გიგი უგულავა – ”ლევან ვასაძის ადგილი ციხეშია”

გიგი უგულავა - ”ლევან ვასაძის ადგილი ციხეშია”ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც ვხედავ, რომ იოანე ოქროპირის ეკლესიას ესენი იცავენ და ესენი წარმოადგენენ,- ამის შესახებ “ევროპულისაქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს.

მისი შეფასებით, საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება არასწორი, ხოლო მეუფე იაკობის განცხადება კი სამარცხვინოა. როგორც უგულავამ აღნიშნა, გუშინ გამოჩნდა საფრთხე, რომ ქართული ეკლესია რუსულს დაემსგავსოს, რომელიც ძალაუფლებისა და იდეოლოგიის მსახურია.

„ჩვენ დავინახეთ საპატრიარქოს ძალიან არასწორი განცხადება. ვხედავთ, რომ ბატონი ლევან ვასაძე და ბატონი ფალავანდიშვილი ეკლესიით სპეკულირებენ. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც ვხედავ, რომ იოანე ოქროპირის ეკლესიას ესენი იცავენ და ესენი წარმოადგენენ – მოძალადეები, ადამიანის შეურაცხმყოფელები, ადამიანის დამცინავები და ა.შ. მზად იყვნენ უმწეო ადამიანები გაეგლიჯათ.

ამას არაფერი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან. ამ კონტექსტში უაღრესად სამარცხვინო და საგანგაშო იყო მეუფე იაკობის განცხადება. ეკლესია არ არის ანაფორაში ჩაცმული ადამიანები. ეკლესია პირველ რიგში, არის ძალი უფლისა. ღვთის სიტყვის დამცველი მტერს სცემს პატივს. აი, ეს არის რასაც სახარება გვასწავლის. ის, რასაც ვასაძე და მისი მეგობრები ქადაგებენ – ძალადობა, გაუტანლობა – პირდაპირ რუსული ნარატივია.

მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომლისთვისაც სულ ერთი არ არის ამ ქვეყნის ბედი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ეკლესია რუსეთის ეკლესიას არ დაემსგავსოს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების და იდეოლოგიის მსახურია. აი, ეს საფრთხე კარგად გამოჩნდა გუშინ,”- განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, სამარცხვინო, ამაზრზენი და გულისამრევი იყო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება.

გიგი უგულავა ასევე გამოეხმაურა ლევან ვასაძის დღევანდელ ვიდეო-მიმართვას, სადაც ის თანამოაზრეებს ხვალ შეკრებისკენ მოუწოდებს. უგულავას თქმით, ვასაძის მიერ გაჟღერებული მუქარების გამო, ის ახლა წესით წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს.

“სრულიად სამარცხვინო, ამაზრზენი და გულისამრევი იყო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება. მე ყველას პრეზიდენტი ვარ, მაგრამ … არავითარი მაგრამ. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მოძალადეს და მსხვერპლს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, ეს კატასტროფული ნიშანია. კონსტიტუციას არ სჭირდება “მაგრამ”, კონსტიტუციას სჭირდება შესრულება, პირველ რიგში, ხელისუფლების მხრიდან.

დღეს რაც წავიკითხე ლევან ვასაძის განცხადებები, იმ მუქარის გამო, მისი ადგილი წინასწარ პატიმრობაშია. ეს ხელისუფლება დავით ლორთქიფანიძის პიჯაკისთვის 3 ადამიანს იჭერს და ადამიანს, რომელიც პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებს, დამსახურებულ მოქალაქედ წარმოაჩენს. ეს ყველაფერი რაც ხდება, არის ივანიშვილის პასუხისმგებლობა. ეს ქვეყანა დაალპო ბიძინა ივანიშვილმა,”- განაცხადა უგულავამ.