ირაკლი კობახიძე გადადგა

ირაკლი კობახიძე გადადგაპარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა. ამის შესახებ Imedinews-ს სანდო წყარომ აცნობა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. შესაბამისი ოფიციალური განცხადება ბრიფინგზე გაკეთდება.

პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს.

გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, უმცირესობას, იმ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე  2016 წლის 18 ნოემბერს აირჩიეს.
კობახიძე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, აღმასრულებელი მდივანი, პოლიტიკური საბჭოს წევრია 2015 წლიდან.

პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა. 

ჯამში, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 102 პაციენტი. 240-დან 80 იყო პოლიციელი.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და “ქართული ოცნების” წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და მის გადადგომას მოითხოვა. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ.