ლუკა კალანდია – ”მიხეილ კალანდიას ჩვენება მერაბ მორჩაძემ შეაცვლევინა, რომელიც ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა მოგვიგზავნა”

ლუკა კალანდია - ”მიხეილ კალანდიას ჩვენება მერაბ მორჩაძემ შეაცვლევინა, რომელიც ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა მოგვიგზავნა”ჩვენ ვხსნით ყველა კარტს – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ გააკეთა და ხორავას ქუჩის საქმის დღემდე უცნობ დეტალებზე პირველად ალაპარაკდა.

ლუკა კალანდიას ინფორმაციით, 2017 წლის 3 დეკემბერს დაკითხვაზე მათ წინააღმდეგ ფიზიკური და მორალური ზეწოლა განხორციელდა და ხელი ძალადობით მოაწერინეს ჩვენებაზე, რომელიც მათი დაწერილი არ იყო.

დავით სარალიძეს ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმა ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ თამაშებში ადანაშაულებს.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი ოჯახი თანამშრომლობდა გამოძიებასთან. არც ერთი წამი არ ვამტკიცებდით და ვამბობდით საწინააღმდეგოს, იმდენად დიდი ტრაგედია იყო მომხდარი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო სიმართლე, მაგრამ მივიღეთ ის, რომ გაირკვა ე.წ. სიმართლე.

რაც შეეხება ფიზიკურ ზეწოლას, 3 დეკემბერს, დაახლოებით 12 საათის განმავლობაში გვცემდნენ. მე მესმოდა პირადად, როგორ ცემდნენ მამაჩემს, მამაჩემსაც ესმოდა, მე როგორ მცემდნენ, ჩემი ძმაც უმოწყალოდ სცემეს და რომელ არასრულწლოვანთა უფლებებზეა საუბარი, ვინმეს რომ მიხეილისთვის ხელი დაეფარებინა, როგორ ფიქრობთ, ვინმე ხელს აწევდა ჩვენზე? იმიტომ გვცემდნენ, რომ დანაშაულის დაფარვის ასპექტში ყველამ კარგად იცის, რომ დააკავეს ჩვენი მეგობრები, უდანაშაულო მეგობრები.

არ გამოვრიცხავთ, საზოგადოების მხრიდან მსგავსი ნეგატიური ტალღისგან თავის დასაღწევად, ჩვენ დაგვაკავონ იმისათვის, რომ ჩამოგვაშორონ ასპარეზიდან. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. იმ პირების სახელი და გვარებიც არის ცნობილი, თუ არ დაგვცალდა და დაგვაკავეს, ამ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწოდებთ”,- განაცხადა ლუკა კალანდიამ.

ლუკა კალანდია ყვება, რომ მიხეილ კალანდიას ჩვენება მერაბ მორჩაძემ შეაცვლევინა. მისი თქმით, მორჩაძე მათთან 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში ივანე ნაკაიძემ მიაგზავნა, რომელიც ერთ-ერთი დაკავებულის, უკვე მსჯავრდებულის გ.ჯ.-ს ბიძა, ასევე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.

„ეს პიროვნება არის ერთ-ერთი დაკავებულის ბიძა, რომელიც საკმაოდ გავლენიანი ადამიანია და, ალბათ, მათი ინტერესიცაა. იქიდან გამომდინარე, ვამბობ მე ამას, რომ მათ მოგვიგზავნეს, ვითომდა, ჩვენი ნათესავი ადამიანი სახლში იმ მიზნით, რომ მიხეილს შეეცვალა ჩვენება და ჩვეულებრივად განახორციელა ზეწოლა, რის შედეგადაც მიხეილმა მერე ჩვენება შეცვალა. მერაბ მორჩაძე მოვიდა და გვითხრა, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის ბავშვობის მეგობარი და ახლობელი იყო. თქვენ ხვდებით, ახლა რა ხდება? ჩვენ ახლა ვხსნით ყველა კარტს, რაც აქამდე არ გაგვიხსნია, რაზეც აქამდე ჩუმად ვიყავით,“ – განაცხადა ლუკა კალანდიამ.