ჩაუდგება თუ არა 2020 წლის საარჩევნო სიას სათავეში ბიძინა ივანიშვილი?

“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე და 2020 წლის საარჩევნო სიის დაკომპლექტებაზე საუბრობს. ინტერვიუ 20-21 ივნისის მოვლენებამდეა ჩაწერილი.
– ბატონო ნუკრი, რას უკავშირდება ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან შესაძლო გადაყენება? ბევრი ამბობს, რომ მან გუნდის შიგნით არსებულ ჯგუფებს შორის ფარულ დაპირისპირებას ვერ გაუძლო და ამას შეეწირა.
– არა, ამას გამოვრიცხავ. არავითარი ჯგუფებს შორის ფარული დაპირისპირება არ არსებობს. სექტემბერ-ოქტომბერში ეს პროცესი კიდევ უფრო გაგრძელდება და მე ამას მხოლოდ განახლებას ვუკავშირებ. დავით სერგეენკოს თანამდებობიდან შესაძლო წასვლას ვუკავშირებ მხოლოდ იმას, რომ ახალი სისხლია საჭირო. ახალი ენერგია, ახალი ძალებია საჭირო. მე გუნდის განახლებაზე ბევრჯერ მისაუბრია თქვენთანაც და საერთოდ, ამაზე “ქართული ოცნების” შეხვედრებზეც ვსაუბრობ ხოლმე.
რაც შეეხება დავით სერგეენკოს, ის იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი სწორედ ჯანდაცვის პროგრამის, რომელმაც ნამდვილად გადაარჩინა ბევრი ადამიანის სიცოცხლე. ის 7-8 წელი ემსახურებოდა ამ საქმეს. მის მიმართ საზოგადოებას ნამდვილად ჰქონდა და ახლაც აქვს კეთილგანწყობა.
– სწორედ ეს იწვევს კითხვებს.
– თუ მოხდება ეს ცვლილება, მაშინ ეს იქნება სიახლისთვის გადადგმული ნაბიჯი. ახლის შემოტანისთვის გაკეთებული სვლა. მე კატეგორიულად არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი წარმატებული პიროვნება გუნდს განერიდება და ის პოლიტიკური არეალიდან გაქრება.
– ფიქრობთ, საპარლამენტო სიაში გადაინაცვლებს?
– დიახ, არ გამოვრიცხავ. სერგეენკო აუცილებლად შეიტანს დადებით წვლილს “ქართული ოცნების” შემდგომ საქმიანობაში, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
– ასეთი მოსაზრებაც ვრცელდება, რომ დავით სერგეენკო სწორედ 2020 წლის საარჩევნო სიაში შეიძლება ვიხილოთ, რადგან მას ყოველთვის მაღალი მოწონების რეიტინგი აქვს.
– დაიხ, სწორედ ამაზე ვსაუბრობ. თუმცა, მე აქვე ვადასტურებ, რომ ეს არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება და მე არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს. ცხადია, ჯერ საპარლამენტო სია ფორმირებული არ არის და ამაზე ჯერ საუბარიც არ ყოფილა, მაგრამ ბუნებრივია, რომ ასეთი გამოცდილებისა და მით უფრო რეიტინგის ადამიანი დასაკარგი არ არის. ასეთი ხალხი, პირიქით, მაქსიმალურად არის გუნდის მიერ გამოსაყენებელი.
– წინა კვირას ასევე გავრცელდა ინფორმაცია პრემიერ ბახტაძის გადადგომის შესახებ. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ მისი გადაყენება რამდენიმე თვით გადაიწევს ამერიკაში ვიზიტიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყოს ამერიკელების მიერ უარყოფითად აღქმული. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში, მაგრამ მუდმივად არავინ არ არის, ამას მოწმობს თუნდაც ჩვენი 7-8 წლიანი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი, როდესაც პრემიერები იცვლებოდნენ და ეს როტაცია იყო. თუმცა, ამ ეტაპზე ამას გამოვრიცხავ სწორედ იქიდან გამომდინარე, რაც თქვით, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია.
– საუბარია, რომ ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს.
– არა, ვერაფერს გეტყვით, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ცქიტიშვილი იქნება თუ ვინ იქნება, არ ვიცი, არავითარი სიმპტომი ამ ეტაპზე არ ჩანს, რომ ბახტაძე მიდის, მაგრამ მომავალში არაფერი არ არის გამორიცხული.
– პრესაში ვრცელდება 2020 წლის საპარლამენტო სიასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია. თქვენ რა შეგიძლიათ ამ დროისთვის გვითხრათ? თალაკვაძემ ახალი სახეები უკვე დააანონსა.
– მხოლოდ ზოგადად შემიძლია გითხრათ: დიახ, სიახლე საჭიროა, მაგრამ ახალი სახეები უნდა ჯობდნენ, მაგრამ არა მხოლოდ სიახლით! ცოდნა, მაღალი პროფესიონალიზმი, გამოცდილება, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ერთგულება. ამიტომ, ვისაც ჩაანაცვლებენ, იმას უნდა სჯობდეს. განახლება აუცილებელია. ეს დროის მოთხოვნაა. რაც შეეხება კონკრეტულ პერსონებს, დღეს ვერაფერს გეტყვით, ჯერ ამაზე საუბარი ადრეა.
– სიას ვინ დააკომპლექტებს? თითქოს ამაზე ძალიან დიდი დავაა გუნდში.
– პარტიის თავმჯდომარე იმიტომ არის პარტიის თავმჯდომარე, რომ მას ექნება ამ საქმეში დიდი წვლილი. ბუნებრივია, ივანიშვილის პოზიციები იქნება უმნიშვნელოვანესი, მაგრამ გუნდისგანაც არ იქნება დამალული.
– იყო ამაზე საუბარი გუნდში?
– ჯერ ეს პროცესი ასეთ კონკრეტიკაში არ გადასულა. რამდენიმე თვეში დღის წესრიგში დადგება. სექტემბრიდან დაიწყება მზადება, გეგმის შემუშავება, შემდეგ გაცნობა. ასევე მოსამზადებელი იქნება კონფერენციები, მოსამზადებელი იქნება ყრილობა, ერთგვარი დათვალიერება უნდა მოხდეს პარტიული ორგანიზაციების. კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა და ეს ჯერ ნაადრევიც არის.
– ჩემი ინფორმაციით, საარჩევნო სიას სათავეში თავად ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება. ამით სიის პირველი ნომრის პრობლემაც მოიხსნება და ეს იქნება ერთგვარი გზავნილიც “ოცნების” მხარდამჭერებისთვისაც. რა შეგიძლიათ გვითხრათ?
– ალბათ, ეს ვარიანტიც იქნება განხილული. თუმცა, ამ ეტაპზე ასე კონკრეტულად საუბარი არ ყოფილა. თუმცა, რასაკვირველია შესაძლებელია, რომ ეს ვარიანტიც იყოს განხილული.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019