გია ხუხაშვილი – “100 ათასი ვაჟკაცი უნდა ავდგეთ და 50 კაცი გავკოჭოთ?”

გია ხუხაშვილი - "100 ათასი ვაჟკაცი უნდა ავდგეთ და 50 კაცი გავკოჭოთ?"ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით ლგბტ  პრაიდის თემაზე პრემიერის პოზიციას ეთახმება და მიაჩნია,რომ ეს საკითხი გაზვიადებულია და რეალურად არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ არის. ამის შესახებ ხუხაშვილმა palitranews-ის გადაცემაში ისაუბრა.

„პრემიერს დავეთანხმები და პრობლემა არის ძალიან გაზვიადებული. ეს პრობლემა საქართველოში ნამდვილად არ არსებობს და თემა არ არის აქტუალური. ხდება პედალირება, გაბერვა და გაზვიადება. ორივე მხარე ამ დაპირისპირებაში საკუთარ ინტერესს უყურებს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დაპირისპირების ნარატივი საბოლოო ჯამში რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს.

„შეიძლება ლიდერებმა ამ მოძრაობების საერთოდ არ იციან, ისე არიან ჩანერგილები გავლენის აგენტები და ცდილობენ შუბლებით დაატაკონ. ძლიერის პოზიცია არის სიმშვიდე. როდესაც სუსტს უპირისპირდები ეს არ არის ვაჟკაცობა. 100 ათასი ვაჟკაცი უნდა ავდგეთ თურმე და 50 კაცი გავკოჭოთ, არ შეიძლება ასე ლაპარაკი, უხერხულია. რანაირად არის ეს სამოქალაქო დაპირისპირება? ვინ ვის უპირისპირდება? 100 ათას კაციანი ლეგიონი რას უპირისპირდება – 50 კაცს? ეს არის ჩვენი ომი და აქ გადის ფრონტის ხაზი ამ ქვეყანაში?! რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?! ამ 10 ათას კაცს სრული უფლება აქვს, რაღაც არ მოსწონდეს, მაგრამ ვის უპირისპირდება? წარმოიდგინეთ სპილოების ჯოგი ჭიანჭველამ რომ გააქციოს. ეს არის „შეკეთებული“ თემა, რომელიც გავლენის აგენტების ნამუშევარია“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

17 ივნისს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა.

მანამდე, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ლგბტქ ჯგუფების ირგვლივ შექმნილი ვითარება გაზვიადებულია.

14 ივნისს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება. რის გამოც კანცელარიასთან ორი აქცია გაიმართა.

კონტრაქციაზე მისულმა ლევან ვასაძემ აქციაზე, ძალადობრივი მოწოდებები გაავრცელა. მან მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

შსს-მ ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ლეგიონის შექმნის შესახებ ლევან ვასაძის განცხადების შემდეგ გამოძიება დაიწყო.