ნინო ლომჯარია – ”შსს-მ ლგბტ თემს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა”

ნინო ლომჯარია - ”შსს-მ ლგბტ თემს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა”შინაგან საქმეთა სამინისტროში სახალხო დამცველსა და პრაიდის ორგანიზატორებთან შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით,შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.

„შეხვედრაზე იყო საუბარი უსაფრთხოების საკითხებზე, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავდა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ პრაიდის წევრების, არამედ ზოგადად უსაფრთხოებაზე. ამიტომ მათი მხრიდან ითქვა, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. ეს იყო ძირითადი განხილვის თემა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უკვე მიიღებს თემის წარმომადგენლები, რადგან მათ ალბათ, უნდა გაიარონ კონსულტაციები შიგნით, ორგანიზაციებში. თუმცა, შეხვედრაზე იყო ასევე საუბარი სხვადასხვა პრობლემებზე და საკითხებზე, რაც აწუხებს ლგბტ თემს, მათ შორის მათი მხრიდან იყო მოთხოვნა დაყენებული, რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდეს ამ ვითარების შესაფასებლად და ასევე, ისაუბრეს გარკვეულ რეკომენდაციებზე, რაც სურთ, რომ ხელისუფლებამ გაატაროს მათი უფლებების დასაცავად. თუმცა, ძირითადი საკითხი იყო უსაფრთხოება. რაც შეეხება პრაიდს, შსს-მ თქვა, რომ ეს პრაიდი არ ჩატარდეს. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ღონისძიებებს, კულტურული თუ სხვა ტიპის ღონისძიებები, რაც არის დაგეგმილი, ამასთან დაკავშირებით გამოითქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მზაობა, რომ გაკეთდება მაქსიმუმი მათი უსაფრთხოების დასაცავად, თუმცა რაც შეეხება პრაიდს ღია სივრცეში, ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან იყო ცალსახად გაკეთებული, დაფიქსირებული პოზიცია, რომ, ძალიან გაჭირდება უსაფრთხოების დაცვა,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

იპნ