ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიციელებს მიმართა – ”დაიცავით სახელმწიფოს ინტერესები”

ლევან ვასაძისა და მისი მხარდამჭერების მიერ დაჯგუფების შექმნას და ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოსვლებს, პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი, ირაკლი ოქრუაშვილი ეხმაურება. განცხადება ოქრუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და პროცესებს მართული უწოდა.

ოქრუაშვილი ამბობს, რომ ვითარების დაძაბვა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებას უკავშირდება.

„ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორი სუსტია ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ქვეყანაში, სადაც კონსტიტუცია, კანონები და სახელმწიფო ინსტიტუტები ერთი ადამიანის ნება-სურვილზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული, მეორეხარისხოვანს ხდის დემოკრატიას და მის ფუნდამენტურ ღირებულებებს – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ჩვენ საქმე გვაქვს უფრო ღრმა პროცესებთან, ვიდრე ფასეულობათა ბრძოლასთან. განვითარებული მოვლენები ასევე გვაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფრის უკან შეიძლება იდგეს ერთი სცენარისტი, რომლის მიზანია ქვეყანაში არეულობის გამოწვევა, რამაც შესაძლოა, ხელისუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივოს ივანიშვილს,“ – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა ცივილიზაციასა და “ბნელ გვირაბს” შორის არჩევანის წინაშე დგას. ის ხელისუფლებას კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენს წინაშე დგას ამოცანა, დარჩება თუ არა საქართველო ცივილიზებული სახელმწიფოს ნაწილად, თუ ჩვენ აღმოვჩნდებით ბნელ გვირაბში, რომლის ბოლოში სინათლე არ ჩანს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, დაიცვას სახელმწიფოს და სახელწიფო ინსტიტუტების ინტერესები და ამ ინსტიტუციებმა დაიბრუნონ ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან წართმეული ძალაუფლება.

„ასევე მივმართავთ თითოეულ პოლიციელს, დაიცვან სახელმწიფოს ინტერესი, მათი მუნდირის ღირსება, რათა ცალკეულმა ჯგუფებმა არ შეძლონ სახელმწიფოს დაკნინება და მათი მხრიდან სახელმწიფოს ინტერესების ხელში აღება,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019