გავრილოვი რუსეთიდან იმუქრება – ”ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ამ ქმედებების წამქეზებლები”

გავრილოვი რუსეთიდან იმუქრება - ”ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ამ ქმედებების წამქეზებლები”სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების გამოძიებას და პროცესში რუსული მხარის ჩართვას მოითხოვს. განცხადება მოსკოვში დაბრუნებულმა დეპუტატმა, რუსეთის სათათბიროში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სერგეი გავრილოვი ვითარების პროვოცირებას ახლა უკვე მოსკოვიდან ცდილობს. რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელიც საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს მანამდე რადიკალებს აბრალებდა, ახლა აცხადებს, რომ ამ რადიკალებს სახელმწიფოს გადატრიალება ჰქონდათ განზრახული. დუმის დეპუტატი ქართულ მხარეს ამ მიმართულებით ძიების დაწყებას ურჩევს, პროცესში რუსეთის ჩართვას მოითხოვს და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვს.

გავრილოვის განცხადებითვე, პროვოკაციები საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის ურთიერთობების განადგურებისკენ არის მიმართული.

“რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ ინციდენტების გამოძიებაში. ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში და ხელისუფლების დესტაბილიზაციის მცდელობებში, მაგრამ აგრესიული და მტრული ქმედებები რუსეთის წარმომადგენლების მიმართ, რა თქმა უნდა გამოძიებული უნდა იყოს. ჩვენ, ჩვენის მხრივ, თუ საქართველო არ გამოავლენს და არ დასჯის პასუხისმგებელ პირებს, უნდა გამოვავლინოთ ამ ქმედებების წამქეზებლები. ამასთან მიმაჩნია, რომ ჩვენმა მოქმედებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ჩვენ ერებსა და ეკლესიებს შორის კეთილმეზობლობისა და პატივისცემის ზრდაზე, რამდენადაც სწორედ ურთიერთობების ბლოკირება არის მთავარი მიზანი ექსტრემისტების, რომლებმაც დაიწყეს ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საბაბად გამოყენებით.”

რუსთავი 2