ნუკრი ქანთარია – “გახარიას გარეშე დაშლის ბრძანება როგორ გაიცემოდა?! ახლა მისი გადადგომა არ შეიძლება!”

ნუკრი ქანთარია - "გახარიას გარეშე დაშლის ბრძანება როგორ გაიცემოდა?! ახლა მისი გადადგომა არ შეიძლება!"“ქართული ოცნების” წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი გახარიაზე საუბრობს.
– ბატონო ნუკრი, როდესაც უსმენდით გიორგი გახარიას გამოსვლას რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? უნდა გადადგეს გახარია?
– კატეგორიული წინააღმდეგი ვარ გიორგი გახარიას გადადგომის და ამისთვის არგუმენტებიც მაქვს: პირველი, მან თავი გაართვა და დაიცვა საკანონმდებლო ორგანო. რომ ყოფილიყო შევარდნა და პარლამენტის შენობის შტურმით აღება, მაშინ უნდა გადამდგარიყო.
რაც შეეხება დემონსტრაციის დაშლას, მთელი რიგი გადაცდომები იყო, რამაც გამოიწვია ის შედეგები, რაც დღეს გვაქვს. ყველაზე მტკივნეული არის, როდესაც ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.
– ამაზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?
– აუცილებელია ჩატარდეს სრულფასოვანი და ობიექტური გამოიძიება და გამოძიებამ უნდა გასცეს ამ კითხვებს პასუხები. ცალკეული გადაცდომები გამოსაძიებელია, რასაც თავად გახარია ითხოვს.
მე მაინტერესებს, ცალკეული პოლიციელების მხრიდან ადამიანებზე ნადირობის წყურვილი საიდან ამოტივტივდა, რა იყო ამის მიზეზი, შეგნებულად მოხდა ეს ძალადობა მათი მხრიდან თუ გაუცნობიერებლად. ამ კითხვებს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხები.
– ფიქრობთ, კონკრეტულმა პოლიციელებმა შეგნებულად იმოქმედეს?
– მე არაფერს არ გამოვრიცხავ! ამიტომ ვსაუბრობ ობიექტურ გამოძიებაზე.
– ბრძანების გამცემს არ აკონკრეტებს გახარია, თუმცა ყველა პასუხისმგებლობას თვითონ იღებს. თქვენ გაქვთ ინფორმაცია, ვინ გასცა ბრძანება?
– მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრის გარეშე ვინ გასცემდა ამ ბრძანებას?! მე იქ ვიყავი და მთელ პროცესს თვალ-ყურს ვადევნებდი. 3 საათის განმავლობაში მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ პოლიცია არანაირ შეტევაზე არ გადასულიყო და მხოლოდ თავდაცვის რეჟიმში ყოფილიყო. როდესაც 30 პოლიციელი გაიტაცეს, როდესაც რეალური საფრთხე შეიქმნა ქაოსის, მერე დაიწყო პოლიციამ მოქმედება. იქ ვიყავი და ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ვხედავდი.
– პარლამენტის შენობის შიგნით გახარიასთან დეპუტატები რომ თათბირობდნენ, იმ თათბირს ესწრებოდით?
– არა, არა. მე ვიყავი პარლამენტის შენობის შიგნით, მაგრამ როდესაც პარლამენტის შენობაში შევარდნის მცდელობა გაჩნდა, მერე “ქართული ოცნების” ოფისში გადავინაცვლე რამდენიმე დეპუტატთან ერთად და იქიდან გვქონდა კომუნიკაცია. მოგვიანებით ისე განვითარდა პროცესები, რომ იძულებულები გახდნენ, რომ აქციის დაშლის ბრძანება გაიცა.
– ვინ გასცა დაშლის ბრძანება?
– შინაგან საქმეთა მინისტრის გარეშე დაშლის ბრძანება როგორ გაიცემოდა?! მაგრამ თვალში ესროლეთ, დაუმიზნეთ, სისხლი დაღვარეთ, ჩაკალით, რა თქმა უნდა, ეს ბრძანება არავის გაუცია. რა მოხდა, რატომ იყო გადაცდომები, ეს იყო სტიქიური თუ მიზანმიმართული, თუ არაპროფესიონალიზმის შედეგი, ამაზე გამოძიებამ უნდა დადოს დასკვნა.
– რამდენად იქნება გამოძიება ობიექტური, როდესაც გახარია მოქმედი მინისტრია? ინტერესთა კონფლიქტზე რას იტყვით?
– არა, გამოძიება სრულად გამჭვირვალეა და ყველა ჩართულია გამოძიების პროცესში.
ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს ნაციონალებმა და კიდევ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ. ახლა ამ ტალღაზე არიან მომართულები ნაციონალური მოძრაობა და მათი სატელიტი პარტიები. მათ უნდათ გიორგი გახარიას გადადგომა, როგორც ძლიერი პოლიტიკური ფიგურის, რომ მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ზოგადად პოლიციის სისტემის დასუსტება, საზოგადოებასა და პოლიციას შორის კონფლიქტის გაჩენა.
ეს არის მათი მიზანი. მათ არ ამოძრავებთ არავითარი გულწრფელობა. მათი მიზანია მთლიანად პროცესების პროვოცირება და შემდეგ მისი გამოყენება.
როგორც კი გახარია გადადგება, შეიძლება ამან ახალგაზრდების დამშვიდება გამოიწვიოს გარკვეულწილად, მაგრამ მერწმუნეთ რამდენიმე ხანში აუცილებლად დაიწყება დესტაბილიზაცია. სწორედ ამიტომ არის ამ პარტიებისთვის, უპირველეს ყოვლისა, ნაციონალური მოძრაობისთვის, გახარიას გადადგომა თვითმიზანი და სხვა არაფერი.
ამიტომ ვარ წინააღმდეგი გახარიას გადადგომის მანამ, სანამ გამოძიება არ დადებს გამოძიების შედეგებს. არ არის ეს ის კაცი, რომელიც სკამს არის ჩაბღაუჭებული.
– გიორგი გახარია “ქართულ ოცნებაში” არის პოლიტიკური ფიგურა, მისი იმიჯი, როგორც პოლიტიკური ფიგურეს, დასრულდა?
– არავითარ შემთხვევაში. მე ვიტყოდი პირიქით!
– რას გულისხმობთ?
– მას რომ გამოეჩინა სისუსტე, რომ შემოვარდნილიყვნენ საკანონმდებლო ორგანოში, რომ ვერ დაეცვა მას სახელმწიფო ინსტიტუცია, მაშინ შეიძლება გვეთქვა, რომ გახარია, როგორც პოლიტიკური ფიგურა, დასრულდა. ამ შემთხვევაში მეც ვიტყოდი, რომ გახარია უნდა გადადგეს.
ამ ეტაპისთვის გიორგი გახარიას გადადგომა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა