტივად ჩაუთვალა. ითვლება, რომ მან განმუხტა დაძაბულობა ქუჩაში. ახლა სხვა მდგომარეობაა?
– ესენი ყველა პარტიას არ შეუშვებენ პარლამენტში. არსებობს ბლოკების სისტემა. კოალიციურად შეიძლება პარლამენტში მოახვედრონ ისეთი ურეიტინგო ხალხი, როგორიცაა, მაგალითად ბაჩუკი ქარდავა და ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც სააკაშვილის ორბიტაზე ტრიალებს. შევარდნაძის ჩამოსვლას მოჰყვა სამხედრო საბჭოს, ასევე სახელმწიფო საბჭოს შექმნა, მოქალაქეთა კავშირის ჩამოყალიბება. ახლაც მოქკავშირია პოლიტიკაში. გამსახურდიას მიმდევრებს იმ დროიდან გვდევნიან.
– ახლაც იდევნებით?
– სხვა ფორმებით. პოლიტიკურ ველს კი არა, ეკრანს არ გვაკარებენ. “პალიტრა”-ს “360 გრადუსში” ვუსმინე გიორგი ბარამიძის გამოსვლას. ის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია. ადრე ბარამიძე მოქალაქეთა კავშირში იყო. მინდა ვკითხო – სად იყო მაშინ, როცა სამეგრელოში სოფელ დარჩელს გადაუარეს? ან რას აკეთებდა სააკაშვილის დროს, როცა სვანეთში ოჯახი ამოწყვიტეს და ძვლები ამოყარეს? დღეს ეს კაცი ისევ აქტიური პოლიტიკოსია და ჩადენილ დანაშაულებს შეცდომებს ეძახის.
ან ეს გაუთავებელი რევოლუციები აღარ უნდა დამთავრდეს? საკმარისი იყო, 19 მაისს შუალედურ არჩევნებში ზუგდიდის მერად სანდრა რულოვსი აერჩიათ, რომ დაიწყებოდა 2003 წლის მოვლენების გამეორება. დაიძვრებოდა ავტოლოკონები ზუგდიდიდან, ქუთაისიდან, გორიდან და მოხდებოდა გადატრიალება.
მაშინდელ პარლამენტში (იმ დროს დეპუტატი ვიყავი) შეჭრას, იქ ნარკოტიკების ამპულების და შპრიცების დაყრას დაარქვეს ვარდების რევოლუცია. ხელისუფლებაში მაშინაც მოვიდა მოქალაქეთა კავშირის ნაწილი. ყოფილი მოქკავშირელი სააკაშვილი ისევ პოლიტიკაშია და ისევ იმუქრება შორიდან. რულოვსიც საკმაოდ აგრესიულია.
– სააკაშვილის ბოლოდროინდელ გამოსვლებში ახალი ნოტები შეამჩნიეთ?
– სააკაშვილი ხან თავისით და ხან გვარამიას პირით უფრო მეტად იმუქრება.
– უკრაინაში მისი დაბრუნება რაიმეს ცვლის?
– სააკაშვილის ჯერჯერობით მოქალაქეობა მისცეს. ალბათ, ზელენსკიმ იფიქრა, რომ უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა მისთვის სწორი არ იყო. უკრაინაში სააკაშვილი სულ რომ არსად დანიშნონ და პოლიტიკაში არ ჩართონ, მაინც არ მოისვენებს. მისთვის მთავარი ფულია. სააკაშვილი სახრავს უკრაინაში ისევ დაუწყებს ძებნას. თუ მოთხოვნები ვერ დაიკმაყოფილა, ზელენსკისაც დაუპირისპირდება. კოლომოისკისთან გადამტერესული იყო, ახლა აღარ უპირისპირდება.
– “ქართულ ოცნებას” მძიმედ აქვს საქმე?
– “ქართული ოცნება” თვითონ ირთულებს მდგომარეობას. ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, ხელისუფლებას აქვს შეცდომები. ამ დროს “ქართული ოცნება” საკუთარ ნაჭუჭში იკეტება. ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება.
– “ოცნება” ხალხს დიდი ხანია, დაშორდა.
– “ქართული ოცნება” მის მიმართ კეთილგანწყობილ ადამიანებსაც არ იკარებს. იმაზე არაა საუბარი, რომ ეს ადამიანები სადმე უნდა დანიშნონ. არ არსებობს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, თუნდაც, სტუდენტებთან. სხვადასხვა რანგის ჩინოსნები თავაწეულები დიდი დაცვით დაიარებიან. მათი კაბინეტები საზოგადოებისთვის ჩარაზულია.
– ამით განვსხვავდებით ევროპისგან.
– გეთანხმებით. ჩვენს ჩინოსნებს ევროპული არაფერი სცხიათ. ქართველ მოხელეებს პატივმოყვარეობის სენი დაერიათ. ჩემი სტუდენტი საარბრიუკენში კვლევების ჩასატარებლად ჩავიდა. მეც მაქვს კავშირი გერმანიასთან. მას მერიც შეხვდა და მისი მოადგილეც. ისინი უბრალო ადამიანები არიან და თავმდაბლურად იქცევიან.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა