“რაც გრამი ტვინი მაქვს, ყველაფერს ვიყენებ. რაც ლოცვაა, ჩემს ლოცვას რა ძალა აქვს, მაგრამ რაც შემიძლია, ვლოცულობ ეს დღეები. სრულად დასერილი ვარ ამ ჭრილობებისგან”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ვერის ბაღში ჟურნალისტებს განუცხადა.
მან შს სამინისტროს შენობაში გამოკითხვაზე მისვლამდე მედიასთან განაცხადა, რომ ყველაფრისთვის მზად არის.
“მე ჩემი მოკრძალებული ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე ვმოქმედებ. რაც გრამი ტვინი მაქვს, ყველაფერს ვიყენებ. რაც ლოცვაა, ჩემს ლოცვას რა ძალა აქვს, მაგრამ რაც შემიძლია, ვლოცულობ ეს დღეები. სრულად დასერილი ვარ ამ ჭრილობებისგან. თავს არავის ვაცოდებ. ადამიანის შესაძლებლობების ზღვარს მიღმა ვდგავარ. ამიტომ, თუ რამე შეცდომა დავუშვი, შემინდეთ.
ჩემი გადაწყვეტილება ასეთია, ახლა რომ ფეხები გავფშიკო და პოლიციაში არ წავიდე, მოვარდება პოლიცია ან რაღაც უბედურება და აქვე რაღაც არეულობა მოხდება…
ჩემი ქვეყნისთვის არაფერი მენანება. გამოვედი სახლიდან, ცოლ-შვილს დავემშვიდობე. რაც დასაწერი იყო ანდერძი თუ რაც საჭიროა, ყველაფერი დაწერილი მაქვს. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. მინდა ბიძინას (ივანიშვილი) ვკითხო, შენ მზად ხარ ამისთვის?!”,-განუცხადა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს.
როგორც ცნობილია, ლევან ვასაძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.
უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პოლიცია გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა.ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აიპრესი

