ივანიშვილი ბახტაძეს უშვებს და მის ადგილზე ცქიტიშვილს ნიშნავს?

ივანიშვილი ბახტაძეს უშვებს და მის ადგილზე ცქიტიშვილს ნიშნავს?„ქართულ ოცნებაში“ დიდი გადაყენებები იწყება.

იმის შესახებ ხმები, რომ სამთავრობო კარუსელი დატრიალდებოდა, ჯერ კიდევ შუალედურ არჩევნებამდე გავრცელდა და მაშინ ისიც ითქვა, რომ ნაარჩევნებს ივანიშვილი ვიღაცებს ყურს აუწევდა და გრძელვადიან შვებულებაში გაუშვებდა. „ყურის აწევა,“ როგორც ირკვევა, მამუკა ბახტაძეს ემუქრება, ანუ თითქმის დადასტურებულია ინფორმაცია, რომ აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, პრემიერი, რომელიც ოკეანის გაღმა გაურკვეველ რიხვებზე საუბრობდა, თანამდებობას დატოვებს.
ბახტაძის შემცვლელად ყველაზე ხშირად გიორგი გახარიას კანდიდატურა სახელდებოდა, მაგრამ ოლიგარქს, არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება შუეცვლია და გაპრემიერებას მაია ცქიტიშვილს უპირებს.

ზოგადად, ცქიტიშვილი, რომელიც ამჟამად ინფრასტრუქტურის მინისტრია, ივანიშვილის დავალებების უსიტყვო შემსრულებლად ითვლება. ამასთან, „ოცნების“ კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ამ ქალბატონს ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან ყველა ინფორმაცია წერტილ-მძიმიანად მიაქვს, ანუ ცქიტიშვილი ივანიშვილის უსიტყვო მორჩილია.

ამას გარდა, ბახტაძესთან ერთად თბილი სავარძლის დატოვება შესაძლოა, სხვებსაც მოუწიოთ, თუმცა რამდენიმე დღის წინ, „ოცნებაში“ გამართულ დახურულ შეხვედრაზე, ივანიშვილს მკაფიოდ მარტო ის უთქვამს, რომ ბახტაძე შინ უნდა წავიდეს.
მაია ცქიტიშვილის მთავრობის მეთაურად დანიშვნა იმას მოასწავებს, რომ „ოცნების“ კლანების შიდა ომი გაღრმავდება, ანუ აქამდე ცნობილი იყო, რომ ივანიშვილის კარზე ორი გავლენიანი დაჯგუფება არსებობდა, მათ შორის, ერთი – კახა კალაძის. მართალია, ცქიტიშვილს საკუთარი გუნდი არ ჰყავს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ანუ მას შემდეგ, როცა ეს ქალბატონი პრემიერი გახდება, ივანიშვილის მითითებით, ალბათ, ძალას და ღონეს არ დაიშურებს, რომ ყველა „მეოცნებე“, რომელსაც ივანიშვილის ზურგს უკან თამაშის ამბიცია აქვს, პოლიტკურად გაანეიტრალოს.

ეს როგორ მოხდება, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ „მამა-მარჩენალი“ მათ უფრო აფასებს, ვისაც მასთან ენები მიაქვს, ამიტომაც, არსებობს ალბათობა, რომ „ოცნებაში“ „ჩაშვების კვირეულები“ დაიწყოს.
ასეა თუ ისე, მმართველი გუნდი ცაიტნოტშია – მას პრობლემები მარტო საერთაშორისო ასპარეზზე კი არ აქვს, არამედ, შიგნითაც. ვითარებას ისიც ართლებს, რომ „ოცნება“, როგორც ამბობენ, ახალ სახეებს ვერ ეძებს, ანუ ყველა გავლენანმა „ფეისმა“ მმართველ გუნდს უარი უთხრა, რომ მისი სახე გახდეს. ბახტაძის გაშვება და მის ადგილას ცქიტიშვილის მოყვანა კი არსებულ მოცემულობას ოდნავადაც ვერ შეცვლის.

ნიუპოსტი