ლაურა ღაჭავა: “ერეკლე კოდუა უცხოეთშია, რა შუაშია ის ჩემს საქმიანობასთან?!”

ლაურა ღაჭავა: "ერეკლე კოდუა უცხოეთშია, რა შუაშია ის ჩემს საქმიანობასთან?!"“ჩაინა ლილო სითიში” 6 ივნისს გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. როგორც ბაზრობის მეპატრონეები აცხადებენ, ზარალი დაახლოებით 2 მილიონი ლარია.
“ჩაინა ლილო სითის” მფლობელი, ლაურა ღაჭავა, ხანძრის საღამოს დივერსიას გამორიცხავდა, თუმცა ახლა საუბრობს, რომ ძალიან ბევრი მტერი ჰყავს და არაფერია გამორიცხული.
– ქალბატონო ლაურა, წინ ღამით დივერსიას გამორცხავდით. დღეს უკვე საუბრობთ, რომ ძალიან ბევრი მტრი გყავთ, ვიღაცეებს ხელს უშლით და გამორიცხული არაფერიაო. რატომ, რა შეიცვალა?
– მე ამ დრომდე თავს ვიკავებდი, გამომეთქვა ჩემი ვარაუდი, თუ საიდან გაჩნდა ცეცხლი. საწყობი დაკეტილი იყო, იქ ელექტროგაყვანილობა არ არის, მითხარით, საიდან უნდა გაჩენილიყო ცეცხლი?! ვინმემ რაღაც მიზანმიმართულად ხომ არ შეაგდო, უკვე ეჭვი მეპარება. საიდანაც ცეცხლი წარმოიქმნა, ჩინელებმა მითხრეს, რომ საწყობში გაჩნდაო, საწყობი დაკეტილი იყო და შუქიც არ არის.
– ვისზე გაქვთ ეჭვი?
– ამას ჯერ არ ვამბობ, ძალიან ბევრი მტერი მყავს და არ ვიცი, ვის შეიძლება გაეკეთებინა. ალბათ ვიღაცას ხელი შევუშალე. ერთი რამ ცხადია, სადაც ხანძრის კერა გაჩნდა, იქ არ იყო ელექტროგაყვანილობა და არც კონდიცირება და არაფერი, საიდანაც შეიძლება ცეცხლი გაჩენილიყო. ამიტომ წარმოიშვა ეჭვი, რომ ეს ხომ არ მოხდა მართდა მიზანმიმართულად.
ამიტომ მოვითხოვეთ ექსპერტიზა. ვშიშობ, რომ ცეცხლი ხელოვნურად გააჩინეს. გამომძიებლები და ექსპერტები მუშაობენ, ვნახოთ, რა დასკვნას დადებენ და დანარჩენზე მერე უფრო ღიად ვისაუბრებ.
– მტრები გვყავსო, ხომ არ გავიწროვებდნენ? გენერალური დირექტორის მხრიდან მამაცაშვილის გვარმა გაიჟღერა, რა კავშირი აქვს მას თქვენს საქმიანობასთან?
– მამაცაშვილი არაფერ შუაში არ არის ამ ბაზრობასთან. ვინც ეს განცხადება გააკეთა, ეს არის ჩინელების ბაზრის დირექტორი, მას კიდევ აქვს ბიზნესი ლილოს ტერიტორიაზე, პარტნიორთან აქვს უსიამოვნება და იმ პარტნიორს პატრონობს უჩა მამაცაშვილი და მე მავიწროვებენო. ხოლო ჩვენს ბაზრობასთან არანაირი კავშირი არა აქვს.
რადგან მისმა პარტნიორმა თქვა, უჩა მამაცაშვილი ჩემი პატრონიაო, ახლა ჩვენც მას ხომ არ დავაბრალებთ ყველაფერს. ამას დასაბუთება ჭირდება. ჯერ არაფერია დასრულებული და ასე ღიად ვერავის სახელს და გვარს ვერ დავასახელებ. ამის გამო, მე ვუსაყვედურე ბატონ ზვიად ქირიას.
– თავად თქვენ თუ გქონიათ პრობლემები საგადასახადოსთან ან სხვა უწყებებთან?
– ადრე არასოდეს არ მქონია პრობლემა, 15-20 დღეა, დაემთხვა საგადასახადოს გეგმიური შემოწმება, მერე ფინანსური პოლიცია მოვიდა და წაიღო ყველაფერი ღამით. ჩვენ არ მოგვეწონა მათი ღამე შემოსვლა, რა იყო ეს ღამე მოვარდნა და წაღება?! მე მაგ დროს არ ვიყავი თბილისში, ავსტრიაში ოპერაციაზე ვიყავი წასული.
გარდა ამისა, მერე ჭავჭავაძის ობიექტი დამიყადაღეს, მერე დამიყადაღეს არაყიშვილის ქუჩის ობიექტი და ინკასო დამადეს, ამის გამო ხელფასს ვერ ვიხდი, არენდას ვერ მირიცხავენ, ძალიან ცუდ დღეში ვარ და ხომ შეიძლება, ინკასო მომიხსნან და ყადაღა ქონების იყოს, სანამ გამოძიება დამთავრდება, ეს არ იყო პრობლემა, უბრალოდ ვითხოვდით, მოგვეცით მუშაობის უფლება-თქო.
ამ საკითხს ვაყენებდი და დღემდე არ არის პასუხი. ამას ძალიან განვიცდი და ვნერვიულობ. წუხელ კიდევ ახალი უბედურება დაგვემართა, საერთოდ დაგვეწვა ბაზრობა.
– რომელ საათზე დაკეტეთ შენობა, როდის გაჩნდა ცეცხლი, რას ამბობს დაცვა?
– გუშინ ბაზრობა არ იყო. აქ საბითუმო ბაზრობაა და კვირაში ორი დღეა ბაზრობის დღეები – ეს არის ოთხშაბათი და შაბათი. ხუთშაბათს საერთოდ ბაზრობა არ იყო, დაკეტილი იყო ყველაფერი და გაჩნდა ცეცხლი. სწორედ ეს არის გასაგიჟებელი, საიდან ცეცხლი, როცა დაკეტილი იყო ყველაფერი და დაცვა იყო მარტო.
– დაცვა რას ამბობს?
– დაცვა ამბობს, რომ დავინახეთ პატარა ცეცხლის კერა და მაშინვე დავრეკეთ 112-შიო. მუშაობენ გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები დამწვარ ობიექტზე და, იმედია, იტყვიან, რა მოხდა, საიდან გაჩნდა ხანძარი – ელექტროობიდან თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე.
– ძალიან ბევრი მტერი მყავსო და რას გულისხმობდით? ვინ არიან თქვენი მტრები?
– ბიზნესი როცა გაქვს, თანაც წარმატებული, მტერიც ბევრი გყავს. ეს ჩვენთან მიღებული ნორმაა.
– ზოგმა პოლიტიკური სარჩული დაუდო ამ ყველაფერს, ამაზე რას იტყვით?
– პოლიტიკური სარჩული მიაბეს იმდენად, რამდენადაც მე რადგან ერეკლე კოდუას დედა ვარ, პოლიტიკური ხომ არ არისო, ამას ეჭვობენ. არ ვიცი, მე პოლიტიკაში არა ვარ, მე მაქვს ჩემი საქმე, ჩემი შვილი უცხოეთშია, აქ არ არის.
ხომ უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ ეს ლანძღვა-გინება და უსიამოვნება. გვამუშაონ, მეტი არაფერი პრეტენზია არ მაქვს. გვამუშაონ, ხელის შეწყობა არ მინდა, ოღონდ ხელს ნუ შემიშლიან. ძალიან ბევრი ხალხი მყავს დასაქმებული და რა გამოდის, რომ ხელფასს ვერ ვაძლევ.
– ანუ შესაძლოა აქ იყოს შურისძიების, ანგარიშსწორების მომენტი?
– არ ვიცი. რატომ უნდა იყოს შურისძიება? ამ ყველაფერს მე ვუძღვები და ეს ჩემი საქმიანობაა, ერეკლე უცხოეთშია, რა შუაშია ის ჩემს საქმიანობასთან?!
– რა რაოდენობის ზარალი ნახეთ?
– 2 მილიონის ზარალი ვნახეთ, დამწვარია დიდი ოდენობით საქონელი და, რა თქმა უნდა, უძრავი ქონებაც. რომ იტყვიან, სულ დავიქეცი. ბანკში სესხი მაქვს აღებული, თუ ვერ ვიმუშავეთ, დროთა განმავლობაში ბანკი ადგება და ქონებას გამიყიდის და გამაკოტრებს. აი, ამის საშიშროების წინაშე ვდგავარ.
ეს ხომ არის ხელოვნურ გაკოტრება?! მომცენ მუშაობის საშუალება და ძიება და ყადაღა იდოს ქონების.
– დაზღვეული თუ გქონდათ ობიექტი?
– კი, დაზღვევა გვქონდა უძრავი ქონების. ჩინელებს აქვთ თავიანთი საქონელი დაზღვეული. ალბათ ნაწილს აგვინაზღაურებენ, მთელ ზარალას ვინ აგვინაზღაურებს.
აქ ვარ და ველოდები ექსპერტიზის დასრულებას, ფეხს არ მოვიცვლი მანამ, სანამ არ მეტყვიან, რამ გამოიწვია ხანძარი.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა