ნუკრი ქანთარია – პროვოკაციებისთვის ხელსაყრელი ნიადაგი შეიქმნა

ნუკრი ქანთარია - პროვოკაციებისთვის ხელსაყრელი ნიადაგი შეიქმნა”დღეს საქართველოს პარლამენტში აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა, რაც ვფიქრობ, არა განხრახ გათვლილი, არამედ დაუდევრობის და სამშობლოს განცდის, სიმბოლოების ნიველირების შედეგიც არის.

ვფიქრობ, უნდა გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები და საზოგადოების წინაშე გააკეთონ შესაბამისი განმარტებები მათ, ვისაც ეს მძიმე შეცდომა გაეპარა და ვინც ვერ გათვალა, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში თავისი სკამით არ შემოვიდოდა. უნდა გაირკვეს, სხდომა საბერძნეთის წარმომადგენელს უნდა წაეყვანა და გავრილოვის საქციელი თითნებობა იყო, თუ რუსეთის წარმომადგენლის მხრიდან კონფერენციის წაყვანა წინასწარ იყო გაწერილი. რაც ხდება, მძიმე ფაქტია. თუმცა, ისტერიკაში არ უნდა გადაიზარდოს. დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ რუსეთს, ნაციონალურ მოძრაობას და მის დამქაშებს აწყობს. პროვოკაციებისთვის ნოყიერი ნიადაგი არ უნდა შეიქმნას. იმედი მაქვს, საქართველოს მოსახლეობა ზუსტად შეაფასებს შექმნილ მდგომარეობას და ამ ვითარებიდან პროვოკაციების გამომყენებელთა სურვილებს. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია რუსეთის მონაწილეობის გარეშე უნდა გაგრძელდეს. რუსეთის დელეგაციამ უკვე დატოვა საქართველო. კონფერენციაზე უამრავი სხვა ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული. საერთოდ, ნებისმიერი საერთაშორისო კონფერენცია ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ამ ფაქტის გამო სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მიმართ სტუმართ-მასპინძლობის იმიჯი არ უნდა დავკარგოთ. ვფიქრობ, კონფერენცია უნდა გაგრძელდეს, თუმცა სხვა ადგილას, არა პარლამენტის შენობაში. კეთდება განცხადებები და უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილს დაბრალდეს ეს ფაქტი. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ეს გარკვეულ წრეებს სურთ და მათ ინტერესებშია დაძაბულობის ესკალაცია. საზოგადოებამ ამ საქმეში მტყუან-მართალი უნდა გაარჩიოს. პროვოკაციებისთვის ხელსაყრელი ნიადაგი შეიქმნა, ნაციონალების და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სახელმწიფოებრივობის განცდა არ აქვთ და ნოყიერ ნიადაგს ელიან დესტაბილიზაციისთვის და ეს არ უნდა იქნეს დაშვებული”. – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია.