გია ხუხაშვილი – 0%-იანი ბარიერი არის ქაოსის წინაპირობა

გია ხუხაშვილი - 0%-იანი ბარიერი არის ქაოსის წინაპირობა„მთავარი შედგა. პროპორციული არჩევნების დანიშვნა – ეს უკვე შედეგია, თუმცა 0%-იანი ბარიერი არის ქაოსის წინაპირობა. 3 ან 5%-იანი ბარიერი უფრო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნებოდა,“ – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. ამით ხუხაშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გაიმართოს.

ხუხაშვილის შეფასებით, შესაძლებელია, რომ კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტილება 0%-იანი ბარიერის შესახებ, შეიცვალოს. მისი თქმით, არსებულ პირობებში ხელისუფლების ამაზე დათანხმება უკვე შესაძლებელია.

„მთავარი მაინც შედგა – პროპორციული არჩევნების დანიშვნა და მაჟორიტარული მანკიერების დასრულება, ეს უკვე შედეგია. რაც შეეხება 0%-იან ბარიერს, ვფიქრობ, ეს კიდევ იქნება დისკუსიის საგანი, ანუ აქ უკვე შეიძლება კონსენსუსის ძიება. რა თქმა უნდა, 0%-იანი ბარიერი არის ქაოსის წინაპირობა, ამიტომ 3 ან 5%-იანი ბარიერი ვფიქრობ, უფრო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნებოდა. ხელისუფლებას უკვე „მოკაკვული აქვს თითი“ და ამ პირობებში ამაზე დათანხმება უკვე შესაძლებელია. ეს აღარ არის პრინციპული საკითხი, რაზეც ხელისუფლება სიჯიუტეს და ფეხების ბაკუნს დაიწყებს.

0%-იანი ბარიერი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს, რადგან მათ ინტერესშია, რომ ეს ორპოლუსიანობა შეინარჩუნონ. ამიტომ ახლა ისინი ამის დრამატიზებას დაიწყებენ. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დრამატულია. ის, რომ 0%-იან ბარიერს ხელისუფლება საარჩევნოდ საკუთარ ინტერესებში გამოიყენებს, არამგონია ასე იყოს,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ აჩვენა აბსოლუტური უგუნურება. მისი თქმით, პოლიტიკური ფასი, რომელიც ხელისუფლებას უნდა გადაეხადა, ყოველ ჯერზე დააგვიანეს.

„ხელისუფლებამ, პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, აჩვენა აბსოლუტური უგუნურება. მან არ გადაიხადა ის პოლიტიკური ფასი, როდესაც უნდა გადაეხადა და მუდმივად 24 საათი აგვიანებდა. ხელისუფლებამ კობახიძე არ გადააყენა მაშინ, როცა უნდა გადაეყენებინა და ამან ტრაგედიამდე მიგვიყვანა. ეს ისევ ხელისუფლებას დაუბრუნდა ბუმერანგივით და ფასი გაიზარდა. ივანიშვილი როგორც იქნა მიხვდა იმას, რომ კიდევ 1 დღეს თუ დააგვიანებდა, ფასი კიდევ უფრო გაიზრდებოდა და მთელი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა დადგებოდა. ამდენად, მეტ-ნაკლებად ადეკვატურად მოიქცა. არ მინდა, რომ დავუკარგო. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, თუმცა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლასი არის „პლინტუსს ქვემოთ“, ეს ფაქტია“, – განაცხადა ხუხაშვილმა.