“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს – ”მოძალადე ჯგუფები პარპაშობენ”

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს - ”მოძალადე ჯგუფები პარპაშობენ"პოლიციამ არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანასწორობის მოძრაობის” წევრი,  “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი დააკავა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან მოხდა. სამართალდამცავებმა ის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიდან გაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. სწორედ იქ უნდა დაწყებულიყო 19:00 საათზე ლგბტ თემის წარმომადგენლების აქცია, სახელწოდებით “სახელმწიფო სად ხარ?”

მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ გურამ ფალავანდიშვილი და ლევან ვასაძე, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ დედაქალაქში “თბილისი პრაიდი” არ გაიმართოს.

მოგვიანებით გიორგი თაბაგარი გაათავისუფლეს.

“ალბათ საფრთხე დაინახეს და გამარიდეს სიტუაციას,”-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლებულმა გიორგი თაბაგარმა გააკეთა.

ის დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სამართალდამცავებს მანქანაში ჰყავდათ.

თაბაგარმა “თბილისი პრაიდის” აქციის ჩაშლა, ადგილზე გურამ ფალავანდიშვილის, ლევან ვასაძის და მათი სხვა მოწინააღდეგეების მისვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფოებრიობის კრახია.

“ეს მორიგი კრახია სახელმწიფოსი და სახელმწიფოებრიობის, როცა მოძალადე ჯგუფები ახერხებენ ჩვენზე გამარჯვებას და სახელმწიფოზე გამარჯვებას, თქვენ ხედავთ, რომ მოძალადე ჯგუფები პარპაშობენ,”-აცხადებს გიორგი თაბაგარი.

რუსთავი 2