“ახალი თაობის” კითხვებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, დაიწყო მუშაობა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე. პირველი შეხვედრაც გაიმართა, თუმცა ოპოზიციას არ აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება მაჟორიტარულ სისტემას გააუქმებს. რამდენად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი?
– აბსოლუტურად არაფერს არ ველოდები. გამორიცხულია, რომ რაიმე დათმობაზე წამოვიდეს ხელისუფლება, იმიტომ, რომ ეს მათი სტილია, დათმობაზე საერთოდ არ მიდიან, როგორც ასეთი. ერთადერთი ვარიანტი იმისა, რომ წამოიყვანო დიალოგსა და დათმობაზე, ეს არის საპროტესტო აქციები, რომლებიც თანმდევი უნდა იყოს ამ განხილვის პროცესისა.
– ანუ საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე გინდათ დაარწმუნოთ ხელისუფლება, წამოვიდეს ცვლილებებზე?
– დიახ, უნდა აჩვენოს საზოგადოებამ, რომ ხელმოწერები რომ შეგროვდა და ხელი რომ მოაწერა, მას უნდა ეს ცვლილება. 250 ათასმა კაცმა მოაწერა ხელი და 25 ათასი კაცი რომ გამოვიდეს, მხოლოდ 10%, ეს უკვე ძალიან სერიოზული ძალა და ნიშანი იქნება იმისა, რომ ხალხს უნდა ცვლილებები და ამას გაითვალისწინებენ.
– რამდენად მუშაობს ოპოზიცია ამ საკითხზე?
– ჯერჯერობით არავინ ამ საკითხზე არ მუშაობს და მშვიდი პოზიცია უჭირავს ყველას. ჩვენ ყველა ხერხს მივმართეთ, ყველა ლეგიტიმური და კანონიერი გზა მოვსინჯეთ და მერე თუ არ დაგვიტოვებენ სხვა გზას, იძულებული გავხდებით, საპროტესტო გზასაც მივმართოთ.
– დაინახეთ მზაობა ხელისუფლების მხრიდან, რომ ამაზე წამოვა?
– არანაირი მზაობა არ არის. გამორიცხულია, რომ მათ მაჟორიტარული სისტემა პროპორციულით შეცვალონ. ამათ თუ ძალის დემონსტრირება არ აჩვენე, არაფერი გამოვა.
ეს მოქმედების რუსული მანერაა. ივანიშვილს რუსეთში აქვს გავლილი ქცევის ეს სკოლა და იქცევა, როგორც პუტინი. პუტინიც არასდროს არაფერს თმობს, სანამ ცხვირში ძალიან მწარედ არ მოხვდება ხოლმე.
ეს ხელისუფლება იქცევა ხულიგანივით და ხულიგანს ელაპარაკო დაყვავებითა და ენის მოჩლექით, სისულელეა!
– ამერიკიდან საკმაოდ მწვავე სიგნალი წამოვიდა, რომ უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. გაითვალისწინებს “ოცნება” ამ რეკომენდაციას?
– ივანიშვილი რომ სააკაშვილი არ არის, ეს გადასარევად დავინახეთ. სააკაშვილს შეიძლება ძალიანაც არ უნდოდა ხელისუფლების დატოვება, მაგრამ ის ვერ წავიდა წინააღმდეგ იმ ვალდებულებებისა, რომლებიც მას აქვს დასავლეთისა და დემოკრატიული სამყაროს მიმართ. ამიტომ ადგა, დაიხურა ქუდი და წავიდა სახლში.
ივანიშვილი ამას არ გააკეთებს, იმიტომ, რომ ივანიშვილი არსად არ მიდის. ივანიშვილი შეეცდება, შეცვალოს მთავრობის კონსტრუქცია ისე, რომ ძალიან ღიად არ გამოჩნდეს, რომ ისევ ის არის არაფორმალური მმართველი.
– ახალი შეფუთვით შემოგვთავაზებს თავის გუნდს?
– რა თქმა უნდა, ასე იქნება. აუცილებლად შეეცდება, რომ იყოს ახალი შეფუთვა. ჯერჯერობით ეს ძალიან უხეშად გამოსდის. მისი ერთადერთი დასაყრდენი არის ფული.
– ამბობენ, რომ პრემიერიც და ჯანდაცვის მინისტრიც დატოვებენ პოსტებს. სერგეენკო ის მინისტრია წულუკიანთან ერთად, რომელიც 2012 წლიდან უცვლელად მოდის. თუ დასჭირდა, მასაც გაუშვებს ივანიშვილი?
– სერგეენკო დადებითი პიროვნებაა. ხალხში მის მიმართ აგრესია არ არის. გაუშვებენ და წავა, არ დაიკარგება. აი, წულუკიანი და სასამართლო სისტემა არის ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
– წულუკიანს ვერ შეელევა?
– წულუკიანი და სასამართლო სისტემა არის მისი მთავარი დასაყრდენი, რომელსაც იმზადებს მომავლისთვის, როდესაც მას შეექმნება სამართლებრივი პრობლემები. ყველას შეელევა, წულუკიანის გარდა.
წულუკიანი არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. ივანიშვილს სასამართლოც აბსოლუტურად მართვადი სჭირდება. დანარჩენებს შეცვლის, რა პრობლემაა. გამოვიდა ინფორმაციები, რომ გომელაურს შესწირავს ამერიკის მოთხოვნებს. ალბათ ხელუხლებელი იქნება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გახარია.
– რატომ?
– რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანი სხვა ძალებს ემორჩილება. როგორც შევარდნაძის დროს იყო სპეცსამსახურები და მას სხვა ქვეყნიდან მართავდნენ, მგონია, რომ ამ შემთხვევაშიც რაღაც მსგავსი ხდება.
– ოპოზიციას ძალიან აშინებს და ნერვებს უშლის გახარიაო, ასეა?
– დიახ, გახარია ოპოზიციისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენ დავინახეთ, რამდენად ეფექტურია მისი მუშაობა. ეს დავინახეთ სამეგრელოში, ეს დავინახეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
– გახარიამ მოიგო ეს არჩევნები?
– მან აიღო პასუხისმგებლობა თავის თავზე და მოიგო. როგორ მოიგო, ეს ყველამ დავინახეთ. ორი ძალა იყო ჩართული ძალიან აქტიურად. ეს იყო, ერთი მხრივ, პოლიცია და მეორე ძალა იყო კრიმინალი. ამას ემატებოდა ივანიშვილის მიერ გამოყოფილი ფული. მიდიოდა კლასიკური სქემა – კვერი და მათრახი. ჯერ აშინებდნენ კრიმინალებით, პოლიციით და შემდეგ შესთავაზებდნენ ფულს. აი, ეს იყო.
– გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დარჩება დიდხანს თუ დააწინაურებენ?
– შეიძლება, დააწინაურონ. სახლში რომ არ გაუშვებენ, ფაქტია. შესაძლებელია, ეს გადანაცვლებები მოხდეს იმის გამო, რომ საჭირო გახდეს მთავრობის ხელახალი დამტკიცება, ხოლო პარლამენტმა არ დაამტკიცოს ახალი მთავრობა და მივიღოთ კრიზისი და ვადამდელი არჩევნები.
– მაინც ფიქრობთ, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება?
– ვადამდელი არჩევნები ივანიშვილს ძალიან აწყობს, იმიტომ, რომ ოპოზიცია არ არის ჯერ მზად ისე კარგად, როგორც მოემზადება 2020 წლისთვის.
დასავლეთი საარჩევნო სისტემის შეცვლასაც ითხოვს. თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, ეს ვეღარ მოესწრება.
მოკლედ, ბევრი რამ არის იმის მაჩვენებელი, რომ სწორედ ასე იქნება.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

