გიორგი ლაღიძე – “საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებამ ქართველი ემიგრანტები ძალიან დააზარალა”

გიორგი ლაღიძე - "საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებამ ქართველი ემიგრანტები ძალიან დააზარალა"პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე “ახალ თაობის” კითხვებს პასუხობს.
– ბატონო გიორგი, როგორ მიდის პოლიტიკური პროცესები საქართველოში?
– ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური ფონია. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ემიგრაციაშია წასული. ეს განპირობებულია ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობით, უმუშევრობის დონით, რომელიც წლების განმავლობაში იზრდება.
ხელისუფლება ურცხვად იტყუება, რომ ეკონომიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს, სამუშაო ადგილებს ქმნის, რაც არის ფარსი. ამას ყველა ვხედავთ. რეალურად, არსებული ვითარების შეფასება შეიძლება იმით, რა ვითარებაშიც ჩვენი საზოგადოება იმყოფება. დღეს ჩვენს ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა. მათ შორის, მძიმეა პოლიტიკურ მდგომარეობაც, რაც ჩვენი საზოგადოების ყოფაზე აისახება.
– ალბათ, უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნაა საჭირო, ვიდრე დღეს იქმნება? ისე, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით, უფრო მეტ ადამიანს მიეცა ევროპაში გასვლისა და სამუშაოს ძიების საშუალება.
– ჩვენ არ ვართ მომთაბარე ერი. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც საკუთარი სამშობლო, საკუთარი მიწა-წყალი ძალიან უყვარს. თუ საქართველოში ქართველი კაცი იქნება დასაქმებული და საკუთარ ქვეყანაში ნორმალური ანაზღაურება ექნება, ის არსადაც არ წავა. როდესაც ადამიანს ოჯახი ჰყავს გამოსაკვები და საერთოდ არ მუშაობს, ან მიზერული ანაზღაურება აქვს და არაფერში ყოფნის, იძულებულია, საკუთარი ქვეყანა დატოვოს და წავიდეს ევროპის ქვეყნებში, ან სხვაგან.
ეს არის იძულებითი ემიგრაცია. ვერც ერთმა ხელისუფლებამ – ვერც შევარდნაძის, ვერც სააკაშვილის და ვერც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა. პირიქით, ამ თვალსაზრისით კატასტროფული მაჩვენებელია.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაცილებით გაიზარდა ჩვენი ემიგრანტების რიცხვი. ეს ძალიან ცუდია იმ ფონზე, როდესაც საქართველოში შემოდიან სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები და შეიძლება სულ მალე ჩვენს ქვეყანაში ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდეთ.
“ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხს იმედები გაუცრუა. ქართული საზოგადოება მოატყუა. ამიტომ ხელისუფლება შესაცვლელია.
– საფრანგეთის ტყეები სავსეა ქართველებით, რომლებიც სამუშაოს საძებნად არიან ჩასული. იქ არიან შეყუჟული.
– დიახ, ღია ცის ქვეშ სძინავთ ქართველებს.
– ჩვენც გვაქვს ტყეები და დასამუშავებელი ადგილები, მაგრამ ბევრს არ უნდა მიწაზე მუშაობა. ვინც ვერ შოულობს იქ სამუშაოს, ჩამოვიდეს და თავის მიწა დაამუშავოს, არ სჯობს?
– აქ არ არის შესაბამისი ანაზღაურება. ქართველს კაცს, რომელიც მიწას ამუშავებს, იმდენად დაბალ ფასში უწევს თავისი პროდუქციის გაყიდვა, რომ ის უბრალოდ გაწეულ ხარჯებსაც ვერ იღებს. სამწუხაროდ, მას უკვე აღარ უღირს აქ მუშაობა. მე ერთ-ერთ ფაქტორად ესეც მიმაჩნია.
– კი, მაგრამ აქ იგივე სოფლის მეურნეობის პროდუქტები ძალიან ძვირი ღირს.
– მე ვისურვებდი, რომ ქართველი კაცი საკუთარ მიწაზე იყოს დასაქმებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თანაც აქ არის ერთი ფაქტორი – ევროპის ქვეყნებმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნებად გამოცხადება დაიწყეს. ამან ხელი შეუწყო ევროპის ქვეყნებიდან ქართველების დეპორტაციას. საინტერესოა, რა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის ქვეყნებს.
რანაირად ვართ უსაფრთხო ქვეყანა მაშინ, როდესაც ქვეყანაში 500 ათასზე მეტი დევნილი გვყავს, ქვეყნის შუაგულში ოკუპანტი სახელმწიფოს ჯარები დგანან, დედაქალაქიდან 30 კილომეტრის მოშორებით.
– ქართველებს იტაცებენ და საოკუპაციო რეჟიმის ციხეებში გადაჰყავთ.
– როგორ არის უსაფრთხო ქვეყანა, როდესაც კვირა არ გავა ისე, რომ რამდენიმე გატაცების ფაქტი არ მოხდეს. რუსმა ოკუპანტებმა და მათმა მხარდამჭერმა სეპარატისტებმა საქართველოს მოქალაქეები არ გაიტაცონ. არ ვიცი, რა კრიტერიუმით აფასებენ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად.
– ალბათ, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი ხელისუფლებას იმისთვის უნდა, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი შემოვიდეს.
– მესმის. მედალს ამ შემთხვევაში ორი მხარე აქვს. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ ამ საკითხს ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით შევხედოთ. ცალსახაა, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც სარჩოს საშოვნელად არიან უცხოეთში წასული, ამ კამპანიის შედეგად სერიოზულად დაზარალდნენ.
– ცხადია. ვინც მოასწრო მოქალაქეობის მიღება, ან ლეგალიზება, ის უსაფრთხოდ გააგრძელებს მუშაობას. ვინც ვერ მოასწრო, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
– ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ნება იბოძოს და საკუთარი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილები შექმნას, თორემ ამ ხელისუფლებას ქართველი ხალხი არჩევნების გზით აუცილებლად გამოუტანს განაჩენს და შეცვლის.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა