პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ბოლო დღეების განმავლობაში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების და მათი ოჯახის წევრების მოსკოვში ვიზიტებს ეხმიანება.
“გაერთიანებული ოპოზიციიდან ერთი ეხლა მოსკოვში წავიდა, თურმე რუსეთის მოქალაქეა და იქ უნდა იმკურნალოს, ერთის მეუღლე კი საერთოდ კრემლში აღმოჩნდა, რაც პირველი შემთხვევა არ არის“ – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
შეგახსენებთ, 18 ივნისს, მოსკოვში, კრემლის სახელმწიფო სასახლეში მსოფლიოში ცნობილი ბალერინები და ბალერონები ყოველწლიურ ღონისძიებაზე დასასწრებად შეიკრიბნენ.
ტრადიციულად, ყოველ წელს, ივნისის თვეში აგრიფინა ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემია გამოსაშვებ საღამოს აწყობს, რომელსაც აღნიშნული აკადემიის ცნობილი აღსაზრდელები, ბალეტის ოსტატები და სხვა ცნობილი სახეები ესწრებიან.
2013 წლიდან, ვაგანოვას რუსული ბალეტის აკადემიის რექტორი რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძეა. წელს აკადემიის გამოსაშვებ ღონისძიებაზე ცისკარიძესთან ერთად მისი კოლეგები, მსოფლიო ბალეტის ცნობილი სახეები და მოსკოვის დიდი თეატრის ყოფილი ბალერინები: ნინო ანანიაშვილი, ილზე ლიეპა და ელენა ანდრიენკო სტუმრის სტატუსით იყვნენ მიწვეულნი.
აირესი

