საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მე-4 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. ის საარჩევნო უბანზე მეუღლესა და შვილთან ბერა ივანიშვილთან ერთად მივიდა.
ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი ლადო კახაძე გაიმარჯვებს. მისივე აზრით, მეორე ტური პროცესების დემოკრატიულად განვითარების მაჩვენებელია.
“როგორც მოგახსენეთ პირველი ტურის დროს, ჩვენ ველოდებოდით მეორე ტურს, თუმცა იქვე აღვნიშნე, რომ ყველა არჩევნებში „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. რაც ვნახეთ კიდეც. დღეს ბოლო არჩევანსაც ნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. შეიძლება გავუსვათ ხაზი დამატებით – მეორე ტური მთაწმინდაზე მხოლოდ დემოკრატიულობის მაჩვენებელია. ეს კარგია. იცით, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური და არ უყვართ როდესაც დიდი უპირატესობით იგებს ერთი კანდიდატი. მთაწმინდა შეიძლება იყოს კარგი მაჩვენებელი.
ხაზგასასმელია ისიც, რომ თუ აკვირდებოდით კარგად არჩევნებს, საკმაოდ კულტურულად ჩატარდა ეს არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ ტიპიური ევროპული არჩევნები იყო. ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს, ორივე ოპონენტს. ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად. ასე თანდათანობით ჩვენ უნდა განვვითარდეთ და გავხდეთ ევროპელები და ეს მათ შორის, არჩევნებში უნდა გამოიხატებოდეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.
9 ივნისის არჩევნებისთვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების დღის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა. 9 ივნისის არჩევნებზე მონაწილე 2 საარჩევნო სუბიექტის მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი.
19 მაისს, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის ოლქში კენჭისყრის შედეგად 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმათა 41,01% მიიღო, მეორე ადგილზე (36,84%) კი „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე გავიდა.

