სოსო ცინცაძე – “ლადო კახაძეს დეპუტატობა რად უნდა, არ მესმის”

სოსო ცინცაძე - "ლადო კახაძეს დეპუტატობა რად უნდა, არ მესმის"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, 9 ივნისს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურია. ოპოზიციამ შეთანხმება ვერ შეძლო და შალვა შავგულიძე სახელისუფლო კანდიდატის პირისპირ მარტო დარჩა. რატომ ვერ შეძლო ოპოზიციამ შეთანხმება?
– ოპოზიცია იქცევა, როგორც პატარა ბავშვი, რომელიც ვერ აცნობიერებს, რას სჩადის. თან ეს არის ქართული კინკლაობის ამბავიც. ხომ იცით, ყველა პირველია, მხოლოდ ის არის მთავარი. თან არ ვიცით, რა იყო რეალური მიზეზი არშეთანხმების. რატომ იყო ასეთი ერთსულოვანი პროტესტი, რთულად ასახსნელია. რა გამოდის, ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვება? სიმართლე გითხრათ, მე ცოტა ეჭვი მეპარება. თუმცა, დღეს ოპოზიციას რა კოზირი აქვს? არც არაფერი. მით უფრო იმ ფონზე, როგორც იქცევა.
საქართველოში ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში ოპოზიცია ვერ იქცა ანგარიშგასაწევ ძალად. ყველა დროში ან ხელისუფლება თავად შობდა მის ოპოზიციას და ის მოდიოდა ხელისუფლებაში ან კიდევ ივანიშვილის მსგავსი მესია უნდა მოსულიყო.
ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ოპოზიცია ანგარიშგასაწევი ძალა არ ყოფილა არასდროს, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ძლიერი ოპოზიცია ქვეყნისთვის, ვიდრე ხელისუფლება. ძლიერი ოპოზიცია ხელისუფლებას ამოსუნთქვის შესაძლებლობას არ აძლევს. ჩვენთან კი რა ხდება, არათუ ამოსუნთქვის შესაძლებლობას აძლევს ხელისუფლებას, არამედ ისეთი პრინციპული მნიშვნელობის მქონე მომენტში ოპოზიცია იქცევა ისე, როგორც არ მოიქცეოდა პატარა ბავშვი.
– თქვენ ამბობთ, რომ ლადო კახაძე გაიმარჯვებს?
– გაამარჯვებინებენ. ლადო კახაძეზე მინდა ვთქვა: ის ნამდვილად არის უმაღლესი დონის პროფესიონალი. ამ თავისი პროფესიონალიზმით ის ხალხის მსახური იყო. თუ ნამდვილად ხალხის მსახურება უნდა ლადო კახაძეს, უკეთესი მდგომარეობა, ვიდრე მისი დღევანდელი პოზიციაა, არ არსებობს. ამიტომ, მე არ მესმის, რატომ ამბობს ის ამაზე უარს?!
ერთხელ დიპლომატიურ აკადემიაში ამერიკის ელჩი გვყავდა მოწვეული. ამერიკის ელჩმა სრულიად არადიპლომატიურად გვითხრა, ძალიან გამკვირვებია თქვენი, როგორ შეიძლება ელგუჯა მეძმარიაშვილის დონის მეცნიერი გყავდეთ და პარლამენტში აცდენდეთო. ჩვენი მეცნიერების მიერ გამოგონილი კოსმოსური ანტენა 4-5 მეტრის რადიუსში იჭერს, მის მიერ გამოგონილი კი 10-12 მეტრის რადიუსშიო.
არასდროს დამავიწყდება ამერიკის ელჩის მიერ მოყვანილი ეს მაგალითი. ამიტომ, ძალიან გამკვირვებია ლადო კახაძის, თუ ხალხის მსახურება უნდა, უკეთესი ასპარეზი, ვიდრე მას დღეს აქვს, არ არსებობს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა