გორში 18 წლის კ.წ.-მ პოლიციის მანქანა გაიტაცა და ავტობანზე დაამტვრია

გორში 18 წლის კ.წ.-მ პოლიციის მანქანა გაიტაცა და ავტობანზე დაამტვრიაშსს-მ დააკავა არასრულწლოვანი, რომელმაც პოლიციის მანქანა გაიტაცა და ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა.

შსს-ს ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებული მოზარდი სოფელ ორთაშენში დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი – 2001 წელს დაბადებული კ.წ., ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს გამთენისაას გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, როდესაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა, კ.წ. -მ ისარგებლა შექმნილი გარემოებით, ჩაჯდა სამართალდამცველის სამსახურებრივ მანქანაში და დიდი სისწრაფით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გავიდა. მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და ავტომაგისტრალზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტს“ შეეჯახა. კ.წ.-მ ავტომობილი შემთხვევის ადგილზე მიატოვა, თავად კი მიიმალა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველებმა მის ადგილსამყოფელს მალევე მიაკვლიეს და დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გადაღების მიზნით, ადგილზე მივიდა შიდა ქართლის ადგილობრივი მედიასაშუალების, qartli.ge-ის რედაქტორი, საბა წიწიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მას სამართალდამცველებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და შემთხვევის ადგილის დატოვება მოსთხოვეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.

გორთან პოლიციის მანქანა ამოტრიალდა – ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს 10 პოლიციელი დაესხა თავს