დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს პარტია „გამარჯვებული საქართველოც“ გამოეხმაურა. მისმა ლიდერებმა ირაკლი ოქრუაშვილმა და გუბაზ სანიკიძემ ბრიფინგზე საქართველოს მოქალაქეებს დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ მისვლისკენ მოუწოდეს.
„ჩემო თანამემამულენო, ამ ქვეყნის გულშემატკივრებო, ვისაც გტკივათ სამშობლო, დღეს თქვენი პასიურობა ხელ-ფეხს უხსნის ივანიშვილს. მოგიწოდებთ, მოდით დღეს 7 საათზე დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება“, – მიმართა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მან პოლიციასაც მიმართა:
„მივმართავ პოლიციელებს, ნუ შეუშლით ხელს იამ ადამიანებს, ვისაც სურს გამოხატოს თავისი აზრი“
გუბაზ სანიკიძე:
“დღეს საქართველოს დაუდგა განსაცდელი, ვიხილეთ ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა – ჩვენი ქვეყნის მესამეჯერ ჩაბარება ოკუპანტისთვის, რისი ავტორიცაა დღევანდელი ხელისუფლება. ეს ჩვენთვის ბოლო მესიჯია, ფიალა ავსებულია, ქართველი ერის მოთმინებას საზღვარი აქვს. ვიხილეთ ადამიანი, ვინმე გავრილოვი, რომელიც იჯდა იმ სავარძელში, სადაც თავის დროზე იჯდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. მის სავარძელში ოკუპანტი და მეტიც, 21-ე საუკუნის ჯალალ-ედ-დინი ვიხილეთ. ამ კოშმარულ კადრებზე გამახსენდა გუმბათმონგრეული სიონი, სადაც დაბრძანებული იყო ქართველთა სისხლისმსმელი ჯალალ-ედ-დიჯი. 21-საუკუნის ჯალალ-ედ-დინია შემოსული ქალაქში, ხალხო და მისი ხელისშემწყობი არის მოღალატე ხელისუფლება თავისი თავკაცით, ბიძინა ივანიშვილით, რომელიც გვარწმუნებს, რომ თურმე საქმის კურსში არ იყო და თურმე, აღშფოთებულია. ბიძინა, აივსო მოთმინების ფიალა, შენ უკვე მოღალატეების რიგში დადექი, ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძის, ყორღანაშვილის ღირსეული მემკვიდრე ხარ. ყველას მოგიწოდებთ, ყველა ქალაქში მუნიციპალიტეტების წინ დადექით. საქართველოს გადარჩენა სჭირდება, რადგან ცხადია, დაგეგმილია სპეცოპერაცია, რაც ქართული სახელმწიფოს მესამეჯერ და საბოლოოდ განადგურებას გულისხმობს. დღეს რუსთაველის გამზირი ჩვენი თაობის დიდგორია“.

