“გვხვდება და ვითომ ვერ გვხედავსო… ” – ”ლურჯ ვეშაპთან” დაკავშირებული, კომაში მყოფი 14 წლის გოგონას საქმეზე გამოძიება დაიწყო

"გვხვდება და ვითომ ვერ გვხედავსო... " - ”ლურჯ ვეშაპთან” დაკავშირებული, კომაში მყოფი 14 წლის გოგონას საქმეზე გამოძიება დაიწყოშინაგან საქმეთა სამინისტრომ, 14 წლის გოგონას საქმეზე, რომელიც მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, გამოძიება სისხლის სამართლისკოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

გოგონას ოჯახის წევრთა ინფორმაციით კი გოგონა, სავარაუდოდ, სახიფათო თამაშის „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია. მშობლების ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მეოთხე დღეა, რაც გოგონა საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

„პოლიციამ 9 ივნისს, საავადმყოფოდან მიიღო შეტყობინება არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდა მეზობლების, არასრულწლოვანის ოჯახის წევრების და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც გამოძიებისთვის შესაძლოა საინტერესო ინფორმაცია ჰქონოდა. დაინიშნა არასრულწლოვანის საკომუნიკაციო საშუალებების (მობილურის და კომპიუტერული ტექნიკის) ტექნიკური ექსპერტიზა, აღებული იქნა ბიოლოგიური მასალის სინჯები და ტარდება ქიმიური ექსპერტიზა.

ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები,” – განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

როგორც მოზარდის დედა „რუსთავი2“-თან საუბრისას აღნიშნავს, 14 წლის გოგონას მოწამვლა სავარაუდოდ, სახიფათო თამაშს „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირდება. მისი თქმით, მოზარდი ბოლო პერიოდში უცნაურად იქცეოდა და გარკვეული შიშები ჰქონდა.

„ყველა მეუბნებოდა, რომ ბავშვი არის დეპრესიაში. გვხვდება და ვითომ ვერ გვხედავსო… ვგრძნობ, რომ უბედურება მელოდება, ფსიქოლოგთან წამიყვანეო, მეუბნებოდა. კარგი, წაგიყვან-მეთქი. ეს საუბარი იყო ხუთშაბათს ან პარასკევს. პარასკევს საღამოს ზედა სართულიდან ჩამოვედი და მის საძინებელში რომ შევედი, ტელეფონი ეჭირა. ვუთხარი, გაკვეთილები აიღე-მეთქი. დავინახე, რომ რაღაცა თამაში ჰქონდა ჩართული და უცებ გამორთო. ამ ბოლო დროს ხშირად ვეჩხუბებოდი, სულ ტელეფონში ნუ ხარ მეთქი,“ – განაცხადა მოზარდის დედამ ინგა ბურდულმა.

ამ დრომდე უცნობია, რითია 14 წლის გოგონა მოწამლული. მოზარდის მამის, გიორგი ჭახელიძის განცხადებით, ექიმებმა მის შვილს ბიოქიმიური ანალიზი მხოლოდ მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც ამბავი ტელევიზიით გაშუქდა.

„დღემდე არ ჩატარებულა ბიოქიმიური ანალიზი და ექიმებმა არ იციან ბავშვი რითია მოწამლული. როგორ შეიძლება უმკურნალო ადამიანს და წამალი მისცე, როცა არ იცი საწამლავის სახელი. მას შემდეგ, რაც ამბავში ტელევიზია ჩაერია, ნება იბოძეს და აკეთებენ ბიოქიმიურ ანალიზს,“ – განაცხადა გიორგი ჭახელიძემ.