რამაზ საყვარელიძე – “ოცნება” დანჯღრეულ მანქანა ჰგავს, მაგრამ უკეთესი რომ არ ჩანს?!”

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს
– ბატონო რამაზ, რა შანსები აქვს “ოცნებას” მთაწმინდაზე?
– “ოცნებას” საკმაოდ დიდი შანსები აქვს, რადგან საკმაოდ მცირე შანსები აქვს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს. არ მგონია, რომ ოპოზიციის კანდიდატი კარგად იყოს შერჩეული, შესანიშნავი პიროვნებაა შავგულიძე, მაგრამ ამ ბრძოლისთვის ის არ იყო სწორად შერჩეული, რადგან შავგულიძე არ არის მისაღები ბევრი იმათგანისთვის, ვინც ნაცმოძრაობას უჭერს მხარს, მისი წარსულის გამო და არ არის მისაღები ბევრი იმათგანისთვის, ვინც “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს, რადგან თვლიან რომ ამ ნაბიჯით გირგვლიანის საქმეს უღალატა.
– “ევროპული საქართველო” “ოცნებას” ამომრჩევლის მოსყიდვაში და დაშინებაში ადანაშაულებს.
– ამ ყველაფერს ჭირდება უტყუარი მტკიცებულება. ჩვენ გვახსოვს, რა ინფორმაციები ვრცელდებოდა ზუგდიდშიც. “ოცნება” როდესაც რჩება ერთი ერთზე ოპონენტთან, ის მობილიზებას ახერხებს და ყოველთვის მომგებიან სიტუაციაშია, რაც ალბათ ბუნებრივია.
– აქტიურად საუბრობენ საკადრო ცვლილებებზე. როდის უნდა ველოდოთ, ამ ზაფხულს?
– მეეჭვება, რომ მაინცდამაინც ზაფხულს. საერთოდ რადგან ყველაფერს არჩევნებს უკავშირებენ და დავუკავშიროთ ჩვენც, ეგ საკითხი ნამდვილად ახლოს არის საარჩევნო ინტერესებთან და თუ არჩევნებთან არის კავშირში და არჩევნების დროს მოტივირებულია ასეთი რამ, რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები მოხდება არჩევნებთან ახლო პერიოდში. ახლა ძალიან ადრეა.
– 2020-მდე დაავიწყდებათ?
– უნდა შეირჩეს ისეთი დრო, როცა ახალი კანდიდატურა იმ დროის არჩეული იქნება, რომ მას პასუხს ვერავინ მოთხოვს. ასეთი ბალანსის დასაცავად ყველაზე შესაფერი დრო ალბათ შემოდგომა იქნება.
– ვის ემუქრება სავარძლის დატოვება, პრემიერს?
– პრემიერმა თუ დატოვა სავარძელი, მინისტრებიც ტოვებენ. არ არის გამორიცხული, რომ პრემეირი აღმოჩნდეს ასეთი მსხვერპლი, მაგრამ მეეჭვება, რადგან თუ ხელისუფლება რეიტინგის აღებაზე მუშაობს, არა მგონია, რომ პრემიერს ყველაზე უარესი რეიტინგი ჰქონდეს.
თუკი “ქართული ოცნება” რეიტინგების ფურცელს დაიდებს მაგიდაზე, რასაც იშვიათად აკეთებს, მაშინ შეიძლება საკანონმდებლო ხელისულებაში უფრო იყოს ისეთი სახეები, რომლებიც ცუდ გავლენას ახდენენ “ოცნების” რეიტინგზე.
– საუბარია, რომ კობახიძეს უპირებენ გადაყვანას საკონსტიტუციო სასამართლოში.
– კობახიძემ უარყო ეგ ვერსია, თუმცა რომ არ უარეყო, უფრო გასაკვირი ეგ იქნებოდა, არა? ასეთ ვერსიებს არ ადასტურებენ ხოლმე ბოლო წუთამდე. რა თქმა უნდა, კობახიძეც შეიძლება იყოს, სხვა წევრებიც.
ივანიშვილი თავის ცნობილ მიმართვაში ლაპარაკობდა ძველ გვარდიაზე და გვერდზე დადგომას თხოვდა. თუ ასეთი პოზიციაა გუნდში და მათ შორის ივანიშვილთან, მაშინ სავარაუდოა, რომ ეს ფიგურები სწორედ ძველი გვარდიით ჩანაცვლდნენ.
– ბოლო პერიოდში სულ იყო ვადამდელ არჩევნებზე საუბარი, გადაგორდა ეს სიტუაცია?
– იმდენად ცოტა დრო რჩება, რომ არ იყო ეს საუბრები საფუძვლიანი. ან თქვენი თქმისა არ იყოს, მართლაც გადაგორდა და სხვა მიმართულებით გაექცათ ადამიანებს გონება. თავისთავად, თუ ადრე მოხდებოდა, ვადამდელ არჩევნებს “ქართული ოცნებისთვის” შეიძლება კარგი შედეგები მოეტანა.
– ფიქრობთ, რომ 2020-ში უარესი შედეგი ექნებათ?
– დიახ. 2020-თან შედარებით ვადამდელი უკეთეს შედეგს მოუტანდა, რადგან 2020-ისთვის შესაძლოა სურათი ნაკლებად სახეირო იყოს “ოცნებისთვის”.
– წასვლისთვის არის განწირული “ოცნება”?
– არის თუ არა წასვლისთვის განწირული “ოცნება”, იმდენად ხშირად ისმის ეს ფრაზა, რომ მინდათ გაგიზიაროთ ზოგიერთი მოსაზრება.
დავუშვათ, მე მაქვს დანჯღრეული მანქანა, მაგრამ იმის ფული, რომ გვერდით ახალი მანქანა მივუყენო, არ გამაჩნია, სხვა რა გზა მაქვს, ვივლი იმ დანჯღრეული მანქანით, მიუხედავად იმისა, რომ დისკომფორტის მომტანია.
– ანუ ვერ ხედავთ უკეთესს, ვინც შეცვლის ამ ხელისუფლებას?
– მე ჯანდაბას, ჩემს თავს ვინ ჩივის? რეიტინგები გვიჩვენებს, რომ მოსახლეობაც ვერ ხედავს. დაბლა ეცემა “ოცნების” რეიტინგი, მაგრამ სხვა პარტიების რეიტინგი კიდევ უფრო ეცემა.
სახელმწიფოს ხშირად ადარებენ მანქანას და მეც ამიტომ დავიწყე ამ მეტაფორით საუბარი. კი ბატონო, დანჯღრეული მანქანა მაქვს, მაგრამ უკეთესი რადგან არ არის, ამით მომიწევს სიარული მანამ, სანამ რესურსი არ გამოჩნდება. ხოლო ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის რესურსი არ ვიცი, როდის გაგვიჩნდება. ამ მიმართულებით ცოტა წავიზარმაცებთ.
ფაქტია, რომ ამდენი წელია, ერთი და იგივე შემადგენლობა ტრიალებს პოლიტიკურ სისტემაზე.
– დარჩა კიდევ რაიმე რესურსი ივანიშვილს ამომრჩევლის გულის მოსაგებად?
– კი დარჩა ივანიშვილს რესურსი და ეს რესურსი დაკავშირებულია ინვესტიციებთან. ეს რესურსები გამოჩნდება აუცილებლად, შესაძლოა, სწორედ იმ მომენტისთვის, როდესაც დასჭირდება ივანიშვილს.
თუ შეხედავს, რომ სიტუაცია არ არის ოპტიმისტური, შესაძლოა, სწორედ მაშინ ამოტივტივდეს. რესურსები არსებობს და ისინი წმინდა ეკონომიურია.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი