ყაზბეგში მუსიკალური ფესტივალი დაარბიეს

მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა ფესტივალი არ გაუქმდეს, – ამის შესახებ ყაზბეგში მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორის „Mountain Set“-ის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ორგანიზატორები ყაზბეგში მომხდარ ინციდენტებს ეხმაურებიან. „Mountain Set“-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას.

„ვიზიტორების და ზოგადად ფესტივალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კომპრომისზე წავედით ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივი პოლიციასთან და მერთან შეთანხმებით ფესტივალი სტეფანწმინდიდან გადავიტანეთ ბიდარაში, რაც დასახლებული პუნქტიდან არის დიდი მანძილით დაშორებული. თუმცა შედეგი მაინც არ გამოიღო და სამწუხარო ფაქტის წინაშე მაინც აღმოვჩნდით.

გუშინ დილით ყაზბეგის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. ვანდალური აქტის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავებულია სტაფის რამდენიმე წევრი.

მიუხედავად იმისა რომ ზარალი ძალიან დიდია ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს. ფესტივალი არ გახლავთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მთლიანად ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მიერ.

ფესტივალი, რომელიც ყველა კანონის დაცვით და ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებითაა ორგანიზებული არ შეიძლება ჩაიშალოს ადამიანების გარკვეული ჯგუფის პირადი, არაჯანსაღი და დამამცირებელი აზრის გამო.

სამწუხაროდ აქ არ ცნობენ, პატივს არ სცემენ, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუციებს. შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე საუბარი ზედმეტია..

ვთვლით, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან „Mountain Set“-ში აღნიშნავენ, რომ დღეს საღამოს გამოცხადდება ფესტივალის ახალ ლოკაცია და სრული ინფორმაცია.

„ჩვენ ყველას თქვენი თანადგომა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს! არავის მივცეთ საშუალება მუსიკის მოსმენის, ცეკვის და ბედნიერების გაზიარების უფლება შეგვიზღუდონ!“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი