ლივერპულმა ჩემპიონთა თასი მოიგო

ლივერპულმა ჩემპიონთა თასი მოიგორამდენიმე წუთის წინ მადრიდში ატლეტიკოს სტადიონ ვანდა მეტროპოლიტანოზე დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ინგლისურ გუნდებს – ლივერპულსა და ტოტენჰემს შორის.

შეხვედრა ლივერპულის შეტევებით დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე მოჰამედ სალაჰმა პენალტით თავისი გუნდი დააწინაურა – 1:0.

მეორე ტაიმის ბოლოს, როდესაც შეხვედრის დასრულებას რამდენიმე წუთი აკლდა, ლივერპულმა გაითამაშა კუთხური, ბურთი შეცვლაზე შესულ დივოკ ორიჯის მიუვიდა, რომელმაც მეორედ აიღო მეტოქის კარი – 2:0.

მატჩის არბიტრმა შეხვედრას 5 წუთი დაამატა. ტოტენჰემი განუწყვეტლივ უტევდა და რამდენიმეჯერ სახიფათოდაც დაარტყა, მაგრამ საიმედოდ ითამაშა მეკარე ალისონ ბეკერმა, რომელიც ლივერპულში ამ სეზონში გადავიდა.

საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და ლივერპულმა თავის ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა ჩემპიონთა თასი.

აღსანიშნავია, რომ ეს ლივერპულის მწვრთნელ იურგენ კლოპის პირველი მოგებული ფინალია.