“სერგეენკო იმიტომ მოხსნეს, რომ “ოცნება” წარმატებულ ხალხს ებრძვის”

"სერგეენკო იმიტომ მოხსნეს, რომ "ოცნება" წარმატებულ ხალხს ებრძვის"“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებაზე საუბრობს.
– ბატონო დავით, თქვენ რას უკავშირებთ დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გადაყენებას? ამბობენ, რომ შიდა ინტრიგებს ვერ გაუძლო.
– დავით სერგეენკოს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. ის არის ყველაზე წარმატებული მინისტრი და ამ დროს მისი მოხსნა უბრალოდ აუხსნელია. მე აქ ლოგიკას ვერ ვხედავ. ყველაზე ხელშესახები, რაც საზოგადოებამ მიიღო, ეს არის ჯანდაცვა. ამიტომ, ვერ ვხვდები, “ქართული ოცნება” რა ფილოსოფიით ხელმძღვანელობს, როდესაც იღებს ასეთ საკადრო გადაწყვეტილებას. მერწმუნეთ, სერგეენკოს სახელს მიიღებს ის რეფორმა, რომელიც ჯანდაცვაში გატარდა.
– პრემიერი რეფორმების მეორე ტალღაზე საუბრობდა.
– და ვინმეს სჯერა ამის?!
– მაშ რა მოხდა?
– წარმატებულ ადამიანებს ებრძვიან. იმდენად მძლავრია უკვე წარუმატებლობა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, წარმატებული ადამიანები შეავიწროვონ. სიმართლე გითხრათ, არც იმას გამოვრიცხავ, რაც თქვენ თქვით, რომ სწორედ არსებულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში დამარცხდა სერგეენკო.
დიახ, მართლაც ვერ გაუძლო საშინელ ინტრიგებს. თავიანთ რიგებში წარმატებულ ადამიანებს ძირს უთხრიან, ინტრიგებს უწყობენ.
მე მას ვიცნობ, უმრავლესობის სხდომებზეც შევხვედრივარ და მისი აზრიც მომისმენია. ის მართლაც არის დამოუკიდებელი, ალბათ უფრო თავისუფალი ბუნების ადამიანი. საკმაოდ კრიტიკული და შეუვალი იყო. ნაკლებად ითვალისწინებდა ვიღაცეების პირად ინტერესებს. მაქსიმალურად ცდილობდა, გამიჯვნოდა გარკვეულ ჯგუფებს.
უმრავლესობის ფორმატში ყოველთვის საინტერესო იყო დავით სერგეენკოსთან შეხვედრა. დავით სერგეენკო არასდროს არ იყო რომელიღაც ჯგუფთან ასოცირებული. ის ყოველთვის ამბობდა იმას, რასაც გულწრფელად ფიქრობდა და რისიც სჯეროდა. ის ყოველთვის თავის საქმეს აკეთებდა პირნათლად, ეს ვიღაცას მოსწონდა თუ არ მოსწონდა.
სწორედ აქედან გამომდინარე ზოგიერთებს ეს თვალში არ მოუვიდათ. საკმაოდ მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხით გამოირჩეოდა ყოველთვის. ეს ნამდვილად თვალშისაცემი იყო.
– იმასაც ამბობენ, რომ თავის მაღალ რეიტინგს შეეწირა.
– არ არის გამორიცხული. ხომ გეუბნებით, “ოცნებაში” წარმატებულ ადამიანებს ებრძვიან. ყველა ნორმალური ჩაძირეს. ისედაც გასაგებია, რომ თავმოყვარე და პატიოსანი ადამიანი სიბინძურეში დიდხანს ვერ ძლებს. როგორც ჩანს, მხოლოდ ინტრიგანების ადგილი რჩება “ქართულ ოცნებაში”.
– ახალ მინისტრზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
– არაფერი გარდა იმისა, რომ ახალ მინისტრს გეოგრაფიული კავშირი გააჩნია, რაც, როგორც ჩანს, გადამწყვეტი აღმოჩნდა.
– პრემიერის შეცვლას ელოდებით?
– თუ “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას აპირებს, მაშინ, ბუნებრივია, პრემიერსაც შეცვლის და სხვა ვიღაცეებსაც. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების თარიღს გადმოწევენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ. თუ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, მაშინ ახალ წლამდე პრემიერი ბახტაძე არ შეიცვლება.
ახალი წლის შემდეგ კი იქნება ცვლილებები და 2020 წლის არჩევნებისთვის დაიწყებენ მზადებას სწორედ პრემიერისა და გუნდის ცვლილებით. ამომრჩევლის წინაშე ახალი შემადგენლობით გავლენ და საარჩევნო კამპანიასაც დაიწყებენ. ამიტომ, პრემიერის ცვლილებაც იმ დროისთვის გადაიწევს, რათა დაძველება არ მოასწროს, მაგრამ, მერწმუნეთ, არაფერი არ უშველით, არც ახალი სახეები და არც არავინ, ხალხი ისეა გამწარებული.
– ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ვინ შეიძლება იყოს საპარლამენტო სიის პირველი ნომერი?
– ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს. ალბათ სხვადასხვა ვარიანტები განიხილება.
– ივანიშვილი?
– ივანიშვილი არის ისედაც და ასედაც. მის გარდა არავინ არაფერს არ წარმოადგენს. ამიტომ, მას მოუწევს ისევ საკუთარ თავზე აღება ყველაფრის.
რაც შეეხება სიას, “ქართული ოცნება” გააქრეს, გაზაფხულის თოვლივით გვადნება ხელში. ალბათ, ისევ ნაციოანლებში მოძებნიან და პორტირება უფრო აქტუალური გახდება.
– ოპოზიციისა და ხელისუფლების კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. ხელისუფლება დათმობს შერეულ სისტემას?
– მე განსხვავებულად ვუყურებ ამ საკითხს – არჩევნებს არა სისტემები, არამედ ხალხის მხარდაჭერა იგებს. ისე, ხელისუფლებას ურჩევნია, ოპოზიციას ნაკლები სალაპარაკო დაუტოვოს და პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს, რადგან არც მაჟორიტარული არჩევნები იქნება “ოცნებისთვის” ადვილი გასეირნება.
თუ არსებულ სისტემას დატოვებენ, მაშინ ბევრი ლეგიტიმური კითხვა გაჩნდება და “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური არსებობა შეიძლება დაასრულოს ისე, როგორც თავის დროზე მოქალაქეთა კავშირმა დაასრულა. სხვათა შორის, ბოლო დროს “ქართულ ოცნებას” მოქალაქეთა კავშირთან ძალიან ბევრი ანალოგია დაუგროვდა.
– რას გულისხმობთ?
– ისეთივე მორღვევას, ისეთივე დაშლას, ისეთივე დეზორგანიზებას, რაც ბოლოდროინდელ მოქალაქეთა კავშირთან აკავშირებს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა