“ქართული ოცნების” წევრი, რომელმაც საზოგადოებას თავი სიძულვილის ენის გამოყენებით დაამახსოვრა, მანდატის დატოვებას აღარ აპირებს.
ნანა კოსტავას თქმით, მას ამომრჩეველმა თხოვა, რომ ქუთაისის საკრებულოში მუშაობა გააგრძელოს.
“ქვეყანაში იმდენი პრობლემა ხდება, ძალიან ვწუხვარ, რომ კიდევ ჩემი ამბით გავაღიზიანე ეს ხალხი. რაც შეეხება მანდატს, ამ დღეების განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა მითხრა, გოგო სად მიდიხარ, შენი მართალი სიტყვა უნდა ისმოდეს საკრებულოშიო, ჰოდა დავრჩები,”- აცხადებს ნანა კოსტავა.
ქუთაისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა, ნანა კოსტავამ Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ აღწერით გაზიარება დროში ბარკერის დის გარდაცვალებას დაემთხვა.
მოგვიანებით კოსტავამ ბოდიში მოიხადა. მისი თქმით სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.

