გია ხუხაშვილი – ”ანაკლიის პორტის საბოტაჟი მაინც გაგრძელდება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. 11 ივნისს მან შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან, რომლის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

პომპეომ დიპლომატიურ ენისთვის არადამახასიათებებლი ხმაურიანი განცხადებები გააკეთა. მან საქართველოს მოუწოდა სამართლებრივი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებისა და დემოკრატიული საარჩევნო სისტემის დახვეწა. საქართველოს მთავარი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განხორციელების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი გეოსტრატეგიული ინტერესების კუთხით.

საქართველოში ზოგმა ეს რჩევად, ზოგმა კი შენიშვნად ან გაფრთხილებად აღიქვა.

მაიკ პომპეოს გზავნილების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს.

_ ხმაურიანი გზავნილები გაკეთდა პომპეოს მხრიდან, რით ხსნით ამას და რა უთხრა მან მმართველ გუნდს თავისი დიპლომატიური მესიჯებით?

_ სამი ძირითადი თემა იყო სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი. ერთი ეს გახლდათ არჩევნების თემა, მეორე იყო სასამართლო რეფორმის თემა და მესამე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, როგორც გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი თემა. ამ სამ თემაზე ისაუბრა მან და ფაქტობრივად შენიშვნა მისცა საქართველოს ხელისუფლებას.

ასეთი შენიშვნები, როგორც წესი, დახურულ შეხვედრებზე კეთდება, მაგრამ რადგანაც მან ჩათვალა, რომ საჯაროდ უნდა გამოეთქვა ეს შენიშვნები, ამით მან აჩვენა, რომ ის მხოლოდ ხელისუფლებას არ ესაუბრებოდა. ის ესაუბრებოდა მთლიანად ქართულ საზოგადოებას. ის ესაუბრებოდა როგორც მტრებს, ისე მოყვრებს _ მათ შორის რუსეთსა და ჩინეთსაც, რომლებიც მან ახსენა.

ეს ნიშნავს, რომ ეს მოცემულობაა.

მან ჩვენ გვითხრა, რომ თუ თქვენ გამოცხადებული გაქვთ დასავლური ვექტორი, მაშინ ამ თემებს უნდა მიხედოთ, ხოლო თუ ამას არ მიხედავთ, მაშინ იქნება პრობლემა, აი, ეს უთხრა ”ქართულ ოცნებას”.

_ კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ არა ის, რომ ანაკლიის პორტი ამერიკისთვის სტრატეგიული საკითხია და ამის ხაზგასმა ხომ არ მოხდა?

_ ეს ისედაც ჩანდა. ამას მარტო ბრიყვები ვერ ხედავდნენ და ახლა უცებ ამერიკა აღმოაჩინეს. ეს ისედაც ცხადი იყო ყოველთვის. შეიძლება ესეც იყო ამის მიზეზი, რომ პროექტის საბოტაჟი ხდებოდა. ჩვენ ნუ ჩავთვლით, რომ ეს ყველაფერი დასრულებულია. საბოტაჟი გაგრძელდება და შეიძლება უფრო შეეცადნონ, რომ უფრო ჭკვიანურად და დაფარულად აწარმოონ საბოტაჟის ახალი გეგმა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროექტის განხორციელება ბევრს პრობლემად მიაჩნია. თავი რომ გავანებოთ თვითონ ოპონენტების პირად პრობლემებს.

_ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ უკვე საზოგადოებისთვისაც ღიად თქვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ეს პროექტი, მაინც შეეცდებიან საბოტაჟის განხორციელებას ხელისუფლების შიგნით?

_ იცით რა? ჩვენ ნუ ჩავთვლით, რომ ამერიკამ ღიად თქვა და მორჩა და დამთავრდა ეს თემა. დიდი გლობალური ომი მიდის და გავლენის აგენტები მეორე მხარესაც ბევრი ჰყავს ამ ქვეყანაში. ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. კი, ეს კარგია ერთი მხრივ, მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ რისკები კი არ შემცირდება, პირიქით გაიზრდება. ჩვენ ამ რისკების პრევენციაზე უნდა ვიზრუნოთ.

_ სასამართლოსა და არჩევნების თემაზე გამოთქმული შენიშვნები რა გზავნილი იყო მმართველი გუნდისთვის?

_ კურიოზული იყო, როდესაც ერთი მხრივ პომპეო ამას ლაპარაკობდა და მეორე მხრივ ირაკლი კობახიძე სასამართლოს სისტემის რეფორმის წარმატებასა და რეფორმის მეოთხე ტალღაზე გვესაუბრებოდა. ეს დისონანსი იყო. პომპეო კობახიძის წინააღმდეგ ხომ ძალიან სასაცილოა?! მაგრამ ეს ფაქტია.

_ პომპეოს პარალელურად კობახიძემ არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ რაც შედეგებშია, ის განწყობაა, თორემ ნაციონალური მოძრაობა რევოლუციას მოაწყობდაო.

_ იგივე იყო აქაც. გლობალურად კობახიძის და პომპეოს დატაკება ვიხილეთ გუშინ. თქვენი აზრით, ვინ მოერევა?

_ ალბათ კობახიძე.

_ რა თქმა უნდა, კობახიძე ხომ უძლეველია?!

_ იყო თუ არა ხელისუფლებისთვის პირდაპირ მოწოდება, რომ ეს თემა უნდა გაააქტიუროს და არ წაუცდეს ხელი, ისე როგორც აქამდე იყო?

_ რა თქმა უნდა. ეს იყო მოწოდება და შეიძლება ითქვას, რომ გაფრთხილებაც, საერთოდ ურჩევენ ხელისუფლებას, რომ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. ძალაუფლების შენარჩუნების გარდა სახელმწიფო ამოცანები საერთოდ აქვთ? თუ მხოლოდ ძალაუფლება სჭირდებათ? აი, ეს რიტორიკული კითხვა დაისვა ამერიკის მხრიდან.

_ ერთია რა ითქვა საჯაროდ, მეორეა დახურულ კარს მიღმა შეხვედრა. იმაზე მეტი ხომ არ ითქმებოდა შეხვედრისას პრემიერთან, ვიდრე პომპეომ საჯაროდ თქვა?

_ ბუნებრივია. დახურულ კარს მიღმა უფრო პირდაპირი და ღია საუბრებია ხოლმე, როგორც წესი.

_ ამის მიუხედავად, მმართველი გუნდის პოლიტიკის შეცვლას არ ელოდებით?

_ ჩვენ ისე ნუ გადავწყვეტთ, რომ პომპეომ გამოაცხადა და ამით დამთავრდება. არა, ეს ასე არ იქნება. ხელისუფლებას ამოცანად დასახული აქვს ძალაუფლების შენარჩუნება და ის ამისთვის ყველა მეთოდს გამოიყენებს. აქედან გამომდინარე რაც საქართველოშია, ეს არის ის, რომ ჩვენ მოვახერხოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ გაყვეს იმ დღის წესრიგს, რასაც თუნდაც პომპეო გვთავაზობს.

ეს მხოლოდ პომპეოს ინტერესი არ არის, ეს ხომ ამ ქვეყნის ინტერესია?! ის, რომ ნორმალური და კონკურენტული არჩევნები უნდა ტარდებოდეს ქვეყანაში, მართლმსაჯულება ნდობას რომ უნდა იმსახურებდეს, ეს ხომ პომპეოსთვის არ გვჭირდება?! ეს ჩვენთვის გვჭირდება. პომპეო მხოლოდ მხარს უჭერს ამ პროცესს. ძირითადი გასაკეთებელი ჩვენი გასაკეთებელია. ჩვენ თუ პომპეოს იმედზე დავრჩით და სანახაობას ვუყურეთ, არაფერი არ გამოვა.

_ თუმცა, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია დასავლური ქვეყნების ლიდერების მხრიდან გაკეთებული გზავნილები.

_ რა თქმა უნდა. ამ ტიპის მხარდაჭერა ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის შანსი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ.

_ მაგრამ გგონიათ, რომ ამ თვალსაზრისით, პოლიტიკოსების გარდა, საზოგადოებაც გასააქტიურებელია?

_ ცხადია. საზოგადოებამ უნდა აიძულოს პოლიტიკური ელიტა, რომ ის ზრუნავეს არა საკუთარ ტყავზე და საკუთარ პოზიციებზე პოლიტიკაში, არამედ ქართულ სახელმწიფოზე. ეს არ ეხება მხოლოდ ხელისუფლებას, ეს ეხება ოპოზიციასაც, რადგან ოპოზიციაც არ გვყავს მაინცდამაინც წელში გამოყვანილი.

_ საზოგადოებაში ისმის ხოლმე ნიჰილიზმი, რომ ჩვენ მაინც უძლურები ვართ. ამ ვითარებაში რის გაკეთება შეუძლია საზოგადოებას?

_ მუდმივი წნეხის ქვეშ ჰყავდეს პოლიტიკური ელიტა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, თუნდაც მართლმსაჯულების გაჯანსაღების კუთხით. ანუ პოლიტიკური ელიტა უნდა აიძულოს, რომ სისტემური რეფორმა გატარდეს. არა ფასადური, არამედ სისტემური რეფორმა. იმისათვის, რომ ის ფასეულობათა სისტემა შევითვისოთ რაც საბოლოო ჯამში ევროპაში ინტეგრაციის საშუალებას გვაძლევს.

ევროპაში ინტეგრაციას არა გეოგრაფიულად, არამედ როგორც ფასეულობათა და ღირებულებათა სისტემაში.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019