„მას ყელში გამოჩხერილი ჰყავს სამი-ოთხი ადამიანი პოლიტიკური სპექტრიდან და ერთ-ერთი შეიძლება მათ შორის, მეც ვიყო და ყველაზე მეტად მას ყელში გამოჩხერილი ჰყავს “რუსთავი 2,“ – ეს განცხადება, „პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა.
ირაკლი ოქრუაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც 20 ივნისის ღამეზე საუბრისას განაცხადა, რომ დამნაშავეების დასჯა მოხდება.
ოქრუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერს ებრძვის. ამას გარდა, ის დარწმუნებულია, რომ 2020 წლის არჩევნებამდე ივანიშვილი “რუსთავი 2”-ზე მიიტანს შეტევას.
„ეს არის, პირველ რიგში, დროის გაწელვის მცდელობა, რათა მან ხელისუფლება შეინარჩუნოს, ეს არის პოლიტიკური პარტიების დაქსაქსვის მცდელობა და ეს არის მათთან ვაჭრობის მცდელობა. რაც შეეხება, ივანიშვილის ზოგადად განწყობას და გადაწყვეტილებას, მას ყელში გამოჩხერილი ჰყავს სამი-ოთხი ადამიანი პოლიტიკური სპექტრიდან და ერთ-ერთი შეიძლება მათ შორის მეც ვიყო და ყველაზე მეტად მას ყელში გამოჩხერილი ჰყავს “რუსთავი 2”. შემდეგი წელიწადნახევრის განმავლობაში, ის შეტევას მიიტანს, როგორც გუშინწინ ღამ მიიტანა შეტევა საკუთარ ხალხზე, შეტევას მიიტანს “რუსთავი 2”-ზე. ასე, რომ ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და მისი ეს კატა-თაგვობანას თამაში, ბოლოს ის კატას გამოთხრის, მე ამაში დარწმუნებული ვარ,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების გასამართლების სამართლებრივი საფუძვლები არ აქვს.
„რაც შეეხება პოლიტიკური ლიდერების დევნას, მისი გადასაწყვეტია ეს. ამაში ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგებით, სამართლებრივი საფუძველი მას ამის არ გააჩნია. თუმცა, ნებისმიერი სახის ასეთი ტიპის ქმედება ხელისუფლების მხრიდან, ავტომატურად გააღრმავებს უფრო მეტად პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში, უფრო მეტად დააჩქარებს მისი ხელისუფლებიდან წასვლას,“- ამბობს ოქრუაშვილი.
ირაკლი ოქრუაშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების მთავარ მოთხოვნას, რომ შს მინისტრი უნდა გადადგეს.

