ვარშავაში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პარლამენტების სპიკერების სამიტი გაიმართა

ვარშავაში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პარლამენტების სპიკერების სამიტი გაიმართა5 ივნისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პარლამენტის სპიკერების სამიტი გაიმართა.

ეს ღონისძიება უკვე მეოთხედ ჩატარდა ვარშავაში, მაგრამ ამჯერად მას სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა _ 1989 წლის 4 ივნისს პოლონეთში პირველად გაიმართა თავისუფალი არჩევნები და წლევანდელი სამიტის მთავარი თემა კომუნიზმის დაცემა და ევროპაში დემოკრატიის განვითარება იყო.

სამიტზე მიწვეულები იყვნენ დისიდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც თავის დროზე ებრძოდნენ კომუნისტურ რეჟიმს და მათ საკუთარ თავზე იწვნიეს ამ სისტემის სისასტიკე. გარდა ამისა, პოლონეთის სეიმმა სხვადასხვა ქვეყნებიდან ჟურნალისტები მიიწვია, რომლებსაც საშუალება მიეცათ, გაემართათ საინტერესო შეხვედრები სეიმის მარშალ მარეკ კუჰჩინსკისთან და სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკისთან.

ვარშავაში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პარლამენტების სპიკერების სამიტი გაიმართამარეკ კუჰჩინსკიმ ბევრი ისაუბრა პოლონეთის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და თქვა, რომ პოლონეთში დემოკრატიული ფასეულობები ძალიან ძვირფასია, რადგან ეს ქვეყანა მხოლოდ დემოკრატიული გზით აპირებს მომავალში განვითარებას.

ამის გარდა, მან ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი დგას რიგი გამოწვევების წინაშე, რომლებიც მან უნდა დაძლიოს.

სენატის მარშალმა სტანისლავ კარჩევსკიმ საქართველო ახსენა და თქვა, რომ პოლონეთი მუდამ მხარს დაუჭერს საქართველოს ნატოში გაერთიანებას და ზოგადად ეს ორი ქვეყანა ყოველთვის შეინარჩუნებს ახლო ურთიერთობას.

სამიტზე სიტყვით აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტის სპიკერები გამოვიდნენ, თუმცა უფრო მეტი დრო დისიდენტებს დაეთმოთ, რომლებმაც თავიანთი ხედვა წარმოაჩინეს კომუნისტური სისტემის წინააღმდეგ და საკუთარი ისტორიები გვიამბეს.

საქართველოდან რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი იყო წარდგენილი. მან დაწვრილებით ისაუბრა  რუსეთის იმპერიალიზმზე და თქვა, რომ ეს ქვეყანა მუდამ ცდილობდა სხვა სახელმწიფოების საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევას.

სამიტი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და თითქმის ყველა იქ მყოფ დისიდენტს მიეცა სიტყვით გამოსვლის საშუალება. ჟურნალისტების მიმართ პოლონეთის მხარე ყურადღებას იჩენდა და მათ ყველა პირობა ჰქონდათ სამუშაოდ.

სამიტის დასრულების შემდეგ სტანისლავ კარჩევსკი და მარეკ კუჰჩინსკი სიტყვით გამოვიდნენ და იქ მყოფ საზოგადოებას მადლობა გადაუხადეს.

ბექა გოგინაშვილი, ახალი თაობა