“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, საარჩევნო სისტემა შეიცვალოს. ინაშვილის თქმით, ქვეყანაში იკარგება რწმენა არჩევნებისადმი – კანდიდატებს აღარ სჯერათ, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს.
დეპუტატის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება კი სისხლის სამართლის დანაშაული არ გახდება, 2020 წელს რევოლუცია მოხდება.
“თამარ ჟვანია რა სტატისტიკითაც არ უნდა წარდგეს პარლამენტის წინაშე, ჩვენ ნანახი გვაქვს ეს კინო. მე პირადად ნანახი მაქვს საგარეჯოში, სხვადასხვა რაიონებში. საჩივარი გინდა დაწერე და გინდა, ნუ დაგიწერია. განსაკუთრებით, ოპოზიციის მხრიდან დაწერილი საჩივრები ყოველთვის ხდება ისე, რომ არ კმაყოფილდება.
მითუმეტეს, თუ სასამართლოში მიხვედი. ამიტომ ვაპროტესტებდით სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს და ამიტომ ვაპროტესტებთ. არც ერთი საჩივარი, არ ჩვენი, არც სხვა ოპოზიციური პარტიების, არ დაკმაყოფილებულა სასამართლოში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით.
ცესკო ნუ იფიქრებს, რომ არჩევნების საკითხი მხოლოდ ვიწრო კომპეტენციაში ეხება ცესკოს. ქვეყანაში რწმენა იკარგება არჩევნებისადმი. აღარც კანდიდატებს სჯერათ, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს და აღარც ხალხს სჯერა, რომ არჩევნებში ის შედეგი იდება, რაც უნდა დაიდოს. ცესკოში ყველაფერი დავარცხნილი გაქვთ, არჩევნები დავარცხნილია, ვერავინ თითქოს ვერ შემოგედავებათ, მაგრამ ჩახვალ იორმუღალოში, რომელიც არის ხმების ბეღელი ხელისუფლებისთვის და ეს გადასარევად იცით თქვენც, ხელისუფლებამაც, მაგრამ ვერ მოვერიეთ ამ საარჩევნო უბნებს და სწორედ ამ უბნების ხარჯზე ხდება ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლების “ტრიუმფალური გამარჯვებები” იქ, სადაც წაგებული აქვთ რეალურად კანდიდატებს.
მინდა პარლამენტს დღეს მოვუწოდო, განსაკუთრებით ოპოზიციას, ხელისუფლებას და უმრავლესობასაც, სადაც ალაგ-ალაგ მოკავშირეები იმედია შემორჩენილი მყავს – საარჩევნო სისტემა უნდა შევცვალოთ. უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება უნდა გახდეს სისხლის სამართლის დანაშაული, თორემ 2020 წელს რევოლუციას მიიღებთ და არ გვინდა ჩვენ ეს რევოლუცია. გვინდა რომ მშვიდობიანად შეგცვალოთ და მოგვეცით ამის საშუალება”, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

