ვახტანგ ძაბირაძე – “ოცნება” ხელისუფლების გადაბარებაზე არც ფიქრობს”

ვახტანგ ძაბირაძე - "ოცნება" ხელისუფლების გადაბარებაზე არც ფიქრობს"პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, ნათია მეზვრიშვილის მთავარ პროკურორად შესაძლო გადაყვანა და მთავარი პროკურორის უზენაეს სასამართლოში შესაძლო გადასვლა რა პოლიტიკურ სურათს გვაძლევს? რას ალაგებს ბიძინა ივანიშვილი?
– საკმაოდ მარტივი ვითარებაა. არაფერი ახალი არ ხდება. ეს არის ის ვითარება, რომელიც ამ 30 წლის მანძილზე არაერთხელ გვინახავს. ქვეყანა იმართება ან სახელმწიფო ინსტიტუტებით ან სანდო ადამიანებით. ჩვენთან ინსტიტუტები არ მუშაობს. ამიტომ, ყველა ხელისუფლების პირობებში სანდო ადამიანების ხელით ხდებოდა მართვა. ეს ხდება ახლაც, ეს პროცესი მიმდინარეობს ხელისუფლებაში. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც სანდო ადამიანები გამოილევიან ხოლმე.
– ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების მოსაგებად ემზადება? საერთაშორისო პარტნიორები მინიშნებით ხელისუფლების გადაცემაზე საუბრობენ.
– ყველა ემზადება არჩევნებისთვის და ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ “ქართული ოცნება” არ ემზადება ხელისუფლების გადასაბარებლად. თუ ასე იქნებოდა, მაშინ ალოგიკურია ის, რასაც ვუყურებთ. პირიქით, სანდო ადამიანების მოძებნა და მათზე დაყრდნობა ხდება სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. აქ ყველაფერი გარკვეულია.
რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებისგან მინიშნებებს, ასეთი მინიშნებები მუდმივად იყო, როდესაც ზღვარი მოახლოვდებოდა, მაგრამ ეს მინიშნებები მაშინ იძენს რეალურ ხასიათს, როდესაც საზოგადოებაში ანალოგიური განწყობაა.
ჯერ საზოგადოება ორად არის გაყოფილი. ორივე ძალა, როგორც “ქართული ოცნება”, ისე ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, ორპოლუსიანი პოლიტიკური ვექტორი შეინარჩუნოს და თამაშიც ამ პოლუსებს შორის მიდის. თუ ეს დაიძლევა, მაშინ ყველაფერი იქნება რეალური.
– 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მესამე ძალა გამოჩნდება?
– ვნახოთ. სურათი უფრო გვიანი შემოდგომისთვის, ასე ოქტომბრისთვის გამოიკვეთება. რაც ხდება სახელისუფლო ფლანგზე, სრულიად ნათელი და გარკვეულია. რა მოხდება ოპოზიციურ ფლანგზე, ეს ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა გაირკვეს.
– გია ხუხაშვილმა თქვა: სააკაშვილი და ივანიშვილი ერთად უნდა გავიდნენ პოლიტიკური ავანსცენიდან, რომ ახალი პოლიტიკური პროცესი დაიწყოს ქვეყანაში. ეთანხმებით?
– როგორც ჩანს, არც ერთს უნდა წასვლა და არც მეორეს. ამიტომ, ახლა მთავარი საფიქრალია, როგორ შეიქმნას რეალური ალტერნატივა, მესამე ძალა, რომელიც ორივეს ჩაანაცვლებს. თუ გაჩნდება ასეთი ახალი ძალა, მერე უკვე მათ, ორივე ლიდერს, ანგარიშის გაწევა მოუწევთ და შეიძლება რაღაც მოხდეს კიდეც. თუ ასეთი ძალა არ შეიქმნება, მაშინ არც ერთი წავა და არც მეორე, ბოლომდე იბრძოლებენ. ამ ბრძოლაში კი შეიძლება ცუდი რამ მოხდეს.
– ცუდში რას გულისხმობთ?
– როდესაც დაპირისპირება ზღვარს აღწევს, მაშინ პროცესების პროვოცირება ძალიან მარტივია.
– საზოგადოების მთავარი პრობლემა მაინც არის ის, რომ რეალური ალტერნატივა არ ჩანს?
– დიახ. ერთი, მთავარი პრობლემა არის, რომ რეალური ალტერნატივა არ ჩანს და მეორე, საქართველოს მოქალაქეები, ამომრჩევლები მაინცდამაინც სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. თუმცა, რაღაც პოზიციები მაინც არსებობს თუ ოპოზიცია ზოგადად ჭკუით იმოქმედებს.
აშკარაა, რომ ამომრჩეველში მოთხოვნა არის. თუმცა, შეძლებს კი ოპოზიცია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას? ეს არის მნიშვნელოვანი კითხვა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ხელისუფლებაში ყველაფერი გარკვეულია, ახლა ოპოზიციაში უნდა დალაგდეს სურათი.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა