თუშეთში პიკაპი ხევში გადავარდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა

თუშეთში პიკაპი ხევში გადავარდა - 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდაავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზაზე – მე-18 კილომეტრზე, გზიდან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ.

ახმეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი ადასტურებს, რომ არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები.

„შეტყობინება შემოვიდა, რომ სავარაუდოდ ტურისტების მანქანა არის გადავარდნილი. სავარაუდოდ არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები. რაოდენობა არ ვიცი. პირდაპირ გაემგზავრა მუნიციპალიტეტის მერი და მე დავრჩი ადგილზე,“-ამბობს ალექსანდრე ნასყიდაშვილი „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.

მისი ინფორმაციით, მანქანაში, სავარაუდოდ, მოტოციკლისტები ისხდნენ.

„მოტოციკლის მოყვარულები ყოფილან, სავარაუდოდ. პიკაპის მარკის მანქანაზე დებულა ეს მოტოციკლები. პიკაპის მარკის მანქანა იყო, რომელიც გადავარდა. დანარჩენი დეტალები არ ვიცი, უცხოელები არიან“, – განცხადა ნასყიდაშვილმა.

მანქანის გადავარდნის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავებულია.

„ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, რომ დაშავებულია 40 წლის მამაკაცი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ის ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავში, ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში გადაჰყავს.

ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. გადაკეტილია თუშეთის გზის გარკვეული მონაკვეთი.

თუშეთში მანქანის გადავარდნასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილიცდა დაშავებულიც საქართველოს მოქალაქეები არიან.

მათივე განმარტებით, სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში.

ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.