პოლონეთის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქეს, 28 წლის ქალის მკვლელობისთვის, ბრალი წაუყენა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
„40 წლის მამუკა ხეცურიანს საქართველოს მოქალაქეს, ბრალი ედება პაულინა დინკოვსკას სასტიკ მკვლელობაში, რომელიც ქალაქ ლოძში, 2018 წლის 20 ოქტომბერს მოხდა. აღნიშნული დანაშაულის გამო, ბრალდებულს შესაძლოა შეეფარდოს არანაკლებ 12 წლიანი პატიმრობა, მათ შორის, მოსალოდნელია სამუდამო პატიმრობაც,“-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიების თანახმად, 28 წლის პაულინა დინკოვსკას გაუჩინარების შესახებ პოლიციას 2018 წლის ოქტომბერში შეატყობინეს. ქალმა სახლი 19 ოქტომბერს, პარასკევს საღამოს, მეგობრებთან ერთად დატოვა. იგი ბოლოს, უცნობ მამაკაცთან ერთად, ქალაქ ლოძში, ქუჩის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
გამოძიების თანახმად, პაულინა დინკოვსკა 20 ოქტომბრის დღის პირველ ნახევარშია მოკლული. მისი ცხედარი პოლიციამ 26 ოქტომბერს, ქალაქის ერთ-ერთ სკვერში, პოლიეთილენის პარკში გახვეული იპოვა.
ექსპერტიზის თანახმად, ქალის სხეულზე არსებული დაზიანებები ცემისა და სექსუალური ხასიათის ძალადობაზეც მიუთითებს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამუკა ხეცურიანი კიევში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. მისი პოლონეთში ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინამ სამშაბათს, 4 ივნისს, დააკმაყოფილა.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ბრალდებული ვარშავაში ჰყავთ დაკავებული და მიმდინარეობს მისი დაკითხვა.
პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე კომენტარი გააკეთა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა: „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მამუკა ხეცურიანი უმკაცრესად დაისაჯოს“,- განაცხადა ზბიგნიევ ჟობრომ.
პრაიმ ტაიმი

