კლიჩკომ სააკაშვილს თავისი პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა

კლიჩკომ სააკაშვილს თავისი პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზაპარტია „უკრაინის დემოკრატიული ალიანსი რეფორმებისათვის“ ლიდერმა, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს საკუთარი პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა. ამის შესახებ კლიჩკომ Facebook-ის საკუთარ  გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს მოვისმინე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა, რომლის პოლიტიკურ ძალასაც არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში პრობლემებს უქმნიან, ამიტომ მზად ვარ მას პოლიტიკურად მხარში დავუდგე. ასეთ კავშირს ქვეყანაში ცვლილებების გასატარებლად საჭირო ძალისხმევის გაორმაგება შეუძლია.

ჩემი პარტია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და მე პარტნიორებს არჩევნებში ერთად მონაწილეობას ვთავაზობ. მე ვრჩები პარტიის ლიდერად, მიხეილ სააკაშვილს კი პარტიის თავმჯდომარეობას ვთავაზობ“, – განაცხადა კიევის მერმა.

4 ივნისს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ზელენსკის ადმინისტრაცია სააკაშვილთან თანამშრომლობის საკითხს განიხილავს, თუმცა მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა იულია მენდელმა განაცხადა, რომ ზელენსკის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილისთვის ოფიციალური თანამდებობის შეთავაზებას არ განიხილავს.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა” უკრაინის რადას არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

სააკაშვილი უკრაინაში 29 მაისს ჩავიდა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ექსპრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით 2017 წლის 26 ივლისს ჩამოართვეს.

იმედინიუსი