კობა ნარჩემაშვილი – “ჯობდა, კობახიძე წინა დღეს გადამდგარიყო, ხელისუფლებას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს”

კობა ნარჩემაშვილი - "ჯობდა, კობახიძე წინა დღეს გადამდგარიყო, ხელისუფლებას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს"პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
– ბატონო კობა, შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება?
– ახლა არის პროცესი, როდესაც ხელისუფლება ზღავს ამ ყველაფრისთვის. ახლა არის დრო, როდესაც “ქართული ოცნება” ამ ყველაფერში პოლიტიკურ ფასს იხდის. ნაციონალურმა მოძრაობამ არა მხოლოდ ის მოახერხა, რომ პროცესები ქუჩაში გადაეტანა, არამედ მოახერხა ის, რომ “ქართულ ოცნებას” გაეკეთებინა ის, რასაც თავად წლების განმავლობაში აკეთებდა.
ამდენად, დღევანდელ ხელისუფლებას მოუსპო ყველანაირი ლეგიტიმური საფუძველი, რომ ილაპარაკოს 7 ნოემბერზე, 26 მაისზე, ძალადობაზე.
აქედან გამომდინარე ამ ორი პოლიტიკური ძალის სრული დელეგიტიმაცია მოხდა. თუ ეს ორი ძალა იყო აქამდე პოლიტიკურ ავანსცენაზე როგორც პოლიტიკის, პროცესების განმსაზღვრელი, ახლა ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ორივე ძალა არის საზოგადოების მიერ ლეგიტიმაციის გარეშე.
ახლა საზოგადოებამ უნდა მოახერხოს, რომ ეს ორივე პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთი იყო დესტრუქციული და მეორე, რომელიც გახდა ასეთი, პოლიტიკური სცენიდან გაიყვანოს.
– ბატონო კობა, 2003 წელს თქვენ პოლიტიკურად ასეთივე რთულ ვითარებაში შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით. რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს რომ უყურებდით, რას ფიქრობდით, რამდენად ადეკვატური იყო მინისტრი გახარია?
– მე არა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, არამედ 1988 წლიდან მოყოლებული ყველა პოლიტიკური პროცესის მონაწილე ვარ. ხან ვიყავი პარლამენტის შენობის შიგნით და ხან გარეთ.
– მე მაინტერესებს შს მინისტრის გამოცდილება.
– მე ვიცი, რას ნიშნავს ქართველი კაცისთვის ღირსება. მე ვიცი, რას ნიშნავს ქართველისთვის ეს ყველაფერი, ამიტომ როგორი პროპორციული ძალაც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, ეს მაინც გახდება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საფუძველი. დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნება” აუცილებლად გადაიხდის ამ პოლიტიკურ ფასს. შეუძლებელია, პოლიტიკური ფასი არ ჰქონდეს იმას, რაც მოხდა. ეს რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
30 წლის მანძილზე საქართველოში განვითარებული ყველა პროცესისგან, ყველა მოვლენისგან რადიკალურად განსხვავებული იყო. ერთადერთი. რასაც ჰგავდა. ეს იყო 2003 წლის მოვლენები.
1991-1992 წლების მოვლენებს არ დავარქვით თავისი სახელი.
2003 წლის მოვლენებს “ვარდების რევოლუცია” დავარქვით იმის მაგივრად რომ გვეთქვა, რაც მოხდა, მოხდა კონსტიტუციური წყობის დამხობა. პოლიტიკოსების ჯგუფმა, რომლებიც შეირაღებულები იყვნენ. სახელმწიფო ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს.
მაშინ პოლიციას არანაირი ძალადობა არ გამოუყენებია. არანაირი ცრემლსადენი გაზი, არანაირი რეზინის ტყვია და არანაირი წყლის ჭავლი არ გამოგვიყენებია.
რამდენჯერაც პოლიტიკური პროცესების კონიუნქტურულ შეფასებებს გავაკეთებთნ იმდენჯერ ვიქნებით დესტაბილიზაციისა და, პირდაპირ გეტყვით, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე.
– რამდენად გადაიხადა “ოცნებამ” პოლიტიკური ფასი? ირაკლი კობახიძე გადადგა, ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ელოდით გახარიას გადადგომას?
– პოლიტიკაში ასეა, სიკვდილის გარდა, ყველაფერი პოლიტიკოსზე მუშაობს. მით უფრო თუ ის პოლიტიკოსი ახალგაზრდაა. კი გადადგა ირაკლი კობახიძე, მაგრამ მას აქვს შანსი, დაბრუნდეს პოლიტიკაში.
თუმცა, ერთი რამ არის აქ მნიშვნელოვანი: თუ ირაკლი კობახიძეს ეს გადაწყვეტილება მაინც უნდა მიეღო და უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან, მაშინ 1 დღით ადრე უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება.
ეს იქნებოდა სახელმწიფოებრივად ბევრად უფრო გამართული და მისთვისაც ძალიან სასარგებლო, როგორც პოლიტიკოსისთვის. ასევე სასარგებლო იქნებოდა ჩვენი ქვყნის განვითარებისთვის, ქვეყნის დემოკრატიული პროცესების თვალსაზრისითაც.
ამიტომ, აბსოლუტურად გაუგებარია, რა საჭირო იყო ის ყველაფერი, რაც რუსთაველის გამზირზე მოხდა.
დღეს, რა თქმა უნდა, კობახიძის გადადგომა პოლიტიკური ფასია, მაგრამ ეს აქტივში ხელისუფლებას ნაკლებად ეწერება. ამიტომ ვამბობ, რომ მას მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა