გიგლა ბარამიძემ ლივერპულის გამო თბილისის ზღვა სიგრძეზე გადაცურა

გიგლა ბარამიძემ ლივერპულის გამო თბილისის ზღვა სიგრძეზე გადაცურამისი და ლივერპულის მეგობრობა 40 წლის წინ დაიწყო. როდესაც თბილისის დინამომ ინგლისური გრანდი 3:0 დაამარცხა, სხვებთან ერთად ზეიმობდა და ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ლივერპულის თავგადაკლული ფანი გახდებოდა.
წელს მისი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და მეგობრებმა ფინალზე დაპატიჟეს, მაგრამ პოლიტიკამ ხელი შეუშალა. 2 ივნისს მისი პარტია ყრილობას ატარებს. ის პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და ამიტომ იძულებულია, საყვარელი გუნდის თამაშს ტელევიზორიდან უყუროს.
როგორ დაეხმარა დევნილობაში ყოფნისას საყვარელი გუნდი, რას ნიშნავს იყო სკაუზერი, რა აქვს ჩადენილი ლივერპულის გამო, რატომ არჩია ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასწრებას პარტიული ყრილობა, – ამის შესახებ “ახალ თაობას” “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლივერპულის კლუბის წევრი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
გიგლა ბარამიძე:
– ფეხბურთი ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა. 10 წლიდან მამას უკვე სტადიონზე დავყავდი. მამაჩემის მეგობრები – მეცნიერები, მწერლები, კომპოზიტორები ყველანი გატაცებული იყვნენ ფეხბურთით. ბავშვობიდან მქონდა გონებაში ჩამჯდარი, რომ ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ იყო. საბჭოთა კავშირის დროს ქართველი კაცი სტადიონზე გამოხატავდა პატრიოტიზმს, დამოუკიდებლობისადმი ლტოლვას და ეროვნულ იდენტობას.
საბჭოთა კავშირის დროს თბილისშიც ატარებდა ხოლმე საბჭოთა კავშირის ნაკრები თამაშებს. ასეთ დროს ჯერ საბჭოთა კავშირის ჰიმნს უკრავდნენ, მერე საქართველოსას. ქართველი გულშემატკივარი მხოლოდ საქართველოს ჰიმნზე დგებოდა ფეხზე. ერთხელ მამას ვკითხე, პირველ სიმღერაზე რატომ არ ვდგებით ფეხზე-თქო. მითხრა, ეგ საბჭოთა კავშირის ჰიმნია, ჩვენ საქართველოს ჰიმნზე უნდა ავდგეთო.
ფეხბურთზე წასვლაც ერთგვარი რიტუალი იყო. ფეხით მივდიოდით. მე, ჩემი მეგობრები და მამა ვერიდან დავიძრებოდით, საბურთალოდან ასევე ფეხით ჩამოდიოდნენ და ცირკთან გვხვდებოდნენ გულბათ ტორაძე, გივი გამრეკელი და ლევან ხაინდრავა.
– როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში ლივერპული?
– საიდან გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ლივერპული და 1979 წელს მოუწია ამ გუნდთან თბილისის დინამოს შეხვედრამ. პირველი თამაში იქ ჩატარდა და დინამომ ეს შეხვედრა 1:2 დათმო. მაშინ ლივერპულზე ბევრი არაფერი ვიცოდით, არც ინტერნეტი არ იყო და თან ჩაკეტილ ქვეყანაში ვცხოვრობდით, სადაც უცხოური კლუბების თამაშებს ფაქტიურად არ აჩვენებდნენ. მხოლოდ გაზეთებში თუ წავიკითხავდით რაიმეს.
დინამო-ლივერპულის განმეორებით შეხვედრას, ბუნებრივია, დავესწარით. დინამოს სტადიონზე რომ შევედით, ლევან თედიაშვილი და კოტე გაბაშვილი შეგვხვდნენ. კოტე ფეხბურთის დიდი ქომაგი იყო. მას ხელში უცხოური გაზეთი ეკავა, არ ვიცი, როგორ მოახერხა საბჭოთა კავშირის დროს მისი ხელში ჩაგდება.
ამ გაზეთში დაბეჭდილი იყო ძალიან დინამიური ფოტო – ლივერპული უტევს რომელიღაც გუნდს. ფოტოზე არიან მაკდერმოტი, დალგლიში, ფაიერკლაფი. კოტემ მამას და ლევან ხაინდრავას უთხრა, ფოტოს შეხედეთ, ამათი მომგები ვართ ჩვენო.
დინამომ ის თამაში ბრწყინვალედ ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა. არადა ლივერპულს მაშინ უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდა, აზანზარებდნენ ყველაფერს.
მათ ბევრი ტიტულის მოგება შეეძლოთ, მაგრამ ეიზელის ტრაგედიამ შეუშალა ხელი. ამ სტადიონზე ლივერპული და იუვენტუსი ხვდებოდნენ ერთმანეთს. გულშემატკივრებს შორის არეულობა დაიწყო. არეულობას ჭყლეტვა მოჰყვა, რაც კედლის ჩამონგრევით დასრულდა. ამას 39 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ლივერპულს და სხვა ინგლისურ კლუბებს ევროთასებზე ასპარეზობა 6 წლით აუკრძალეს.
დინამო-ლივერპულის თამაშს დავუბრუნდები, ამ შეხვედრას 80.000-ზე მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა, ძალიან დიდი ზეიმი იყო ეს გამარჯვება. გასახდელში ჩასვლა შევძელით და დინამოელებს მივულოცეთ. იქვე ვნახეთ ლივერპულის რამდენიმე მოთამაშე. მათ შორის დალგლიში. მაშინ ჯერ კიდევ არცერთ მათგანს არ ვიცნობდი სახეზე.
მათ ლევან ხაინდრავა დაელაპარაკა მათ ინგლისურად. ბრწყინვალედ იცოდა ინგლისური. იმათ გაუკვირდათ. ძია ლევანმა უთხრა, იცით, ეს საქართველოაო. ისინი წაგებით შეწუხებული იყვნენ და ვერ იყვნენ ხასიათზე. ლევან ხაინდრავამ ლივერპულელებს ჩემი თავიც გაიცნო. და აი, მაშინ დაიწყო ჩემი და ლივერპულის მეგობრობა.
მერე, როცა გაიხსნა საზღვრები, ლივერპულის ყოფილი მწვრთნელი ჟერარ ულიე და ლეგენდარული სტივენ ჯერარდი გავიცანი,.
– სტივენ ჯერარდს იცნობთ?
– მიმოწერა მაქვს. ის ჩემი კუმირია. ორი უდიდესი ფიგურა იყო ამ გუნდში – დალგლიში და ჯერარდი.
2000-იან წლებში უკვე ლივერპულის კლუბის წევრი გავხდი. ეს ძალიან ძნელია, ჯერ კანდიდატი ხდები, მერე – კლუბის წევრი.
ლივერპული არის მთელი ფილოსოფია. ჰიმნი საერთოდ სასწაულია. ეს ჰიმნი გვეუბნება, რომ ყოველთვის თავაწეული უნდა იყო, წვიმაში თუ ქარში, გამარჯვებისკენ უნდა ისწრაფვოდე. გვერდში უნდა დაუდგე გაჭირვებულ კაცს. ამ ჰიმნს რომ ვუსმენ, მარტო ფეხბურთზე არასდროს ვფიქრობ.
ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ საქართველოში ამ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ.
– ლივერპულის თამაშებს თუ ესწრებით?
– ჩემმა მეგობრებმა იციან ჩემი გატაცების შესახებ. რამდენიმე მათგანი სერიოზული ბიზნესმენია. ხშირად მეპატიჟებიან. რამდენჯერმე ვიყავი ენფილდზე. სასწაულია ეს სტადიონი, რომელი ბერნაბეუ შეედრება!
ამ სტადიონზე ექსკურსიაზეც ვარ ნამყოფი. ვნახე ის ადგილი, სადაც გუნდის მწვრთნელები თათბირობდნენ ხოლმე. ეს ის ადგილია, სადაც ფეხბურთელები ბუცებს აწყობენ.
ექსკურსიაზე მანახეს ის ნიშა, სადაც თამაშზე გასვლის დროს ფეხბურთელები ხელს ადებენ. მეც დავადე ხელი.
ორი წლის წინ უემბლიზე ინგლისის თასის ფინალს დავესწარი, სადაც ერთმანეთს ლივერპული და მანჩესტერ სიტი ხვდებოდნენ.
წელს ლივერპული გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ჩემმა მეგობარმა კიდევ დამპატიჟა, მაგრამ ვერ მივდივარ – 1 ივნისს არის ფინალი, 2 ივნისს კი იმ პარტიის ყრილობაა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ვარ.
– აი, ამას ჰქვია ბედის ირონია.
– ბედის ირონიაა, აბა რა არის. თან სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაში უნდა ვმჯდარიყავი, მაგრამ არა. საქმე პირველ ყოვლისა. ასე რომ, ტელევიზორიდან მომიწევს ლივერპულის თამაშის ყურება.
ლივერპული ყველასგან გამოირჩევა, მათ შორის ინგლისური კლუბებისგან. ეს კლუბი აწყობილია ოჯახურ ფილოსოფიაზე.
ლივერპულის გულშემატკივარი არის ოჯახის წევრი. ნებისმიერი გულშემატკივარი თავის თავის ლივერპულის უმნიშვნელოვანეს წევრად თვლის. იქ არ არის გამოყოფა – ეს არის ვარსკვლავი, ეს მძღOლი, ეს დამლაგებელი – ყველა ერთი გუნდი და ერთი ოჯახია.
აქ აღმერთებენ გულშემატკივრებს. ამ ფილოსოფიამ ეს ქალაქი შეადუღაბა, ამ გუნდის ფილოსოფია არის თავდადება, ერთგულება. ურთიერთგატანა.
ლივერპულში სკაუზერული დიალექტია და ამიტომ გვეძახიან სკაუზერებს. დიალექტი არ ვიცი, მაგრამ გვაქვს დაუწერელი კანონები. ყველამ ვიცით, რა არ უნდა იკადროს.
– რას არ იკადრებს სკაუზერი?
– არცერთ გრანდს არ ვახსენებ, მაგრამ რასაც მათი ქომაგები კადრულობენ, ამას სკაუზერები არასდროს გააკეთებენ.
თავიდან ამ გუნდს ძირითადად დოკერები ქომაგობდნენ. ამ ქალაქში ცნობილი ნავსადგურია. ამ ნავსადგურში ჩამოჰყავდათ და აქედან გაჰყავდათ თავის დროზე ამერიკაში მონები. საფეხბურთო კლუბი ლივერპული 1892 წელს შეიქმნა, მისი პირველი ქომაგები იყვნენ დოკის მუშები – ცოტა უხეში, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი ადამიანები.
როდესაც იზომება ხმაურის დეციბალები, პირველ ადგილზეა ენფილდი, მეორეზე გალათასარაი. თამაშის დროს ლივერპულის ქომაგები არასდროს ჩუმდებიან.
სკაუზერები ასევე გამოირჩევიან მოწინააღმდეგის დიდი პატივისცემით, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოწინააღმდეგეს კარგად ეთამაშოს და ამათ დაესტვინოს.
სხვაგან რონალდუც რომ ვერ თამაშობს, მას საკუთარი გულშემატკივარი უსტვენს. სკაუზერები ამას არ გააკეთებენ. ლივერპულის მოთამაშემ კალაძესავით საკუთარ კარში სულ ავტოგოლები რომ გაიტანონ, არავინ დაუსტვენს.
– ზემოთ თქვით, რომ კლუბის წევრი ხართ. რას ნიშნავს კლუბის წევრობა?
– ისეთი არაფერი. მეტი პატივისცემაა. აბონემენტების გადანაწილების დროს უპირატესობა.
კლუბის წევრებს უპირატესობა აქვს მაისურების და აქსესუარების შეძენაში. მაისურების და აქსესუარების რაღაც ნაწილი მხოლოდ კლუბის მაღაზიაში იყიდება. იქ არჩევანს ჯერ კლუბის წევრები აკეთებენ, მერე – სხვები.
მაქვს ლივერპულის რამდენიმე მაისური, რომლებსაც ძალიან ვუფრთხილდები. მათი გარეცხვის და გაუთოვების უფლებასაც არავის ვაძლევ. მეშინია, ფერი არ გადაუვიდეს, არ გაფუჭდეს. საათიც მაქვს. ბავშვური გატაცებაა, მაგრამ ესაა ფეხბურთი..
– მოდით, ფინალზეც ვისაუბროთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი ინგლისური გუნდი გავიდა. ევროპა ლიგის ფინალშიც ინგლისური კლუბები გავიდნენ. არის ეს ინგლისური ფეხბურთის აღმავლობის ხანა?
– ინგლისური ფეხბურთი არის ტემპიანი, სადაც სერიოზული ფიზიკური დატვირთვაა. პიტბულებივით არიან, არ იღლებიან. ეს ანგლო-საქსური ხასიათია. მაგრამ ინგლისელებს ყოველთვის აკლდათ ფანტაზია და ტექნიკა.
როდესაც ლეგიონერები დაუშვეს, რაც კარგი იყო, ინგლისურმა ფეხბურთმა დაიტოვა, დანარჩენი სხვებისგან – არგენტინელების, ბრაზილიელების, ესპანელების და იტალიელებისგან შეისისხლხორცა.
ცოტა ზედმეტიც მოუვიდათ – 29 მაისს ევროპა ლიგის ფინალი იყო – ჩელსი-არსენალი. მწვრთნელებიდან დაწებებული 22 ფეხბურთელით დამთავრებული მხოლოდ ერთი იყო ინგლოსელი ფეხბურთელი.
ლივერპულში 4-5 მოთამაშე ყოველთვის ინგლისელია. მერსისაიდელი ანუ იქაური თუ ვინმე თამაშობს, სულ გადარეულები არიან ლივერპულელები. მაგიტომაც გიჟდებოდნენ სტივენ ჯერარდზე. ის ლიდერთა ლიდერი იყიო ეგეთი ას წელიწადში ერთხელ თუ დაიბადება.
ახლა ლივერპულში ეგეთი მასშტაბის მოთამაშეა 19 წლის ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი.
– ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით რა პროგნოზები გაქვთ?
– ყველა ვარიანტში უნდა მოვიგოთ. ყრილობის გამო თამაშზე ვერ მივდივარ და კლოპი როგორ არ გამახარებს თბილისში დარჩენილს. გუნდი ძალიან საბრძოლო განწყობაზეა. ისეთი ნახევარფინალი ჩავატარეთ. ბარსელონასთვის ნახევარფინალში 4:0 მგონი არავის მოუგია.
– ბაიერნმა მოუგო 2013 წელს.
– ლივერპულს წინა შეხვედრა 3:0 ჰქონდა წაგებული და ძალიან დიდი მიღწევა იყო 4:0-ით მოგება. ასე რომ ფინალის მოგების იმედი მაქვს. თუმცა ტოტენჰემი მძიმე გუნდია და მასთან თამაში ადვილი არ იქნება.
ადვილი არც 2005 წლის ფინალის მოგება იყო, მაგრამ მოიგეს. ის თამაში მე ძალიან დამეხმარა სიძნელეების გადალახვაში.
ნაციონალებმა ჩემი დაჭერა გადაწყვიტეს და 2004 წელს საქართველოდან გაქცევამ მომიწია. ვცხოვრობდი აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში, ახლობლის ახლობლის პატარა ბინაში. არ ველოდი, რომ გასაქცევად გამიხდებოდა ოდესმე საქმე და საშინელ უიმედობაში ვიყავი.
ლივერპული-მილანის თამაშსაც ნაძალადევად დავუწყე ყურება. მხოლოდ იმიტომ ვუყურებდი, რომ ჩემი გუნდი თამაშობდა. საშინლად უიმედოდ ვიყავი განწყობილი, თან პირველი ტაიმი მძიმე აღმოჩნდა 3:0 წავაგეთ, მაგრამ მეორე ტაიმში მოხდა საოცრება. შეხვედრა ლივერპულმა მოიგო.
ჰიმნი მართლა საოცარი აქვს ამ გუნდს, რომელიც შთაგაგონებს, რომ წინ უნდა იარო, უნდა გაიმარჯვო. გეუბნება, რომ არასდროს იქნები მარტო. ამ ფინალის მოგებამ გამიჩინა იმედი, მომაკრებინა ძალები. მერე გავიხსენე, ვისი გორის ვარ. გავიხსენე, რომ ნაციონალებზე გავიმარჯვე და ისე გამოვეპარე ქვეყნიდან, ერთი თვე კიდევ საქართველოში მეძებდნენ.
– ფეხბურთის ქომაგებს საყვარელი გუნდისთვის ათასი სისულელე აქვთ ჩადენილი. თქვენთან როგორ არის ამ მხრივ საქმე?
– მე ლივერპულის გამო თბილისის ზღვა გადავცურე სიგრძეზე. ეს საკმაოდ რთული გასაკეთებელი იყო, მაგრამ მე ეს შევძელი.
ეს გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში მოხდა, მაშინ “ვიდეოპრისტავკები” ახალი შემოსული იყო. ჩვენს უბანშიც ჰქონდა რამდენიმეს. “პრისტავკის” პატრონებს ვიდეო-კასეტებიც ჰქონდათ. მაშინ უცხოურ ფილმებს ასე თუ ნახავდი. ჩემს ნაცნობს ლივერპულის და სხვა უცხოური გრანდების თამაშებიც ჰქონდა კასეტებზე ჩაწერილი.
სანაძლეო დავდეთ, თუ ზღვას გადავცურავდი, “პრისტავკას” და ამ კასეტებს მომცემდა.
თბილისის ზღვა გადავცურე და ნიძლავიც მოვიგე.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა