როგორ ავიცილოთ თვითმკვლელობა მოზარდებში

რატომ იმატა მოზარდებში თვითმკვლელობამ, სად უნდა ვეძებოთ პრობლემის სათავე, რა ზომებია მისაღები?

“ახალი თაობის” ამ და სხვა კითხვებს ფსიქოლოგი ვერიკო გოჯიაშვილი პასუხობს.

– ქალბატონო ვერიკო, რატომ იმატა მოზარდებში თვითმკვლელობის შემთხვევებმა?

– გეთანხმებით, ისეთი მატებაა, რომ სტატისტიკას ვეღარ ვეწევით. მთელ მსოფლიოშია ეს ზრდის დინამიკა. სიტუაცია საგანგაშოა და ეს იმის ნიშანია, რომ ზომებია მისაღები. რადგან წამოვიდა ეს ტენდენცია, ამას თავისთავად აქვს საფუძვლები.

– კერძოდ, რა საფუძვლები?

– ძალიან ბევრი მიზეზია. ცხოვრების სტილი შეიცვალა, აჩქარებულ ტემპზეა გადასული ყველაფერი, მოთხოვნილებები ძალიან დიდია, ფულის მოთხოვნილება, ურთიერთობის მოთხოვნილება.

შემცირდა ურთიერთობები, ხალხი გამოკეტილ სივრცეში მუშაობს, ინტერესის სფეროებს ვეღარ იკმაყოფილებენ. ფულს რომ იღებენ, დრო არა აქვთ, რომ დახარჯონ. ვისაც არა აქვს ფული, არა აქვს და ამიტომ წუხს და ნერვიულობს, ხოლო ვინც შოულობს, ისიც უბედურია. ამ ფულის მოხმარების თავი აღარ აქვს. აგრესიამ იმატა საზოგადოებაში, განსაკუთრებით მოზარდებში.

10 წელს რომ აცდება ბავშვი, დაზღვევაში უნდა ჩავუდოთ ფსიქოლოგთან ვიზიტები. ბავშვს და მშობელს უნდა შეეძლოთ უფასო კონსულტირება. ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს. პრევენციული ზომებია გასატარებელი.

– ალბათ სკოლებსაც უნდა ჰყავდეს ფსიქოლოგები.

– ეს არის აუცილებელი. დაწყებით კლასებს უნდა ჰყავდეს თავისი ფსიქოლოგი, შემდეგ მომდევნო ლატენტური პერიოდია, ვითომ მშვიდი პერიოდია, მაგრამ ბავშვებში მაინც ბევრი პროტესტი გროვდება და მერე პუბერტატში რომ ამოხეთქავს ხოლმე, ზუსტად ეს არის. ეს ასაკი სხვანაირად მოსავლელია.

– ნაწილი მოზარდის გარდატეხის ასაკს უკავშირებს ამ ყველაფერს, ზოგიც ოჯახიდან წამოსულ პრობლემებს, სკოლას, ბულინგს. მაინც სად არის პრობლემის სათავე?

– ძალიან ბევრ მოზარდს აქვს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა. დეპრესიამ იცის ძალიან ჩუმი განვითარება. მშობელი ხშირ შემთხვევაში ვერ ხვდება ამას და გარდატეხის ასაკს აბრალებს, ფიქრობს, რომ გაივლის. ვთქვათ, გარდატეხის ასაკშია, განზე გაიწია, ოთახშია ჩაკეტილი, არ ლაპარაკობს, არ გვეკონტაქტება. არაფერი არ უხარია, ყიდულობთ, არ უხარია. ვერ იგებს მშობელი, რომ ეს არის დეპრესია. არ არის ადვილი აღმოსაჩენი, ეს დეპრესიაა თუ არა.

– რა დროს უნდა მიმართოს მშობელმა ფსიქოლოგს დასახმარებლად?

– ძალიან სხვადასხვანაირია გამოვლინებები. ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბავშვის ჩაკეტვა, უკონტაქტობა, უხალისობა, არის აგრესიული, ხმის ტემბრმა მოიმატა, ხმამაღლა ლაპარაკობს გამყინავი ხმით, ყველაფერზე ნეგატიურია. ძალიან ბევრი რამ არის, რაზეც მშობელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.

– ერთი პერიოდი სოციალური ქსელით გავრცელებულ თამაშებსაც ბრალდებოდა ეს ყველაფერი.

– კი ბატონო. ეს შემთხვევები ხშირია ნარკომანიის და აზარტული თამაშის დროს. ექსტაზის მოხმარების დროს ენდორფინების გამოყოფა არ ხდება, ეს არის სიამოვნების ჰორმონი, რომელმაც უნდა განაპირობოს შემდეგ ბედნიერების განწყობა. აბსოლუტურად იბლოკება ამ კლუბური ნარკოტის მიღების შემდეგ ამ ჰორმონის გამოყოფა. კლუბურ ნარკოტიკს უწოდებენ და ყველა შესწავლილიც კი არ არის, რა შემოდის. სახელებიც კი არ იციან.

– ანუ თვითმკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი მოზარდებში ნარკოტიკების მოხმარებაა?

– დიახ, ერთ-ერთი მიზეზი არის ეს. ხშირად მსმენია, ერთხელ მოვიხმარ და რა მოხდა, ერთხელ, ორჯერ და მერე ამ ადამიანს სიხარულის განცდა, თუ რაღაცა ნარკოტიკული საშუალება არ მიიღო, აღარ აქვს. უბრალოდ არ შეუძლია. შეიძლება ძალიან დიდი ბედნიერება მოხდეს ოჯახში და ამ ადამიანს არ უხაროდეს, იმიტომ, რომ მისი ორგანიზმი არ გამოყოფს ამ ჰორმონს.

– ადრე ნარკომანიის პრობლემა სრულწლოვნებში გვხვდებოდა, ახლა სკოლის მოსწავლეებშიც გვხვდება.

– სამწუხაროდ, ასეა. დღეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ინტერნეტით. თუნდაც იგივე აზარტული თამაშები. ეს ყველაფერს კლავს მოზარდში. სუიციდი კი არის საკუთარი თავის და გარემოს უარყოფა. ვერ ხედავს გამოსავალს, სამყაროში ვერ ხედავს დასაყრდენს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს.

– ერთი ისტორია მოვისმინე, რომელმაც შემზარა. 16 წლის გოგონა მასთან სახლში მისულმა რეპეტიტორმა გადაარჩინა თვითმკვლელობას და რომ ჰკითხა რატომ აკეთებდა ამას, გოგონამ უპასუხა, რომ აინტერესებდა, მისი სიკვდილის შემდეგ რას დაწერდნენ მასზე სოციალურ ქსელში.

– ზუსტად, 13-14 წლის ზევით ძალიან გაიზარდა მიმბაძველობის მომენტი. 13-14 წლამდე ბავშვი არის ის, რაც არის მშობელი. მერე დგება ასაკი პროტესტების, გარე გამოხატვის და მშობელი იწევს განზე და მოზარდი არის ის, რაც არის მისი გარემო.

ის უნდა ასოცირდეს საზოგადოებასთან. მან თუ ამ ხნის განმავლობაში კულტები შეიქმნა, ექცევა მათი გავლენის ქვეშ. ან თუ ვთქვათ ვინმე ცნობილმა მოიკლა თავი და მოყვა ამას გამოხატულება. არის რიგი ქვეყნები, სადაც თვითმკვლელის სურათს არ აჩვენებენ, იბლოკება და ზოგადად ინფორმაციაც იზღუდება. ჩვენთან კი ყველაფერი ელვის სისწრაფით ვრცელდება ინტერნეტში თუ ტელევიზიებში. ეს იწვევს მიმბაძველობას.

საქართველო პატარა ქვეყანაა და კულტებიც ადვილად იქმნება. პატარებში რატომღაც კარგ ტონად ითვლება, რომ რაღაც უნდა მიიღონ და იკაიფონ. იმიტომ, რომ გაავტორიტეტდნენ ის ადამიანები, ვინც ამას აკეთება.

ესეც ძალიან სამწუხარო ტენდენციაა. ბევრმა მოზარდმა იცის, რომ ეს კარგი ადამიანია, საზოგადოებისთვის ცნობილია, ავტორიტეტია და ის ამას აკეთებს. მოზარდი ფიქრობს, რომ ეს კარგია და მანაც უნდა გააკეთოს.

– თვითმკვლელობის პრევენციის მიზნით რა არის გასაკეთებელი?

– პირველ რიგში, თავიდანვე ბავშვის აღზრდაშია ჩასადები ბევრი რამ. ძლიერი ღირებულებათა სისტემაა საჭირო – სიცოცხლე, საკუთარი თავი, ოჯახი, რელიგია, სტიმული, მოტივაცია, მიღწევები და ადამიანის არსის გაგება.

თითოეულ ბავშვთან უნდა მივიტანოთ აზრი, რომ მას რაღაც მისია აქვს, რომ დაიბადა, რაღაც აქვს შესასრულებელი. რომ ის არის ერთადერთი, უნიკალური, რომ ის არასდროს განმეორდება და რახან ღმერთმა მოავლინა, გამოსავალსაც აუცილებლად დაინახავს.

– სკოლის როლიც დიდია ალბათ?

– დიახ, რა თქმა უნდა. აქტიურად შემოვიდა ძალიან ბევრ ქვეყანაში ბედნიერების გაკვეთილი, სიხარულის გაკვეთილი, სუფთა ჰაერზე გაკვეთილი. ბევრ რამეს ცვლიან, რადგან ხედავენ, რომ ბავშვის ხალისი დაიკარგა, ბავშვობა დაიკარგა.

აუცილებლად უნდა გადამზადდნენ პედაგოგებიც. უნარ-ჩვევებს აბარებინებენ პედაგოგებს და მე თუ მკითხავთ, ყველა პედაგოგს უნდა მოვუწოდოთ და ვასწავლოთ სიყვარულით თერაპია.

ყველა საქმე ვაკეთოთ სიყვარულით. მშობელმაც, პედაგოგმაც სულ უნდა აჩვენოს ბავშვს, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ბავშვი ერთნაირად საყვარელი უნდა იყოს, წარმატებულიც და წარუმატებელიც.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი