ღარიბაშვილის კლანმა თადუმაძეს საქმე გაურჩია ერმაკოვის დაჭერის გამო

ღარიბაშვილის კლანმა თადუმაძეს საქმე გაურჩია ერმაკოვის დაჭერის გამოქართულ პოლიტიკაში მორიგი აბსურდული სცენა თანამშდება – ლაპარაკია იმაზე, რომ მოქმედი მთავარი პროკურორი შალვა თადაუმაძე სურვილს გამოთქვამს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის შესარჩევ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, ანუ სავსებით შესაძლებელია, რომ თადუმაძე, რომელიც ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელად შარშან რამდენიმე წლით დაინიშნა, მალე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ვიხილოთ.

რატომ აქვს მთავარ ბრალმდებელს იმის სურვილი, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს, ანუ იმ უწყებას ჩაუდგეს სათავეში, რომელიც ყველამ იცის, რომ დამოუკიდებელი არ არის და პირდაპირ ივანიშვილს და ასევე, ე.წ. მოსამართლეთა კლანს ემორჩილება? – ამ ამოცანის ამოხსნა ადვილი არ გახლავთ, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლები თადუმაძის მისწრაფებაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ის პროფესიონალია. თადუმაძეც თავის სურვილს, ალბათ, იმით გაამართლებს, რომ მზად არის, იქ იმსახუროს, სადაც „მშობელ პარტიას“ დასჭირდება. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ ამ ყველაფერში უფრი დიდი ინტრიგაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

მოკლედ, როგორც „ნიუპოსტისთვის“ ხდება ცნობილი, ძაღლის თავი რამდენიმე დღის წინ, ბათუმში ჩატარებულ სპეცოპერაციაშია დამარხული – მოგეხსენებათ, პროკურატურამ ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და ასევე, სხვა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები კორუფციის ბრალდებით დააკავა. ცნობილია, რომ ერმაკოვი დიდ პოლიტიკაში ყოფილი პრემიერის და ამჟამად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელშეწყობით „გაიჩითა“, თუმცა ჩვენ იმასაც გვეუბნებიან, რომ ერმაკოვს წინა და იმის წინა ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და თავის დროზე აბაშიძის მმართველობის მეხოტბეც იყო. ამასთან, ჩვენი წყაროს მონაცემებით, ყველა ის ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიჭირეს ბათუმში, ერმაკოვის ე.წ. დაჯგუფების წევრები არიან.

„ვერ გეტყვით, რომ ერმაკოვს დღესაც ღარიბაშვილი მფარველობდა, მაგრამ მისი ციხეში ყოფნა კახელებს არ აწყობთ, რადგან ის საქმე, რომელსაც ერმაკოვს და მასთან ერთად სხვა დაკავებულებს ედავებიან, ზუსტად ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო და ამიტომ, არსებობს ალბათობა, რომ ამ დაჭერილმა ადამიანებმა კახელებზე რამე ინფორმაცია გაასაჯაროვონ“, – ეუბნება „ნიუპოსტს“ კონფიდენციალური წყარო.

ამასთან, ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ ბათუმის დაჭერების გამო თადუმაძეს საქმე გაურჩიეს ღარიბაშვილის გარემოცვის წევრებმა და შეეცადნენ მის დაშანტაჟებას. ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება თადუმაძემ, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვოს და უზენაეს სასამართლოში გადავიდეს, თუმცა ჩვენი მონაცემებით, თადუმაძის ბოლომდე დაშანტაჟება არ გამოვიდა, რის გამოც ღარიბაშვლის გარემოცვა ძალიან გაბრაზდა და იმედგაცრუებული დარჩა.

ერმაკოვის დაჯგუფების დაჭერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ „ოცნების“ შიგნით არამდგრადი სიტუაციაა და კლანური ომი მიმდინარეობს. ამასთან, მომხდარი იმაზეც მეტყველებს, რომ ღარიბაშვილმა, რომელიც პოლიტიკაში იმ მიზნით დააბრუნეს, რომ „ოცნება“ დიდი დაშლისგან გადაერჩინა, მისია ვერ შეასრულა და როგორც ამბობენ, მმართველ გუნდში ისევ დიდი გავლენა აქვს კალაძე-კობახიძის კლანს. ამიტომაც, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება და ამ ზაფხულს კულმინაციასაც მიაღწევს.

ნიუპოსტი